დღეს ლეგენდარული ქართული ნაციონალური ბალეტის, "სუხიშვილების" ოჯახის წევრს, ინგა თევზაძეს (სუხიშვილების რძალს), 84 წელი შეუსრულდა. იგი თენგიზ სუხიშვილის მეუღლეა და წლების განმავლობაში თავადაც ცეკვავდა ანსამბლში – მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული ცეკვის განვითარებასა და პოპულარიზაციაში.
როგორც "სუხიშვილების" ტრადიციაა, ცნობილი ანსამბლი თავის წევრებს განსაკუთრებულად ულოცავს დაბადების დღეს. წელსაც, "სუხიშვილების" ოფიციალურმა გვერდმა გამოაქვეყნა მოკლე, ემოციური ვიდეომიმართვა, სადაც აღნიშნულია:
"ქალბატონ ინგა თევზაძეს ვულოცავთ დაბადების დღეს! 84" – წერია ვიდეორგოლის აღწერაში.
ნინოსა და ილიკოს საქმე შვილმა, თენგიზ სუხიშვილმა გააგრძელა. ის იყო ქართველი მოცეკვავე, ქორეოგრაფი, ქართული ნაციონალური ბალეტის ყოფილი დირექტორი. საქართველოს სახალხო არტისტი, თბილისის საპატიო მოქალაქე.
„ბავშვობიდან ვცეკვავდი. 14 წლის ვიყავი, ანსამბლთან ერთად ბუქარესტის ფესტივალის ლაურეატი რომ გავხდი, თუმცა ექიმობა უფრო მინდოდა, ქირურგია მაინტერესებდა. მერე მოსკოვში დიპლომატიურზე ჩაბარება მოვინდომე, მაგრამ მამამ მითხრა, შენ რომ მოსკოვში წახვიდე, ეს ნიშნავს, ცეკვას მოწყდე. ერთადერთი შვილი ხარ, ნიჭი გაქვს და მინდა, ეს საქმე გააგრძელო, ამიტომ რაიმე ისეთ ფაკულტეტზე შედი, რომ უმაღლესი განათლება გქონდეს და ამაში ხელი არ შეგეშალოსო. პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მსუბუქი მრეწველობის ფაკულტეტი დავამთავრე – „ბოჭკოვანი ქსოვილების ტექნოლოგია“, მაგრამ სპეციალობით არც ერთი წუთით არ მიმუშავია.პარიზში ვიჩხუბე. ჩემს ადგილზე ყველა ქართველი მამაკაცი ისევე მოიქცეოდა. არაბების უბანში, კაფეში ვვახშმობდით მე და კიდევ ერთი მოცეკვავე, ჩემი მეგობარი ბიჭი და ორი მოცეკვავე გოგონა. გოგონები მაღალ სკამებზე ისხდნენ. ორი არაბი შემოვიდა, ჩაუარეს ჩვენს გოგონებს და უკან მოუსვეს ხელი. მე ეს დავინახე და როგორ ფიქრობთ, თვალები უნდა დამეხუჭა? წამოვხტით ორივე, ვეცით ამ არაბებს და დავცხეთ. მოვარდა პოლიცია, დაგვადეს ბორკილები ოთხივეს და წაგვიყვანეს. იქ გაირკვა, ვინც ვიყავით. დაურეკეს მამაჩემს. მახსოვს, როგორ შემოვარდა, შე შობელძაღლო, ეგღა მაკლდა, საფრანგეთის მილიციაშიც ვყარო ფული შენ გამოსაშვებად, საქართველოს მილიცია არ მეყოფოდაო? იმან გადაგვარჩინა, რომ ის არაბები არაერთხელ ყოფილან შემჩნეული ასეთ საქმეებში და პოლიციასაც ბევრჯერ ჰყოლია გაფრთხილებული... 20-25 წლის ბიჭები ვიყავით. უცხო ქვეყანაში ჩავდიოდით, სადაც სიცოცხლე დუღდა, ოთახში შეკეტილებს რა გაგვაძლებინებდა? სასტუმროში რომ დავბინავდებოდით, პირველ რიგში, „ჩორნი ხოდებს“ ვეძებდით, როგორ შეიძლებოდა ჩუმად გაძრომა. სახანძრო კიბეებით ვიპარებოდით, რაღაცა სარდაფებში გვიძრომიალია. ჯგუფზე მომაგრებული ჩეკისტი ამ დროს სასტუმროს ვესტიბიულში იჯდა და იწერდა, ვინ რა დროს გავიდოდა და შემოვიდოდა.
ინგა ბათუმში გავიცანი. იქ მამასთან ერთად იყო. შევხედე და მომეწონა, მაგრამ არაფერი მითქვამს. რამდენიმე დღეში სამხრეთ ამერიკაში წავედი სამთვენახევრით. იქიდან რომ ჩამოვედი, ვხედავ, ეს გოგო ანსამბლში, რეპეტიციაზეა. თურმე, დედასაც მოსწონებია და უთქვამს, წამოდი, ცეკვას გასწავლიო. სამი წლის შემდეგ დავქორწინდით. 25 წლის ვიყავი, ინგა 21-ის იყო... მისი მშობლები ჩემი წინააღმდეგნი იყვნენ. მე მაშინ ცოტა ხულიგანი ბიჭის სახელი მქონდა და... ერთხელ მე და თენგიზ კიტოვანი შუაღამისას მივადექით ამის გამო ჩემს სიმამრს სახლში. მთვრალები ვიყავით, რას ჰქვია, ქალს არ მატან, თუ მინდა, ახლავე წავიყვან-მეთქი. მერე ყველაფერი ნორმალურად მოხდა. გამომატანდნენ, აბა, რას იზამდნენ, ერთმანეთი გვიყვარდა, მაგრამ მანამდე ერთი საინტერესო რამ მოხდა: თენგიზ კიტოვანს ინგა ძალიან მოეწონა და სისხლით დამაწერინა ხელწერილი, ინგა ძალიან კარგი გოგოა, შენ დღეს ერთი გინდა, ხვალ – მეორე და ზეგ – მესამე, ასე აღარ გამოვა, ხელწერილი დაწერე, რომ ინგა ცოლად მოგყავსო. ხელი გადამისერა, ახლაც მეტყობა ნაიარევი. პიკასოს რეპროდუქციების წიგნი იყო, იმაზე სისხლით მაქვს დაწერილი, რომ ინგა ცოლად მინდა და მე და კიტოვანი ვაწერთ ხელს. ჩემს სიდედრს ახლაც აქვს სადღაც ეს შენახული” - იხსენებდა საკუთარი ცხოვრების შესახებ თენგიზ სუხიშვილი. თენგიზ სუხიშვილი ინგა თევზაძეზე იყო დაქორწინებული.
„ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ვსწავლობდი, როცა თენგიზი ჩემს ცხოვრებაში შემოიჭრა. რაღაც დროის შემდეგ მივხვდი, რომ ჩემი ჟურნალისტობა ნაკლებად დამჭირდებოდა. როცა დავამთავრე, მოსკოვში წავედი, თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტში, ბალეტმეისტერის ფაკულტეტზე ჩავაბარე. მინდა, გავიხსენო ის დრო, როცა ჟურნალისტიკაზე ვსწავლობდი. მაშინ პირდაპირ სკოლიდან არ იღებდნენ უმაღლესში. თუ მიიღებდნენ, ძალიან პატარა პროცენტით. მამაჩემმა მომაწყო მეცნიერებათა აკადემიაში უბრალო ლაბორანტად. იქ მუშაობდა ქალბატონი ნინოს სიძე (დისშვილის ქმარი) მურთაზ ჯაფარიძე. მურთაზი რომ გავიცანი, სულ იმას მეუბნებოდა, თენგიზ სუხიშვილი ჩემი ცოლის დეიდაშვილია და აუცილებლად უნდა გაგაცნოო. ამას არ ვაქცევდი ყურადღებას, მაგრამ, ეტყობა, ჩემი ბედი იყო, რადგან ბათუმში რომ ჩავედი, მურთაზიც იქ ვნახე და თენგიზიც.
მაშინ გავიცანი ქალბატონი ნინოც, 52 წლის იყო, თენგიზი – 22-ის, მე – 17-ის. დაველაპარაკეთ ერთმანეთს, მათ ძალიან მოვეწონე და შემომთავაზეს მათთან ანსამბლში მისვლა. იმხანად სხვანაირი სიტუაცია იყო. სუხიშვილების ანსამბლში გოგონების ცეკვა ბევრად მარტივი იყო, ვიდრე ვაჟების. გოგონები მხოლოდ გარეგნობით ფასდებოდნენ.
აღმოჩნდა, რომ ბევრი საერთო გვქონდა მე და თენგიზს: ერთნაირი წიგნი, ერთნაირი მწერალი, მხატვარი მოგვწონდა. ეტყობა, ამანაც ითამაშა დიდი როლი. მერე რაღაც დროით თენგიზი სამხრეთ ამერიკაში წავიდა რამდენიმე ბიჭთან ერთად და, როცა ჩამოვიდა, უკვე ანსამბლში დავხვდი.
1960 წლის დეკემბერში მივედი ანსამბლში და 1968 წელს გავთხოვდი. შეიძლება ახლანდელ ახალგაზრდებს გაუკვირდეთ კიდეც, მაგრამ მაშინ ასე იყო მიღებული, ჩვენი მშობლების დროსაც 5 წელი მაინც ხვდებოდნენ ერთმანეთს და მერე ქორწინდებოდნენ. ჩვენ არ გვქონდა გადაწყვეტილი ოჯახის უცებ შექმნა.
ქალბატონ ნინოს არ მოსწონდა, როცა ანსამბლის წევრებს შორის რამე ხდებოდა. ასეთივე მკაცრი იყო შვილის მიმართაც. არ მოსწონდა ჩვენი ხშირი ურთიერთობა და გვითხრა კიდეც, თქვენ ძალიან შეტოპეთ და ეს არ მომწონსო.
ერთხელ, ავსტრიაში გასტროლებზე ყოფნისას, დანიშნულ დროს 5 წუთი გადავაცილეთ. დგას ავტობუსი, ყველა ადგილზეა და ჩვენ არ ვართ. მე და თენგიზი კინოში შევედით. ვერ განვსაზღვრეთ დრო და 5 წუთი დაგვაგვიანდა. ატყდა ერთი ამბავი, ეს არაფრით შეიძლებოდა. ქალბატონმა ნინომ თენგიზს უთხრა: “დაიმახსოვრე: შენც ანსამბლის ისეთივე წევრი ხარ, როგორიც დანარჩენები, სამსახურში შენ ჩვენი შვილი არ ხარ და ამისთანა რამეს ადგილი აღარ ჰქონდეს!”.
ჩვენს დაქორწინებას ქალბატონი ნინო და ბატონი ილიკო ნორმალურად შეხვდნენ. ორივეს ძალიან ვუყვარდი, სასურველი რძალი ვიყავი. უბრალოდ, მათ არ მოსწონდათ ჩვენი ასეთი გატაცება ერთიმეორით, რადგან ეს ხელს უშლიდა პროფესიულ საქმიანობას. ყველასთვის იყო აკრძალული, ჩვენთვისაც და მორჩა! თუმცა ანსამბლში ბევრი წყვილი დაქორწინდა”, - იხსენებდა ინგა თევზაძე „სარკესთან“ ინტერვიუში. დღეს ბებია-ბაბუისა და მამის საქმეს უმცროსი ილიკო და ნინო აგრძელებენ. ისინი ანსამბლთან ერთად მთელი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობენ, აცნობენ ქართულ კულტურას სხვადასხვა ხალხს და, შეიძლება ითქვას, "სუხიშვილები" უკვე ბრენდად აქციეს.