ოზი ოზბორნი ბოლო გზაზე გააცილეს – ბირმინგემში გულშემატკივრებმა უკანასკნელი პატივი მიაგეს - Marao

ოზი ოზბორნი ბოლო გზაზე გააცილეს – ბირმინგემში გულშემატკივრებმა უკანასკნელი პატივი მიაგეს

2025-07-31 11:45:12+04:00

მძიმე მეტალის ერთ-ერთი უდიდესი ფიგურა, ლეგენდარული მუსიკოსი ოზი ოზბორნი, 2025 წლის 22 ივლისს გარდაიცვალა. მისი გარდაცვალება მსოფლიო მუსიკალურ სცენაზე ეპოქის დასასრულად შეფასდა.

30 ივლისს, ინგლისის ქალაქ ბირმინგემში, ოზის მშობლიურ ქალაქში, ოჯახის წევრები, მეგობრები და ათასობით გულშემატკივარი შეიკრიბა, რათა პატივი მიეგოთ მუსიკოსის ხსოვნისთვის.

შერონთან, ჯეკთან და კელისთან ერთად ოზის სხვა ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ. მოწიწებით მდგომი ხალხი ქუჩებში იცდიდა, სანამ ოზის სამგლოვიარო ავტოკოლონა მის მშობლიურ ქალაქში გადაადგილდებოდა. შერონი გზად გაჩერდა და „ბნელი პრინცის“ სახელზე არსებულ მემორიალი ყვავილებით შეამკო.

ozzy

ozzy

ozzy

ozzy

ozzy

  • ოზი ოსბორნი - მძიმე მეტალის უკვდავი ლეგენდა 

ოზი ოსბორნის ოჯახი და კარიერა

ჯონ მაიკლ ოსბორნი დაიბადა 1948 წლის 3 დეკემბერს ინგლისის ქალაქ ბირმინგემში. სკოლის წლებიდანვე იტანჯებოდა დისლექსიითა და სიღარიბით, თუმცა მუსიკამ მისთვის ახალი სამყარო გახსნა. ზედმეტსახელად 'ozzy' ჯერ კიდევ სკოლაში შეარქვეს კლასელებმა.

15 წლის ასაკში ოსბორნი სკოლიდან გარიცხეს და ოჯახის მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო მომავალი როკ-მუსიკოსი წყალსადენის ოსტატის დამხმარედ იწყებს მუშაობას. შემოსავალი ძალიან მცირე იყო და პატიოსანი შრომით მხოლოდ გროშების მოპოვება შეიძლებოდა, ამიტომ ყმაწვილმა ქურდობას მიჰყო ხელი. ჯონ ოსბორნი დააკავეს და რადგანაც ოჯახს არ ქონდა თანხა შვილი ციხისგან დაეხსნათ, ოზიმ ნახევარი წელიწადი ბირმინგემის ციხეში გაატარა.

1968 წელს მეგობრებთან ერთად დაარსა ჯგუფი Black Sabbath, რომელიც საფუძვლად დაედო მძიმე მეტალს. სწორედ ამ ჯგუფის წყალობით, ოზი ოსბორნი მალე იქცა სუბკულტურის ხატად. სწორედ ამ პერიოდში მიიღო ოზიმ ზედმეტსახელი "ბნელი პრინცი".

ozzy

1979 წელს, ჯგუფიდან გაძევების შემდეგ, ოზიმ დაიწყო სოლო კარიერა, რომელიც არანაკლებ წარმატებული აღმოჩნდა. მისი პირველი ალბომი Blizzard of Ozz შეიცავდა ჰიტებს Crazy Train და Mr. Crowley, რომლებმაც მყისიერი წარმატება მოუტანა. მას მოჰყვა არაერთი წარმატებული ალბომი, რომელთაც თან სდევდა ეპატაჟური კონცერტები, შოკისმომგვრელი იმიჯი და უცნაური სცენური ქცევები. 1982 წლის ერთ-ერთ კონცერტზე ლეგენდარულ მუსიკოსს, ოზი ოსბორნს, ფანმა მკვდარი ღამურა ესროლა, მომღერალმა კი პერფომანსისას ღამურას თავი მოაჭამა.

1971 წელს ოზიმ პირველად იქორწინა - ტელმა რილისთან. 1975 წელს ჯგუფმა მენეჯერი შეიცვალა. Black Sabbath-ის ახალი მენეჯერი შერონ ოსბორნის, ოზის მომავალი მეუღლის მამა, დონ არდენი გახდა.

შერონმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ოზის ცხოვრებისეულ სტაბილურობასა და კარიერაში.

წყვილს ჰყავს სამი შვილი: ეიმი, კელი და ჯეკი. 2002 წელს ოჯახი მონაწილეობდა რეალითი-შოუში The Osbournes, რომელიც MTV-ზე გადიოდა და მაყურებელს წარმოდგენას აძლევდა ვარსკვლავის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. შოუ მსოფლიო სენსაციად იქცა და ოზის პოპულარობას კიდევ უფრო მეტად განამტკიცა.