დიზაინერები, ანუკი არეშიძე და ნინა ზარქუა წლებია მოდის სამყაროს მნიშვნელოვანი ფიგურები არიან. ორივეს აქვს გამორჩეული ხედვა, ინდივიდუალური სტილი და ძლიერი გავლენა ქართული მოდის განვითარებაზე. თუმცა პროფესიულ წარმატებასთან ერთად მათი მეგობრობა თვალში საცემია, რომელიც წლებთან ერთად კიდევ უფრო მტკიცე გახდა.
2025 წელს ნინამ თავის ინსტაგრამ გვერდზე ძველი მოგონება გააზიარა - ფოტო, რომელიც 2015 წელს ბათუმშია გადაღებული, წარწერით: "ბათუმი 2015".
ანუკი და ნინა ხშირად შოპინგობდნენ ერთად უცხოეთში, მოგზაურობდნენ, სტუმრობდნენ ერთმანეთს, აქვეყნებდნენ საერთო ფოტოებს და განუყრელი მეგობრები იყვნენ.
2018 წელს ცნობილი გახდა, რომ მათი მეგობრობა დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ წლების მანძილზე ორივეს არაერთხელ ჰკითხეს ინტერვიუებში, რა გახდა მიზეზი, ამ თემაზე საუბარს თავს არიდებდნენ, მაგრამ ვრცელდებოდა ჭორი, რომ ანუკი არეშიძემ ნინა ზარქუას ჩექმის მოდელის კოპირება დააბრალა... ქალების ჩხუბს კაცების ურთიერთობაზე არ უმოქმედია და ამისულაშვილი-კალაძე ისევ აგრძელებდნენ მეგობრობას. ცოტა ხნის წინ კი ნინამ და ანუკიმ ურთიერთობა აღადგინეს და ერთად კვლავ დიდ დროს ატარებენ.
ქართველი დიზაინერი ანუკი არეშიძე 1989 წლის პირველ ივლისს დაიბადა. ანუკი სწავლობდა Istituto Marangoni-სა და Accademia del Lusso-ში, მილანში. ჰქონდა სამოდელო კარიერა, თუმცა დაოჯახების შემდეგ ის აქტიურად დაკავდა საკუთარი ბრენდის შექმნითა და განვითარებით. ანუკი არეშიძემ საკუთარი ბრენდი Anouki 2013 წელს თბილისში შექმნა, თუმცა მას უკვე ევროპაშიც კარგად იცნობენ. დიზაინერი ქალის ხაზის ფეხსაცმელსა და ტანსაცმელთან ერთად, აქსესუარებსაც ქმნის. სულ ცოტა ხნის წინ ანუკი არეშიძემ საბავშვო ხაზის წარმოება დაიწყო, რომელსაც უმცროსი შვილის, ნიკოლასის სახელი დაარქვა. როგორც ცნობილია, ანუკი არეშიძე ფოტოგრაფიითაა გატაცებული. ის ბევრს მოგზაურობს და მინიმალისტურ, ესთეტიკურ კადრებს გამომწერებსაც ხშირად უზიარებს.
2013 წელსვე ანუკი არეშიძემ ფეხბურთელ კახა კალაძეზე იქორწინა.
"მე 18 წლის ვიყავი. კახა ჩემზე 11 წლით დიდია. იქ შევხვდით ერთმანეთს და უბრალოდ გავიცანით. ცოტა ხნის შემდეგ, როგორც მითხრა, პირდაპირი ჩართვა მქონდა და მაშინ ვუნახივარ. ყველაფერი ძალიან ნელა დაიწყო და განვითარდა ძალიან სწრაფად. 6 თვეში შევქმენით ოჯახი. კახი სიყვარულს ჩუმად, უთქმელად გამოხატავდა. თვალებით მესაუბრებოდა, ეს იყო ჩემთვის ყველაფერი. სხვა გოგონები ალბათ ცოტა გულდაწყვეტილებიც იყვნენ, როცა მის გვერდით მხედავდნენ" - ამბობდა მაშინ ანუკი.
კახა კალაძესა და ანუკი არეშიძეს ოთხი შვილი: ლევანი, კახაბერი, ვაჩე და ნიკოლასი ჰყავთ.
ნინა ზარქუა ქართული მოდის ერთ-ერთი გამორჩეული სახეა, რომლის დახვეწილი სტილი და გამორჩეული კაბები მუდმივად იქცევს საზოგადოების ყურადღებას. ის არამხოლოდ დიზაინერი, არამედ თავადაც განსაკუთრებულად გემოვნებიანი მოდის მიმდევარია, რაც მას ქართული მოდის სიმბოლოდ აქცევს. ნინას მეუღლე ფეხბურთელი, ალექსანდრე ამისულაშვილია, და მათ ერთად სამი შვილი ჰყავთ.
ნინა საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, ირაკლი ზარქუას უმცროსი დაა.
ჟურნალ "ბომონდთან" ინტერვიუში ნინა ზარქუა ოჯახსა და ძმაზე ჰყვებოდა: "უდარდელი ბავშვობა მქონდა, მიუხედავად იმისა, რომ 90-იან წლებს დაემთხვა. უფროსი და-ძმა მყავს, მე ნაბოლარა ვარ და ყველა მანებივრებდა. ის, რომ ქვეყანაში რთული პერიოდი იყო, მაშინაც ვხვდებოდი. დედა ერიდებოდა ჩვენს ქუჩაში გაშვებას.
გოგონები დამყოლები ვიყავით. ჩვენი ძმა კომაროვის სახელობის სკოლაში სწავლობდა და მთელი ოჯახი სულ მის მოლოდინში ვიყავით. მახსოვს, მეც ვნერვიულობდი... ჩემი ძმა მკაცრი იყო. სადაც უნდა ვყოფილიყავი, საღამოს შინ დროზე უნდა მივსულიყავი…“ - ჰყვება ნინა ინტერვიუში, რომელიც ძმის სიმკაცრის მიუხედავად ადრეულ ასაკში დაქორწინდა და ახლა სამი მოზრდილი შვილი ჰყავს...