„კარის მოპირდაპირედ კედელს მიჰყრდნობოდა და იღიმოდა. სულ ასე იქცეოდა. მნიშვნელობა არ ჰქონდა, ერთი კვირის უნახავი ჰყავდა თუ ერთი საათის. ჯერ შორიდან უღიმოდა საყვარელ ქალს, მერე თანდათან მიუახლოვდებოდა და ბოლოს ისე ჩაიკრავდა გულში, თითქოს ეშინია, არ დამეკარგოსო.“
„...შიშით ვცხოვრობდი წლების განმავლობაში. ყოველ ღამეს. არ ვიცი, როდის გახდა ასეთი, როდის დაკარგა ადამიანის სახე. დაუცველობის შეგრძნებით ვივსებოდი მისი დანახვისას. ცრემლები იყო ჩემთვის შვება. მხოლოდ ცრემლები...მის მოქნეულ მუშტს ცრემლებს ვუპირისპირებდი. სხვა იარაღი არ მქონია. თხოვნაზე მაშინ გადავდიოდი, როცა ხმას იმაღლებდა. უხმოდ ვიტანდი ტკივილს. ყელში გაჩხერილ ცრემლიან, მლაშე ბურთს, რომელიც სუნთქვას მიძნელებდა, გაჭირვებით გადავაგორებდი და ვთხოვდი, რომ არ ეყვირა. არ მინდოდა ბავშვებს გაღვიძებოდათ და მისი ცხოველური სახე ენახათ...“
„ქალები, ვისი „დანაშაული“, უბრალოდ, ქალად დაბადება იყო და მეტი არაფერი. მათ უნდა მოეთმინათ, გაეძლოთ, გაჩუმებულიყვნენ, სხვების დასანახად გაეღიმათ, არავისთვის ეჩვენებინათ ტკივილი... კესანემ იცოდა, რამდენი ძალისხმევა, როგორი გამბედაობის გამოვლენა უწევდა თითოეულს საიმისოდ, რომ ეჩივლა ქმრისთვის, მამისთვის, თანამშრომლისთვის, მეზობლისთვის... საზოგადოებისგან კი, მხარდაჭერის ნაცვლად, გამკიცხავი ვარაუდები _ „ალბათ გამოიწვია“, „თუ ქალს არ უნდა, ვერავინ ვერაფერს გაუბედავს“, „კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება“ და სხვა მრავალი _ მიეღოთ და აეტანათ.“
“გახსოვს, პირველად რომ მოვიდნენ სამართალდამცველები? ხელები გადამიგრიხეს და, როგორც უკანასკნელი ნაბიჭვარი, მანქანაში შემტენეს ყველას თვალწინ, ხომ გახსოვს? მაშინ თვალი რომ ამარიდე, მეგონა მოვკვდებოდი, რადგან შენ განაჩენის გამოტანამდე დაიჯერე ჩემი დანაშაული.”
“მისთვის უმნიშვნელოვანესი დღე იყო, არ ჰქონდა ცუდად ყოფნის უფლება. ნიღაბი უნდა მოირგოს, გამარჯვებული, ყოვლისშემძლე, ძლიერი ქალის ნიღაბი. ვერ იტანდა, მაგრამ ამ ნიღბის მორგება უწევდა ხოლმე. ღვინის ჭიქა აიღო და გაიღიმა. ახლა ყველაფერი უნდა გაეკეთებინა, რომ მის ღიმილში სიყალბე არ დაენახათ.”
“მკერდზე ქვეყნის დროშა მაქვს გამოსახული, ათასობით გულშემატკივარი ქვეყნის დროშას აფრიალებს, მთელი სტადიონი კონკრეტული მოთამაშის გვარს კი არა, ქვეყნის სახელს გაიძახის. როცა ნაკრებში ვთამაშობ, მგონია, რომ სხვა სამყაროში ვარ. სხვა შემართებით ვთამაშობ. მგონია, რომ ჩემი დარტყმული საჯარიმო უფრო ძლიერია, ჩემი პასი უფრო ზუსტი, ჰიმნის შესრულებისას კი მეშინია ფილტვები არ გამისკდეს. აქ ჯდომა ჩემთვის წამებაა.”
“დედა არ განძრეულა. თავაწეული, მშვიდად იდგა. სიამაყე, რომელსაც ბზარი მაშინ გაუჩნდა, როცა ქმარმა პირველად დაარტყა და რომელიც წლების განმავლობაში შემოეძარცვა, რაღაც ძალით დაებრუნებინა. იდგა ამაყი და მშვიდად იმეორებდა: - დიახ, განქორწინება და შენგან გათავისუფლება მინდა.”
“რაც თავი მახსოვს, სულ ვსწავლობდი და რისთვის?ვიღაც აყროლებულმა ტიპებმა სამსახურში აყვანის სანაცვლოდ ათასი საშინელება რომ შემომთავაზონ? იმისთვის, რომ ვეღარ შევძლო მამაკაცთან ერთად მარტო დარჩენა? მაგის მერე გასაუბრებაზე აღარ წავსულვარ. ვერ გადავლახე შიში, ზიზღი თუ რაც არის, სახელს რომ ვერ ვარქმევ დღემდე. მას შემდეგ მეთერთმეტე სართულზე ფეხით ავდივარ, რომ ლიფტში უცხოსთან ერთად არ აღმოვჩნდე; შიშით ტაქსით ვერ ვსარგებლობ; პიცასაც კი ვერ ვიძახებ, როცა სახლში მარტო ვარ.“
„ახლა სხვებს ვასწავლი, ძირითადად, გოგონებს. ვასწავლი, როგორ უნდა დაიცვან თავი; ყოველთვის აგებინონ პასუხი მოძალადეს, არ გაჩუმდნენ და ილაპარაკონ ძალადობაზე, ძალადობის ყველა შემთხვევაზე, რომელიც მათ ან სხვებს გადახდენიათ. დუმილი ზოგჯერ დანაშაულია. როცა არაფერს ამბობ, ამით დამნაშავეს აქეზებ, ხელს უწყობ, ახალი დანაშაული ჩაიდინოს. თუ ხმა ამოიღე, დამნაშავე იმალება, რადგან ის მშიშარაა და მხოლოდ უმწეო ადამიანებზე შეუძლია ძალადობა.“
„რატომ არ ლაპარაკობო, მსაყვედურობენ. რა ვთქვა? არ ვიცი, ვინ იყვნენ. ვუჩივლო? ვის? სამ
ტიპს? ისიც არ ვიცი, როგორ გამოიყურებიან. შეიძლება მაღაზიაში, სალაროსთან რიგში, ჩემ წინ
რომ ბიჭი იდგა, ის იყო. ან ის სანიტარი, საავადმყოფოში რომ მივლიდა. იქნებ ის კურიერი, გუშინწინ რომ პიცა მოატანინა დედამ ჩემთვის? არ ვიცი და ზუსტად ეგ გაურკვევლობა მშლის ჭკუიდან.
ვერ ვიცხოვრებ ქალაქში, სადაც ვიღაც არაკაცები თავისუფლად დადიან და შეიძლება ნებისმიერ
დროსა და ადგილას შემხვდნენ. სანამ აქ ვიქნები, ვერავის გავუღიმებ გულწრფელად. სულ იმის შემეშინდებ, რომ იქნებ... აქედან წასვლაშია ჩემი ხსნა.“
„ხშირად ვფიქრობ შენზე, შეიძლება იმაზე ხშირად, ვიდრე საჭიროა. ზოგჯერ უაზრობები ამეკვიატება და შიში მიპყრობს. ათასი კითხვა მაქვს, პასუხები - არა. კითხვა მაქვს, მაგრამ დასმას ვერ ვბედავ, რადგან პასუხების მეშინია.“
„მიხვდა, კესანეს დიდი ხნის წინ ჰყავდა გამოტირებული. როგორც საფლავის გარეშე გამოიგლოვებენ ოჯახის დაღუპულ წევრს და მხოლოდ წლების შემდეგ, როცა ნეშტს მიწას მიაბარებენ, იჯერებენ მის გარდაცვალებას. ზუსტად ასე, კესანემ ექვსი წლის წინ დაასაფლავა მათი სიყვარული, ოღონდ საბოლოოდ სიყვარულის „გარდაცვალება“ ახლა დაიჯერა, როცა დათოს დანაშაულში დარწმუნდა. არანაირი საყვედური, არანაირი ბრაზი, არანაირი სინანული... მხოლოდ რეალობა.“
„სოციალური ქსელიდან დაწყებული ბევრი ძალადობის, სექსუალური შევიწროების, მუქარისა თუ შანტაჟის ფაქტი ახსოვს. ძნელი იყო ზღვრის გავლება ხუმრობით და სერიოზულად დაწერილს შორის. რა სძენს სოციალურ ქსელში გამოქვეყებულ ამა თუ იმ სტატუსს, კომენტარს სახუმარო იერს? წინადადების ბოლოს დასმული რომელიმე „სმაილი“? იქნებ ის, როგორ ქვეტექსტს მოუძებნიან შენს ნაწერს და რასთან დააკავშირებენ?“
„ბავშვები რომ გაჩნდნენ, ცოტა შემეშვა. მათ თვალწინ ხმამაღლაც კი არ მელაპარაკeბოდა. 20 წელი ვიცხოვრეთ ერთად და მხოლოდ ერთი დადებითი თვისება ვუპოვე: შვილს ქალის პატივისცემას ასწავლიდა. ვუსმენდი და ყურებს არ ვუჯერებდი. მოძალადეებს, როგორც წესი, უნდათ შვილებიც დაიმსგავსონ. მერე გულთან ისეთი ტკივილი ვიგრძენი, მეგონა მოვკვდებოდი. იცოდა, როგორ უნდა მოჰქცეოდა ღირსეულად ქალს და ყოველდღე ჩემს ღირსებას ფეხქვეშ თელავდა. თავიდანვე უღირსი ვიყავი მის თვალში, მაგრამ რატომ, არ ვიცი. არ უცდია სხვა ქალი დაენახა ჩემში. ერთხელაც არ უცდია, რომ რაღაც გამხარებოდა, თავი შეეყვარებინა, ბედნიერი ოჯახი გვქონოდა.“
„არსებობენ ადამიანები ჩვენს ცხოვრებაში, რომელსაც ისე კარგად ვიცნობთ, როგორც საკუთარ თავს. ვიცით, რაზე არიან წამსვლელები. ათასმა ადამიანმა რომ გვითხრას მასზე ცუდი, მილიონი მტკიცებულება რომ გvqონდეს, მისი მაინც გვჯერა და ბოლომდე კბილებით ვიცავთ.“
„იმის ჩვენებით, რომ ჩემთვის დასაყრდენი იყო, იმასაც მაჩვენებდა, რომ მის გარეშე მყარად ვერ ვიდგებოდი, დავეცემოდი და წამოსაყენებლად ხელს არავინ გამომიწვდიდა. ბოლოს გადავწყვიტე, რომ ცდად ღირდა. რომ უნდა მეცადა. მის გარეშე თუ ვერ ვიცხოვრებდი, თუ
დავეცემოდი, დაე, ასე ყოფილიყო. მეცოდინებოდა მაინც, რომ ვცადე. თურმე შესაძლებელი ყოფილა. მეგობარს შეკედლებულმა გავიღვიძე, ჩემ გვერდით არ იწვა და მე შევძელი, რომ ახალი დღე მის გარეშე დამეწყო. არ დავეცი. არც კი წავბორძიკდი.“
(R)