ზურა ხაჩიძისა და ხათუნა ჟორდანიას ქალიშვილი ანასტასია ხაჩიძე იუბილარია.
უფროსმა დამ, ნინი ქარსელაძემ დაბადების დღეს გულთბილი სიტყვებით მიულოცა: "გილოცავ ჩემო განსაკუთრებულო, ჩემო ერთადერთო, ბედნიერი უნდა იყო".


ქალიშვილის დაბადების დღე მიულოცა ხათუნა ჟორდანიამაც: "შენ ჩემი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალე", - წერს ის. ანასტასიამ საჯარო მილოცვა მიიღო მამისგან, ზურა ვერავისგანაც: "მამას გოგო 19 წლის გახდა! გილოცავ და მიყვარხარ!"
როგორც მშობლები განმარტავენ, ანასტასიას ეკრანზე გამოჩენა და ყურადღების ცენტრში ყოფნა არ უყვარს. ამიტომ ოჯახის წევრებთან ერთად სატელევიზიო გადაცემებს იშვიათად სტუმრობს.
ანასტასია ბავშვობიდან დასთან ნინი ქარსელაძესთან ერთად ინტენსიურად მღეროდა. დღეს მას სულ სხვა ინტერესის სფეროები გაუჩნდა. როგორც ირკვევა, ანასტასია ძალიან კარგად ცეკვავს.
ანასტასია დამოუკიდებლად ცხოვრობს ინგლისში და მშობლებისა და დისგან სრულიად განსხვავებულ პროფესიას ეუფლება.

ზურა შვილზე საუბრისას ამბობს, რომ პროფესია თავად აირჩია.
"განათლების გზაც თავად ამოირჩია. დღეს ანასტასია ინგლისშია, დამოუკიდებლად მოემზადა და ჩააბარა… გადაცემებში სულ ძალით დაგვყავდა. ბავშვობიდან არ უყვარდა ეკრანზე გამოჩენა… ძალიან აღიზიანებდა, როცა ქუჩაში ცნობდნენ. არაჩვეულებრივი სმენა ჰქონდა, სასწაულად მღეროდა, ერთ-ერთმა საოპერო პედაგოგმა მოჰკიდა ხელი და წაიყვანა, უნდა მოვამზადოო, არ გაგაფუჭებინებთ ესტრადაზეო, მაგრამ კლასიკურ განათლებას სჭირდება ბევრი შრომა, წვალება, ნებისყოფა, მივედით იქამდე, რომ მან სხვა გზა აირჩია…“ - თქვა ზურა ხაჩიძემ.
ზურა ხაჩიძემ და ხათუნა ჟორდანიამ ერთმანეთი დუეტის ჩაწერის დროს გაიცნეს. კომპოზიტორ რუსა მორჩილაძეს იდეა დაებადა, რომ ხათუნა ჟორდანიას ქალიშვილ ნინი ქარსელაძესთან ერთად ჩაეწერა სიმღერა. დუეტი შედგა და მალევე ჰიტად იქცა. "ვატყობდი, რომ ზურას მოვწონდი, მაგრამ ეს სერიოზულად არ მიმიჩნევია, რადგან ჩემზე გაცილებით უმცროსი იყო. ბიჭებს არაერთხელ დაურეკავთ ჩემთვის და უთქვამთ, ზურა საწოლიდან ვერ დგება, ისე ენატრები და შენი ნახვა უნდაო. იყო პერიოდი, როცა ზურა თავისი გრძნობით მაბრაზებდა კიდეც. ჩვენ სამებაში დავიწერეთ ჯვარი. თითქმის ყველა ჟურნალის გარეკანზე ჩვენი ფოტოები იყო დაბეჭდილი" - იხსენებდა ხათუნა ჟორდანია.
ხათუნა ჟორდანიამ 3 წლის წინ მძიმე დაავადება – სიმსივნე დაამარცხა და იმედი გახდა ონკოლოგიური პაციენტებისთვის, რომლებსაც ამ რთული ეტაპის გავლა უწევთ. ამ ბრძოლაში ხათუნასთან ერთად მისი მეგობრები და ოჯახის წევრებიც იყვნენ და ყოველთვის გვერდით ედგნენ. ნინი ქარსელაძე ხშირად აქვეყნებდა ინფორმაციასა და ფოტოებს დედის ჯანმრთელობის შესახებ. მისმა პოსტმა, რომ ხათუნამ სიმსივნე დაამარცხა, უამრავი ადამიანი გაახარა.