ლეგენდარული იტალიელი მსახიობის ვაჟმა, კარლო პონტიმ ქართველ გოგონაზე, მარიამ შარმანაშვილზე იქორწინა. ქორწილი 26 ივლისს თბილისში შედგა.
წყვილმა ქორწილი ქართული ტრადიციების დაცვით ჩაატარა. ჯვრისწერა სამთავროს მონასტერში გაიმართა, სადაც იტალიელმა სიძემ ჩოხა მოირგო, ხოლო მარიამი ქართული ტრადიციული ნაციონალური სამოსით იყო წარმოდგენილი. და რა თქმა უნდა, წყვილმა ქართული ცეკვა, დაისიც შეასრულა.
ვაჟის ქორწილს სამწუხაროდ ვერ დაესწრო სოფი ლორენი, თუმცა მან ვიდეო მიმართვა გამოუგზავნა წყვილს, რის შემდეგაც მარიამმა და კარლომ კიდევ ერთი ცეკვა შესთავაზეს სტუმრებს. მარიამმა ცეკვის დროს ლაშა ჟოხაძის შექმნილი ულამაზესი თეთრი კაბა მოირგო.
სოციალურ ქსელში კარლომ მარიამის ქორწილის ფოტოები გამოაქვეყნა და ემოციურად მიმართა მეუღლეს.
"დასამახსოვრებელი დღეა - 2025 წლის 26 ივლისი, ჩვენს საყვარელ თბილისში, საქართველოში! ჩემი ემოციები სიმფონიის ნოტებს ჰგავს - ჰარმონიაში მოცეკვავეს და სიხარულით სავსეს, იმ ცხოვრების მოლოდინში, რომელიც წინ გველოდება! მიყვარხარ,მარიამ უსასრულოდ!
გპირდები, პატივს გცემ და მოგეფერები ყოველ დღე - ერთგულებითა და თავდადებით.
მე შენ აგირჩია, მარიამ, იყო ჩემი ცოლი, ჩემი პარტნიორი, ჩემი მეგობარი, ჩემი სიყვარული და ჩემი შუქი." - წერს კარლო პონტი.
ცნობილი დირიჟორის, 54 წლის კარლო პონტისა და ზუმბას მოცეკვავის, ფიტნესინსტრუქტორის, მარიამ შარმანაშვილის შესახებ უამრავი სტატია დაიწერა.
აღმოჩნდა, რომ წყვილის სიყვარულის ისტორია თითქმის 2 წელს ითვლის. რომანი 2021 წლის 14 მარტს მარიამის ფოტოზე მიწერილი კომპლიმენტით დაიწყო.
კარლო პონტი საქართველოს პირველად ქართველი მეცო-სოპრანოს, ნინო სურგულაძის მოწვევით ესტუმრა. მაშინ ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ მოგვიანებით უცხო ქვეყანაში საყვარელ ქალს იპოვიდა და ხშირად მოუწევდა ჩამოსვლა.
„კარლოს ძალიან უყვარს ქართველი ხალხი და ქართული კულტურა, საქართველოზეა შეყვარებული. შარშან საქართველოში შეხვდა ახალ წელს. წელს ვერ მოხერხდა ახალი წლის ერთად შეხვედრა. ევროპაში ყოფნის ლიმიტს გადავაჭარბე ორი დღით, შეზღუდვა მქონდა ექვსი თვე, რომლის ვადაც თებერვალში გადის. ჯერ წასვლა-წამოსვლები გვექნება. არის გარკვეული გარემოებები, რის გამოც ვერც მე მივდივარ და ვერც ის ჩამოდის. ახლა ჰქონდა კონცერტი ამერიკაში თავის შვილთან ერთად, რამაც ძალიან კარგად ჩაიარა. ასეთი ამბები ძალიან მახარებს ხოლმე, რადგან მათი წარმატება ჩემთვის სასიხარულოა.
ძალიან მიხარია, რომ მერგო პატივი და სოფი ლორენს, რომელიც ლეგენდაა, ვიცნობ. შარშან ჟენევაში ორი თვით მომიწია ყოფნა და საკმაოდ დავახლოვდით, მასთან სტუმრობა ხშირად გვიწევდა. ბევრი საინტერესო ამბავი მოგვიყვა.ჩვენ ზოგადად გვაქვს წარმოდგენა, რომ დიდი ლეგენდები დისტანციით გამოირჩევიან, მაგრამ ასე ნამდვილად არაა. მისგან დისტანცია არ მიგრძნია. ჩემს შვილს თავისი პრიზები დაათვალიერებინა. დემეტრეს "ოსკარი" დააჭერინა ხელში. ფილმში მეგონა თავი. ასეთი განცდა ხშირად მქონია. იმდენად დაუჯერებელია ჩემთვის ეს ყველაფერი, რაც ჩემ გარშემო ხდება“, – ამბობდა მარიამი.