აჩიკო ბერიძე ბავშვობიდან მღერის და პოპულარობაც პატარა ასაკიდან მოსდევს, თუმცა ჯგუფმა „ალილომ“ და პროექტმა „მიმღერემ“ მისი ცნობადობა და საზოგადოების მისდამი სიყვარული სულ სხვა მასშტაბში აიყვანა.
მომღერალი ქალაქ ბათუმში, მუსიკალურ ოჯახში დაიბადა.
"ჩვენთან სულ სიმღერის ხმა ისმოდა. მღეროდა დედა, ბაბუა, დეიდა. მამა უსმენდა ჯაზ-როკ- ალტერნატიულ მუსიკას. მერე მე გიტარაზე შემიყვანეს, სადაც აღმოაჩინეს, რომ ხმაც მქონდა და სმენაც. ამის შემდეგ, მთელი ოჯახი ელოდა, რას ვიმღერებდი რეპეტიციაზე.
სულ თეატრში ვიყავი, იქ ვიზრდებოდი. ბატონი გიზო ჟორდანია იყო რეჟისორი, არაჩვეულებრივი პედაგოგები გვყავდა და საოცარი სანახაობები იდგმებოდა. მართლა ზღაპრული ბავშვობა მქონდა. უშუქობაც გემრიელად, ოჯახურად გადავიტანეთ და მართალი გითხრათ, არც მიგრძნია 90-იანების სირთულეები. ჩემი მშობლები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ის სიდუხჭირე ნაკლებად შეგვხებოდა მე და ჩემს დას. ამიტომ ძალიან კარგი მოგონებები მაკავშირებს იმ დროსთან.
იურისტი ვარ. ბავშვობიდან ვიცოდი, რომ იურისტი უნდა გავმხდარიყავი. მამა, ბიძა, ბაბუა, ყველა იურისტია - მოსამართლეები, პროკურორები და მეც მომახვიეს თავს ეს პროფესია. სხვათა შორის, ძალიან კარგად ვსწავლობდი. წითელ დიპლომზე დავამთავრე უნივერსიტეტი, მაგისტრატურაც გავიარე და იქაც კარგად ვსწავლობდი, მაგრამ ვხვდებოდი, რომ აბსოლუტურად სხვაგან ვიყავი. უფროსი რომ შემოდიოდა, მთხოვდა, მე რომ შემოვდივარ, მაგ დროს მაინც მოიხსენი ყურსასმენებიო. ძალიან გამიმართლა, რომ დღეს საყვარელ საქმეს ვაკეთებ. როცა არ გიყვარს და მაინც აკეთებ, არ გამოგდის, არც შენზე მოქმედებს ეს კარგად და არც სხვაზე. ამიტომ, ჩემს პირველ პროფესიას მშვიდად დავემშვიდობე. მხოლოდ იმას ვნანობ, რომ წლები, რომელიც იმ პროფესიის შესასწავლად დავხარჯე, მუსიკალური თვალსაზრისით რომ გამომეყენებინა, ახლა ბევრად წინ ვიქნებოდი. დღეს თავიდან ბოლომდე მუსიკაა ჩემი ცხოვრება, შეიძლება ითქვას, მე ამით ვცხოვრობ" - ამბობდა მომღერალი.
აჩიკო ბერიძემ ცოლი 2016 წელს მოიყვანა. მისი მეუღლე ნუცა ყანჩაველი გახლდათ, რომელთანაც ორი შვილი ჰყავს, თუმცა წყვილი 2022 წელს დაშორდა. 2 წლის წინ მუსიკოსის ცხოვრებაში განსაკუთრებული ეტაპი დაიწყო, როცა მისი გზა ბავშვობის სიყვარულთან, ანა შამილაძესთან კვლავ გადაიკვეთა.
ანა შამილაძე ტელეჟურნალისტია. მან „აჭარის ტელევიზიაში" მუშაობა 9 წლის წინ დაიწყო, დღეს კი საავტორო გადაცემა აქვს. ანამ ვრცლად მისი და აჩიკოს სიყვარულის შესახებ fortuna.ge-სთან ინტერვიუში ისაუბრა:
"ეს არის მართლა ისტორია, რომლებსაც ადამიანები სპექტაკლებისა და ფილმებისთვის სცენარებად წერენ. ჩვენ შემთხვევაში ეს ბუნებრივად გამოვიდა. ბაღშიც ერთად დავდიოდით და სკოლის პირველი კლასიდან ერთად მოვდივართ, თუმცა ჩვენი მჭიდრო ურთიერთობა უკავშირდება სტუდიას „ბავშვთა ოპერა“, სადაც უამრავი ბავშვი დადიოდა. იქ განსაკუთრებულად დავახლოვდით, ის იყო ჩემი ყველაზე ახლო მეგობარი, ჩემი მესაიდუმლე, ყველაფერს ვუყვებოდი, რაც ხდებოდა ჩემს ბავშვურ ცხოვრებაში. თუ ვინმე მაწყენინებდა, რამე მესიამოვნებოდა ან ვინმე მომეწონებოდა, ყველაფერს მას ვუმხელდი.
თავად ახლა ამბობს, რომ მისი პირველი სიყვარული ვიყავი, მაგრამ ისეთი ბავშვები ვიყავით, ამას ვერ გავუმხელდით ერთმანეთს. 15-16 წლამდე ჩვენი მეგობრობა გრძელდებოდა, მერე მე ჩემს გზაზე წავედი, აჩიკო – თავისაზე და იშვიათად ვნახულობდით ერთმანეთს. როცა აჭარის ტელევიზიაში დავიწყე მუშაობა, აჩიკოს ხშირად ვიწვევდით სტუმრად და თითქოს რაღაც მოხდა. ბოლო სტუმრობა იყო საკრალური, დამპატიჟა თავის საღამოზე. მე ბოლომდე მეგონა, რომ ეს მიწვევა მეგობრული იყო, მაგრამ ისე მოხდა, რომ მას შემდეგ, მესამე წელია, რაც ერთად ვართ… 32 წელია ვიცნობთ ერთმანეთს - გამოდის, რომ 29 წლის შემდეგ აჩიკო ბერიძემ თავისი პირველი სიყვარული დაიბრუნა.
მგონია, რომ ჩვენი სიყვარული უპირობოა. კონკრეტული მიზეზები, თუ რატომ მიყვარს და რატომ ვუყვარვარ, არ არსებობს. ეს სიყვარული ხომ 32 წლის წინ დაიწყო… ჩვენი სიყვარული არის ბავშვურიც და ზრდასრულიც. პირველი და მნიშვნელოვანი არის ნდობა. ჩვენთვის ერთგულება ძალიან მნიშვნელოვანია. ორივე ლომები ვართ ზოდიაქოთი. ერთგულებასა და ნდობაზე დგას ჩვენი ურთიერთობა. ნდობას მოჰყვება უამრავი ბენეფიტი, რომანტიზმი, ქალ-ვაჟური აღმაფრენები, როცა ნდობა არსებობს, წყვილს შორის ფუნდამენტური სიმშვიდეა, რომელზეც ბევრი რამის დაშენება შეიძლება…", - ამბობს ანა შამილაძე ინტერვიუში.