ოზი ოსბორნი - მძიმე მეტალის უკვდავი ლეგენდა - Marao

ოზი ოსბორნი - მძიმე მეტალის უკვდავი ლეგენდა

2025-07-23 14:46:56+04:00

2025 წლის 22 ივლისს მუსიკის სამყარომ დაკარგა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და გავლენიანი ფიგურა ოზი ოსბორნი (Ozzy Osbourne). “ბნელი პრინცი”, როგორც ხშირად მოიხსენიებდნენ, გახდა სიმბოლო არა მხოლოდ მძიმე მეტალის, არამედ მთელი ეპოქის. მისი უნიკალური სცენური იმიჯი, არაორდინარული ხმა და შოკისმომგვრელი ქცევები სამუდამოდ დარჩება მუსიკის ისტორიაში.

  • ალენ დელონი: ანგელოზი თუ ეშმაკი? - მხარე, რომელსაც საკულტო მსახიობი საგულდაგულოდ მალავდა 

ozi_ozborn

ოზი ოსბორნის ბავშვობა და კარიერა

ჯონ მაიკლ ოსბორნი დაიბადა 1948 წლის 3 დეკემბერს ინგლისის ქალაქ ბირმინგემში. სკოლის წლებიდანვე იტანჯებოდა დისლექსიითა და სიღარიბით, თუმცა მუსიკამ მისთვის ახალი სამყარო გახსნა. ზედმეტსახელად 'ozzy' ჯერ კიდევ სკოლაში შეარქვეს კლასელებმა.

15 წლის ასაკში ოსბორნი სკოლიდან გარიცხეს და ოჯახის მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო მომავალი როკ-მუსიკოსი წყალსადენის ოსტატის დამხმარედ იწყებს მუშაობას. შემოსავალი ძალიან მცირე იყო და პატიოსანი შრომით მხოლოდ გროშების მოპოვება შეიძლებოდა, ამიტომ ყმაწვილმა ქურდობას მიჰყო ხელი. ჯონ ოსბორნი დააკავეს და რადგანაც ოჯახს არ ქონდა თანხა შვილი ციხისგან დაეხსნათ, ოზიმ ნახევარი წელიწადი ბირმინგემის ციხეში გაატარა.

ozi_ozborn

1968 წელს მეგობრებთან ერთად დაარსა ჯგუფი Black Sabbath, რომელიც საფუძვლად დაედო მძიმე მეტალს. სწორედ ამ ჯგუფის წყალობით, ოზი ოსბორნი მალე იქცა სუბკულტურის ხატად. სწორედ ამ პერიოდში მიიღო ოზიმ ზედმეტსახელი "ბნელი პრინცი".

1979 წელს, ჯგუფიდან გაძევების შემდეგ, ოზიმ დაიწყო სოლო კარიერა, რომელიც არანაკლებ წარმატებული აღმოჩნდა. მისი პირველი ალბომი Blizzard of Ozz შეიცავდა ჰიტებს Crazy Train და Mr. Crowley, რომლებმაც მყისიერი წარმატება მოუტანა. მას მოჰყვა არაერთი წარმატებული ალბომი, რომელთაც თან სდევდა ეპატაჟური კონცერტები, შოკისმომგვრელი იმიჯი და უცნაური სცენური ქცევები. 1982 წლის ერთ-ერთ კონცერტზე ლეგენდარულ მუსიკოსს, ოზი ოსბორნს, ფანმა მკვდარი ღამურა ესროლა, მომღერალმა კი პერფომანსისას ღამურას თავი მოაჭამა.

  • ქალი, რომელმაც კაცების მიერ ნაკარნახევ სამყაროში საკუთარი თავი შექმნა და ისტორიაში დარჩა: ამბავი კლეოპატრაზე 

ოზი ოსბორნის ოჯახი

1971 წელს ოზიმ პირველად იქორწინა - ტელმა რილისთან. 1975 წელს ჯგუფმა მენეჯერი შეიცვალა. Black Sabbath-ის ახალი მენეჯერი შერონ ოსბორნის, ოზის მომავალი მეუღლის მამა, დონ არდენი გახდა.

შერონმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ოზის ცხოვრებისეულ სტაბილურობასა და კარიერაში.

წყვილს ჰყავს სამი შვილი: ეიმი, კელი და ჯეკი. 2002 წელს ოჯახი მონაწილეობდა რეალითი-შოუში The Osbournes, რომელიც MTV-ზე გადიოდა და მაყურებელს წარმოდგენას აძლევდა ვარსკვლავის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. შოუ მსოფლიო სენსაციად იქცა და ოზის პოპულარობას კიდევ უფრო მეტად განამტკიცა.

ozi_ozborn

ჯანმრთელობის სირთულეები და უკანასკნელი წლები

2019 წლიდან ოზის ჯანმრთელობა საგრძნობლად გაუარესდა. რამდენიმე ოპერაციის შემდეგ 2020 წელს ოფიციალურად გამოცხადდა, რომ მას პარკინსონის დაავადება ჰქონდა. მიუხედავად ამისა, მუსიკოსი სცენაზე დაბრუნებას ცდილობდა. 2025 წლის 5 ივლისს გაიმართა მისი ბოლო კონცერტი მშობლიურ ბირმინგემში, ჯგუფ Black Sabbath-თან ერთად. ეს იყო ემოციური გამოსვლა, რომელიც მუსიკის ისტორიაში დარჩება როგორც ერთ-ერთი ყველაზე სიმბოლური გამოსათხოვარი კონცერტი. კონცერტს 40 000 ადამიანი დაესწრო და მილიონობით მაყურებელი უყურებდა ონლაინ.

  • ყველაზე გასაიდუმლოებული რომანი, რომლის შესახებაც სამეფო ბიოგრაფმა მხოლოდ ახლა გაამხილა: პრინცესა დაიანასა და ოლივერ ჰოარის სიყვარულის ამბავი 

ოზი ოსბორნის გარდაცვალება

ოზი ოსბორნი 2025 წლის 22 ივლისს გარდაიცვალა, 76 წლის ასაკში. ოჯახის წევრების თქმით, მუსიკოსი გარდაიცვალა მშვიდად, სახლში, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში.

მთელი მუსიკალური სამყარო დაემშვიდობა ლეგენდას, რომელიც არა მხოლოდ ჟანრის ფუძემდებლად, არამედ დაუმორჩილებელი სულიერი თავისუფლების სიმბოლოდ იქცა. მისი შემოქმედება კვლავაც შთაგონების წყაროა ათასობით მუსიკოსისთვის.