"რა დაწერს იმ ყველაფერს რაც თავში მიტრიალებს, არ ვიცი, მაგრამ პირველი სერიის დაწერას შევეცდები.
ელდარზე თუკი ოდესმე გავბრაზებულვარ, მხოლოდ იმიტომ, რომ ელდარი იყო საშინლად მიმნდობი, მიამიტი და ცხოვრების ბოლომდე ლაღი ბავშვური იმედით უყურებდა ყველა ადამიანს.ასეთ ადამიანებთან მუმლი თუ ტურა ყველაზე ბედნიერია და ელდარიც რაღაც გაურკვევლობაში ამოყოფდა ხოლმე თავს, რაზეც მისი გარშემომყოფები გაცილებით მეტს ვღელავდით ვიდრე თვითონ.
ელდარი ყველაზე მეტად მიყვარდა იმიტომ, რომ იყო საშინლად მიმნდობი, მიამიტი და ცხოვრების ბოლომდე ბავშვური იმედით უყურებდა ყველა ადამიანს, ზოგადად უყვარდა ‘’ადამიანი’’.ჯერ მხოლოდ ადრეული ფილმებით რომ დავიწყო, საკუთარ თავს ‘’კრედიტს’’’ არ უწერდა, რაც დიდ სურათში არც ისე სწორი ნაბიჯი მგონია.
ჩემ ცხოვრებაში ელდარს ცუდი არავისზე არ უთქვამს; გადაჭარბების გარეშე, ერთხელ არ გამიგია უარყოფითად ეხსენებინა რომელიმე კოლეგა, ან რაიმე წყენა დაეტოვებინა. როცა ვინმე მის მიმართ დიდ შეცდომას დაუშვებდა, ხშირად პასუხსაც არ სთხოვდა.
მახსენდება რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ელდარს უწევდა პასუხი ეგო სხვის შეცდომებზე და აზრად არ მოსვლია, რომ საჯაროდ ეთქვა სიმართლე, დაესმინა ან ეჩივლა დამნაშავეებისთვის, რომლებიც ბოროტად სარგებლობდნენ ელდარის სახელითა თუ ხასიათით.არასდროს არ უპასუხია არცერთ ცრუ ბრალდებაზე, რომლის ნაწილიც ახლაც დევს ინტერნეტში.მართლა, არ ვიცი და არ მყოფნის რესურსი გავიგო, როგორ შეიძლება ასეთ ტალახს იმ ღიმილით დახვდე, რომელიც ელდარს სახიდან არასდროს არ გადადიოდა.
სიკვდილის დროსაც როცა ნელ-ნელა გონებას კარგავდა, სულ ბოლოს უპრეტენზიოდ გვითხრა: ‘’კარგად ვარ, კარგად, არაფერი არ მინდა’’. ამის მერე რამდენიმე დღე კითხვებზე პასუხს აღარ გვცემდა.ხელს ყოველთვის ორნაირად აწერდა, ან ‘’შერეკილი ელდარი’’ ან ‘’ბიძია-ბაბუა’’ და 8 დღე სიკვდილსაც ასე ებრძოდა. ჩვენ ვიცოდით რომ ვერ მოერეოდა, მაგრამ ელდარის სხეული ჯიუტად იბრძოდა.არ ვიცი რას ეუბნებოდა, დამაცადეთ უნდა გავფრინდეო, თუ გრენლანდიის გატანას ცდილობდა ისევ.არ ვამბობ იმიტომ, რომ ბაბუაჩემია, უბრალოდ რაღაც ნამდვილად ჰქონდა ისეთი ჩაუქრობელი, რამაც უფროსი თუ უმცროსი აატირა 92 წლის ადამიანის გარდაცვალებაზე, არადა თითქოს კანონზომიერიცაა ამ ასაკში წასვლა.
მარტო ელდარს შეეძლო ეს პოლარულად განსხვავებული ხალხი შეეკრიბა ერთ ჭერ-ქვეშ და ჩვენც ზემოთ ვიყურებოდით, გვინდოდა გაგვეგო, ბიაზი გასკდა! ერთი დიდი ორ-სათაურიანი ფილმი იყო მისი დაკრძალვაც და პრინციპში მთელი ცხოვრებაც. ასეთი სინათლე და ტრაგედია, რაც ელდარის ცხოვრებას ლაიტმოტივად დასდევდა, არც ისე ხშირი მგონია.
მასზე მსჯელობისას ზუსტად ეს ეშლებათ, რომ სწორხაზოვნად ლაპარაკობენ. ავიწყდებათ მაგალითად ის, რომ კი, დაიბადა ნიჭიერი/ცნობილი წყვილის ოჯახში, მაგრამ საშინლად უჭირდათ, სულ პატარა დაობლდა და ასე გაგრძელდა, პატარაობიდან ბოლომდე ტრაგედია და სინათლე ანაცვლებდნენ ერთმანეთს.
ასაკთან ერთად ელდარი დაუცველი ხდებოდა და მეც ხშირად მინდოდა გადავფარებოდი. ესეც რა საინტერესოა, როცა დგება ის დღე და უმცროსი უფროსის დაცვას იწყებს.
ელენიკოს გარდაცვალების შემდეგ, თითქოს თითო წელი აკლდებოდა, ნაოჭებიც კი არ უჩნდებოდა, უქრებოდა და ნელ-ნელა ემსგავსებოდა იმ პატარა ლურჯთვალება ბიჭს ბავშვობის სურათებიდან.სწორედ ამიტომ, ბოლო დროს ელდარის არასწორ კონტექსტში ხსენება, მისი სახელის გამოყენება, ან რაიმე ტიპის მიკუთვნება მის ექსპლუატაციად მიმაჩნია.
ელდარი თვითონაა ვერტიკალური და თანაც ბრუნვადი, იმაზე ბევრი ძაფი დატოვა, ვიდრე მე ახლა ჩამოვთვლი.მისი ფილმების ფრაზები იცვლიან კონტექსტს და სიხშირეს, ეს ვიცით, მაგრამ ელდარი სინამდვილეში ამაზე ბევრია - როცა ცენზურაზე ვლაპარაკობთ უცებ იქ გაგვახსენებს თავს, ან ცხრა აპრილის შეფასებისას გამოჩნდება, თუნდაც კინოცენტრზე ბრძოლისას ყოველთვის იქაა, რადგან პირველმა სწორედ მან გაილაშქრა; და ბოლოს, როცა ქართულ დროშას ააფრიალებენ, ცოტა ელდარი ხომ იქაც ყოველთვის იქნება.
არათუ შეხედულება ან აზრი, თუ კი რამე ინსტინქტი მაქვს თავისუფლების შეგრძნებასთან დაკავშირებით, ყველაფერი ელდარისგანაა. ჰოდა, ბოლოს, შვილიშვილის პერსპექტივიდან. დამიტოვა ერთადერთი კითხვა, რომელიც არ მასვენებს. რა უნდა ვქნა მე? ვუპასუხო ყველაფერს რაც უპასუხოდ დატოვა? ჩემი გასაკეთებელია და ეს ვალი დამიტოვა ერთაოზივით გასასტუმრებლად?
დეტალურად დავწერო რატომ არ ჩანდა ბოლო 3 წლის მანძილზე? ჩამოვთვალო, რეჟისორის გარდა რამდენი კრედიტი ეკუთვნის? წავაშლევინო ის ვიდეო, რომელშიც ელდარზე ტყუილს ავრცელებენ? და თვითონ აზრად არ მოსვლია, ერთხელ მაინც გაეცა პასუხი? დავიარო იმ ანგაჟირებული 50 ადამიანის კომენტარები და დავუწერო, რომ შეთითხნილი ტყუილია რასაც წერენ და არასდროს ელდარს იარაღი არ ჰქონია? ან დიდი სტატია ხომ არ მივუძღვნა ქართულ მედიებს, რომლებმაც ისე გაავრცელეს დაკრძალვის კადრები, თითქოს მხოლოდ ელდარისთვის სრულად უცნობი ხალხი ესწრებოდა მის გაცილებას? რომ შაბიამნის ახალი პარტია მაინც მოჰქონდა, როცა არ გვინდოდა? მივუთითო, რომ სულ პირიქითაც შეეძლოთ კადრები დაედოთ, რადგან მართლა, ელდარისეულად, ყველა შეხედულების თუ რჯულის ადამიანი მოდიოდა ეს ოთხი დღე? უფრო მკაფიოდ ვთქვა ვინ ვინ არის საქართველოში? მე გავარკვიო, ვის საიდან შეაქანა? და როდიდან იყო ეს ბზარი? ალბათ არა, არა.
უნდა ვისწავლო ელდარის ღიმილი. ჩვენი საყვარელი ღიმილი. ამ კაცს ასახსნელი არაფერი არ აქვს, რადგან სიყვარული ვერტიკალურია და თანაც ბრუნვადი. ამიტომ ჩვენ აუცილებლად გავფრინდებით.
ელდარ, დიდი მადლობა ამ გულღია თავისუფლებისთვის, რომელიც მგონი მარტო მე არ მასწავლე.თავისუფლებისთვის, რომელიც აუცილებლად გადაგვარჩენს", - წერს სოციალურ ქსელში ელდარ შენგელაიას შვილიშვილი, მსახიობი ნატალია ჯუღელი.
ნატალია ჯუღელი - ვარსკვლავური ოჯახის კიდევ ერთი მარგალიტი
ნატალია ჯუღელი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ახალგაზრდა მსახიობია, რომლის კარიერაც ბოლო წლებში დინამიკურად ვითარდება როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო არენაზე. მისი პროფესიული გზა მჭიდროდ არის გადაჯაჭვული პირად და ოჯახურ ისტორიასთან. ნატალია დაიბადა კინემატოგრაფისტთა ოჯახში. მისი ბებია და ბაბუა, ელდარ და არიადნა შენგელაიები, ქართული კინოს კლასიკოსები არიან, ხოლო დიდი ბაბუები - ნიკოლოზ შენგელაია და ნატო ვაჩნაძე - ქართული მუნჯი კინოს პიონერები.
ნატალიამ თეატრალური განათლება მიიღო შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც 2016 წელს დაასრულა. მან მეორე კურსზე სოფოკლეს "ანტიგონეში" ითამაშა, რამაც გზა გაუკვალა დიდი სცენისკენ.
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ნატალიამ ლონდონში, LAMDA-ს (ლონდონის დრამატული ხელოვნების აკადემია) ერთსემესტრიანი პროგრამა გაიარა, სადაც გაიღრმავა ტექნიკური უნარები და პროფესიულ გარემოშიც იმუშავა.
წაიკითხეთ ამბავი სრულად