რეჟისორი, სცენარისტი, ქოფირაითერი, ბლოგერი, მწერალი, ინფლუენსერი — სანდრო ელოშვილის ბიოგრაფიაში იმდენი ტიტულია, ალბათ იფიქრებთ, რომ ერთი ადამიანისთვის მეტისმეტად ბევრიაო. თუმცა, როგორც თავად ამბობს, ეს უბრალოდ საკუთარი თავის ძიებაა.
თეატრალური სარდაფის სცენაზე მსახიობობით დაიწყო და დღეს უკვე თავად დგამს სპექტაკლებს მარჯანიშვილიდან რეგიონალურ თეატრში. დაწერილი აქვს პიესებიც. პანდემიის პერიოდში კი სცენარების წერის პროცესმა სრულიად ახალი ფორმა მიიღო — ასე დაიბადა „რომანი.ge“, ლიტერატურული სერიალი, რომელიც პოპულარული ჯერ ონლაინ სივრცეში გახდა, მოგვიანებით კი გამომცემლობა „პალიტრა L”-ის ლიტერატურულ კონკურსში - „გახდი ბესტსელერის ავტორი 2025-იც“ გაიმარჯვა და მალე, მკითხველის ხელში წიგნის სახით აღმოჩნდება.
როგორ იბადებიან პერსონაჟები, რატომ უჭირს თავისი ნაწერის დასრულება, რას ნიშნავს იყო გულწრფელი ავტორი, რომელიც ბოლომდე ვერ ელევა საკუთარ ისტორიას - გაიცანით „რომანი.ge“-ს ავტორი, „გახდი ბესტსელერის ავტორი 2025-ის“ გამარჯვებული, სანდრო ელოშვილი.
ბევრი რეგალია გაქვს, მსახიობიც იყავი, რეჟისორი, ბლოგერი, ინფლუენსერი... წერა როდის დაიწყე ზოგადად, და როგორ გაგიჩნდა რომანი.ge-ს დაწერის იდეა?
გამარჯობა, ვერ ვიტყვი რომ რეგალიები გამაჩნია ცხოვრებაში, ამას უფრო საკუთარი თავის ძიებას დავარქმევდი. სინამდვილეში, მსახიობობა იქნებოდა თუ ბლოგერობა, ბოლოს ვაანალიზებდი, რომ პროფესიებს ვირგებდი, რომელსაც ბევრი სწავლა, შრომა და მონდომება სჭირდება. წერა სკოლაში დავიწყე, მივხვდი - ჩემი ცუდი მეტყველების გამო, რასაც კომპლექსებით სავსე მორცხვობაც ემატებოდა, ურთიერთობისთვის წერა საუკეთესო საშუალება იყო. თითქოს ამ დროს უკეთ ვმართავ ჩემს აზრებს, უფრო ვალაგებ და ლამაზად ვფუთავ. რაც შეეხება „რომანი.ჯი-ს“, დაწერის იდეა პანდემიის დროს გამიჩნდა. სახლში ჩაკეტილობის დროს აღმოვაჩინე რომ ოჯახის წევრები ყველანი სერიალებს უყურებდნენ, ზოგი რას და ზოგი რას, მე კი ძალიან არ მიყვარს სერიალები, ამიტომაც გამიჩნდა იდეა, რომ სერიალ-რომანი დამეწერა, დღეში 2-3 გვერდი. თან თავს გავირთობდი შემოქმედებითად, რადგანაც პროფესიას, ანუ თეატრს სრულიად მოწყვეტილი ვიყავი და თანაც, დონ კიხოტივით გავილაშქრებდი სერიალებზე.
რატომ გადაწყვიტე, ლიტერატურული სერიალის ფორმატით აგეგო? სად გამოაქვეყნე პირველად და როგორი იყო მკითხველის ჩართულობა?
როგორც ყველა წამოწყება, ესაც დიდი ენთუზიაზმით დავიწყე, დღეში ერთ თავს, ე.წ. სერიას ვაქვეყნებდი და მკითხველი ჩემი მეგობრები იყვნენ სოციალური ქსელებიდან. წიგნის გამოცემის სურვილი არასდროს მქონია, თუმცა მწერლობის მცდელობები მქონია. უფრო პატარა მოთხრობების სახით, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, და ამის გამო ხშირად ალბათ საფუძვლიანი კრიტიკაც დამიმსახურებია, რომ თეატრში სპექტაკლზე მუშაობისას უხეშად ვერევი პიესის ავტორების ტექსტებში. ამან იქამდეც მიმიყვანა, რომ 2-3 პიესაც მაქვს დაწერილი პირადი მოხმარებისთვის, და შემდეგ დადგმული.
ის ფაქტი, რომ ხარ სცენარისტი და რეჟისორი, როგორ აისახება შენს წერის სტილზე?
არ ვიცი რამდენად გამაჩნია წერის სტილი, თითქოს ყოველთვის ჩემს პერსონაჟებს ვეფარები, ვფიქრობ როგორ მოყვებოდა ესა თუ ის ადამიანი კონკრეტულ ამბავს და მერე ვცდილობ მისი ხასიათიდან გამომდინარე გადმოვცე ამბავი, შეიძლება ეს იყოს ჟარგონული თხრობის სტილი, შეიძლება აკადემიური. რეჟისორის პროფესიიდან გამომდინარე, ჩემთვის პირველ რიგში პერსონაჟებია მნიშვნელოვანი და საინტერესო, რომლებიც რაღაც დოზით ჩემში ცხოვრობენ, მაგრამ მაინც განსხვავებულები არიან, მხოლოდ ამის მერე ვიწყებ სიუჟეტზე ფიქრს. ძალიან იშვიათად ხდება ისე, რომ ვიცოდე, რა მოხდება ბოლოს - ასე თითქოს თავს ვიცავ და გარდაუვალი ფინალისთვის არ ვწერ, პირიქით - მუდმივად გავურბივარ ბოლოს, დასასრულს, როგორც ცხოვრებაში. გინახავთ სადმე ადამიანი, რომელიც იბადება იმისთვის, რომ უნდა მოკვდეს? ასეა აქაც, რაც მგონია რომ სიცოცხლის ხალისს აძლევს ტექსტს.
შენს ავტობიოგრაფიაში წერია, რომ ერთადერთი დასრულებული რომანია. მანამდე ბევრს წერდი და რატომ არასოდეს ასრულებდი?
დასასრული ყოველთვის მიჭირს, წერაშიც, პირადშიც, ცხოვრებაშიც… ვფიქრობ ზედმეტად მიყვარდება ხოლმე რასაც ვაკეთებ, ზედმეტად ვიწყებ იმ ნაჭუჭში ცხოვრებას და მერე მენანება ეს ყველაფერი ფინალისთვის… ამიტომაც ბევრ რამეს ჩემს ცხოვრებაში ღიად ვტოვებ, მგონია რომ ასე ვაძლევ შანსს, იყოს ცოცხალი...
რომან თარხნიშვილი — შენი რომანის გმირი , რამდენად ახლოსაა ეს პერსონაჟი შენთან? არის თუ არა გამოყენებული ნამდვილი ამბები, თუ მთლიანად შენი ფანტაზიის ნაყოფია?
რა თქმა უნდა, მთავარი პერსონაჟი, ისევე როგორც მოთხრობილი ამბები, ჩემი ისტორიებია. არა პირდაპირი, არა ასლი, უბრალოდ ესაა ამბები და ადამიანები, რომლებიც მინახავს, მათზე მსმენია, ან გამიფიქრია. შეიძლება სხვანაირად იყო ყველაფერი, მაგრამ მე ასე დავინახე, მე ასე დამამახსოვრდა. სხვა მხრივ გამოგონია ყველაფერი, ასე კონკრეტული ისტორია და პერსონაჟი არ გადმომიტანია, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სახელი და გვარი ჩემი მეგობრებისაა. ქრთამებსაც ვიღებდი, ვინც ჩემთან მოდიოდა სტუმრად, თუკი კოლოფ სიგარეტს წამომიღებდა, მის სახელს ან გვარს რომანში მოვახვედრებდი. შეიძლება პერსონაჟს სახელი ერთი ადამიანის ჰქვია, ხასიათი მეორესი აქვს და წარმოსახვითი ვიზუალი მესამესი. მოკლედ თავში დაგროვილი კადრების კრებულია.
წიგნის სათაურს რა დატვირთვა აქვს?
სათაურის დატვირთვა უბრალოა. Ge მოგეხსენებათ ინტერნეტ სივრცეში მიუთითებს, რომ კონკრეტული გვერდი ქართული წარმომავლობისაა. ამ შემთხვევაშიც, რადგანაც ეს ტექსტი გათვლილი იყო ინტერნეტისთვის, ამით ხაზი გავუსვი, რომ ეს არის ქართული რომანი, ანუ ჩვენი ისტორია.
როგორი იყო მენტორთან მუშაობის პროცესი? ბევრი რამ შეცვალეთ თავდაპირველი ვერსიიდან? ვისაც უკვე წაკითხული აქვს შენი ნამუშევარი, მათთვის რა იქნება სიახლე, წიგნის ვერსიაში?
მენტორთან მუშაობა საინტერესო იყო, მაგრამ ალბათ ძალიან შემაწუხებელი და გამაღიზიანებელი თავად მენტორისთვის, რადგანაც ძალიან მიჭირს უკვე დასრულებულ ისტორიაში ცვლილებები შევიტანო, გადავიკითხო, ახლიდან დავიწყო, რაც ალბათ ადამიანისთვის, რომელიც გგულშემატკივრობს და შენთვის კარგი უნდა, ძალიან გასაბრაზებელი მდგომარეობაა. ბოლომდე ძალიან ცოტა ადამიანს გავანდე ამბავი, კითხვა ყველას შეწყვეტილი აქვს შუაში და წლების წინ, ასე რომ შეიძლება მეტად გაიღიმონ, რადგანაც ის დრო, რომელიც ახლა უკვე წარსულია, სხვანაირად ჩანს დღევანდელობიდან.
ხომ არ გეგმავ ამ სფეროში უფრო გააქტიურებას? ან აწ უკვე დაწერილი ტექსტების დასრულებას? თუ რამე ისეთი გლობალური უნდა მოხდეს, როგორიც კოვიდის პანდემია იყო?
ისეთი გლობალური ნუღარ მოხდება ნურაფერი, როგორიც პანდემია იყო და საერთოდ წიგნს აღარ ავიღებ ხელში, ისე კი ვფიქრობ, კიდევ რაღაც ამბები, რომელიც ჩემს თავში ტრიალებს, გადმოვიტანო ტექსტად. ვნახოთ, პირველ მცდელობას რა რეაქციები მოჰყვება.
როგორი მოლოდინები გაქვს, წიგნის გამოსვლის შემდეგ?
ზუსტად არ ვიცი, როგორი მოლოდინები მაქვს, არ ვიცი ხალხი როგორ შეაფასებს, ერთი ის ვიცი, რომ გულწრფელი ვიყავი, შეიძლება ეს დაეტყოს ამ ყველაფერს და ზედმეტად კრიტიკულები არ იყვნენ.
წიგნი - ლიტერატურული სერიალია. ერთი თავი წარმოადგეს ერთ სერიას. რომანი ერთდროულად კომედიაცაა, ტრაგედიაც, და სახალისო, გასართობი, რომანტიკული დრამაც. მოქმედება ვითარდება Covid პანდემიის დროს, თბილისში. „რომანი.ge-ს“ მთავარი გმირი რომან თარხნიშვილია, ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ყველაფერი ადვილად გამოსდის და რაც არ გამოსდის, სხვები აკეთებენ მის მაგივრად. აქ ვერ შეხვდებით გადაულახავ სირთულეებს, მანამ, სანამ...
ლადო იოსებაძე - რედაქტორი:
როგორ შეაფასებთ სანდრო ელოშვილის ნამუშევარს? როგორც სინოფსისში ვკითხულობთ, ერთდროულად რამდენიმე ჟანრს მოიცავს. რა არის ის მთავარი კრიტერიუმი, რაც მის ნაწერს გამოარჩევს სხვებისგან?
ავტორს ყველაფერზე შეუძლია იხუმროს და ეს ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, რომ კარგი და დახვეწილი იუმორი მივიღოთ. ამიტომ სანდრო ელოშვილის რომანში ჩვენ ვხვდებით ხუმრობას ტაბუდადებულ თემებზეც.
სანდრო პროფესიით რეჟისორი და სცენარისტია. იგრძნობა თუ არა ეს მის წერის სტილსა და რომანის სტრუქტურაში? თხრობის სტილის სპეციფიკას როგორ შეაფასებდით?
რომანის კითხვისას არ გვტოვებს განცდა, რომ თითქოს ეს სადღაც უკვე გვინახავს, ყველაფერი განგვიცდია, არა პირდაპირ, არამედ ფორმისეულად, განწყობით და ვგრძნობთ კვეთას წარსულის ღირებულ ნიმუშთან. სანამ ბოლომდე გავშიფრავთ, თუ რასთან გვაქვს საქმე, ავტორი თავადვე იხსენებს გენიალური ფედერიკო ფელინის „ამარკორდს“. მართლაც, ეს ხომ ამარკორდისეული ესთეტიკაა.
როგორ ფიქრობთ, რას შემატებს ეს რომანი თანამედროვე ქართულ ლიტერატურას და რატომ უნდა წავიკითხოთ?
იუმოით, ხალისით გაგვახსენებს ჩვენს გუშინდელ დღეებს, ტკბილსაც და მწარესაც, ყოველგვარი ხელოვნური შეგრძნებებისა და პროვოკაციული სცენების გარეშე...
(R)