_ სერიოზულად?! _ თვალები ლამის შუბლზე აუვიდა ნიცას, ავტოფარეხში ბაიკის წინ რომ აღმოჩნდა.
_ შენ არ თქვი, ჰაერი არ მყოფნისო?! _ დადიანმა ისეთი სახე მიიღო, თითქოს საერთოდ ვერ ხვდებოდა, რა იყო აქ გასაკვირი.
_ მერე, რომელი ჟანგბადის ბალონი ეს ნახე?
_ დამიჯერე, ნიცა, უკეთესია! _ კიდევ ერთხელ ჩაუკრა თვალი და მოულოდნელად ჩამოაცვა ჩაფხუტი.
ისე სწრაფად მოხდა ყველაფერი, გააზრებაც ვერ მოასწრო, რომ უკვე ბაიკზე იჯდა და თანაც, წინ. ვერ უარყოფდა, არაერთხელ უოცნებია დადიანთან ერთად მისი „ჰარლით" მგზავრობაზე, მაგრამ ახლა ოცნების ასრულებით გამოწვეულ სიხარულს კი არა, შიშს უფრო გრძნობდა. აი, სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს ტყუილებმა. თითებიც კი გაეყინა მღელვარებისგან. რა ჯანდაბის გამო დასვა წინ? რამე ისე რომ ვერ გააკეთოს? ველოსიპედითაც კი წლებია აღარ უსეირნია და ახლა პირდაპირ „დიდ ავიაციაში" მოუხდა შებიჯება.
_ ნუ მიყურებ მასე. _ გაეცინა თორნიკეს, ბაიკი ზედ შემომჯდარ ნიცასთან ერთად გარეთ რომ გააგორა და ეზოდან გავიდნენ. თვითონ ჯერ არ ჩქარობდა დაჯდომას, გართობის წუთებს იხანგრძლივებდა, მაგრამ როცა შენიშნა, რომ მასზე მიშტერებულ ცისფერ თვალებში შიში თანდათან იზრდებოდა, თვითონაც ჩამოიცვა ჩაფხუტი.
_ უკან მე დავჯდები, რა...
_ გასასეირნებლად კი არ მიმყავხარ, ჟანგბადით უნდა ავავსოთ შენი ფილტვები! _ გაუცინა და რამდენიმე წამში ზურგზე აეკრა.
მხოლოდ გულში კი არა, მთელს სხეულში გრძნობდა პულსაციას, ძრავა როცა აღმუვლდა. თვითონ რომ არ მოუწევდა მართვა, იმას კი მაშინვე მიხვდა, საკუთარ აკანკალებულ თითებზე თორნიკეს ხელები რომ იგრძნო, თუმცა მაინც ვერ მშვიდდებოდა. არც ცდილობდა დამალვას, ღრმად სუნთქავდა და გულში ლოცულობდა, სახიფათო არაფერი მომხდარიყო. ენდობოდა, როგორ არა, მაგრამ მაინც ვერაფერს გამორიცხავდა. სხვას რომ ვერ დაემორჩილებინა საჭე? იმაზეც გული უსკდებოდა, დადიანი ბაიკით რომ მოძრაობდა და ახლა თვითონაც... არა, აშკარად ხასიათის არასასურველი თვისებები გაუაქტიურა ორსულობამ.
_ აბა, მზად ხარ? _ აღრიალებული ძრავის ხმის გადასაფარად ყურში ჩაჰყვირა ბიჭმა და თვითონაც ყვირილით მოუხდა პასუხის გაცემა.
_ არა! _ შემდეგ კი, მართალია, ფრთები არ გაუშლია, მაგრამ გაფრინდნენ.
ისე სწრაფად მოსწყდა „ჰარლი" ადგილს, თვალის დახამხამებაც ვერ მოასწრო, სპიდომეტრის ისარი კი დაუზარლად მიიწევდა წინ. სუნთქვაშეკრულს ერთიანად მიაწყდა ჰაერის დიდი ნაკადი და ნაპირზე ამომხტარი თევზივით დააღო პირი. დიდი ხანია ამხელა ადრენალინი არ უგრძნია... დიდი ხანი კი არა, თითქმის არასდროს, იმ ნერვიულობას თუ არ ჩავთვლით, ორსულობის ტესტს რომ იკეთებდა. თუმცა ახლა სულ სხვა გრძნობა ჰქონდა. თითქმის ცარიელ გზატკეცილზე მიქროდნენ და სისწრაფისგან ასფალტზე დაფენილი, გამხმარი ყვითელი ფოთლები ისე ცვიოდა გარშემო, კარგი ფოტოგრაფი არაფრის დიდებით არ გაუშვებდა ამ კადრს ხელიდან.
_ ხელების გაშლა მინდა... _ დაიყვირა, სანამ გაიაზრებდა. ვერაფრით აღუდგა წინ სურვილს. მართლა უნდოდა. არ იცოდა, კიდევ თუ გამოცდიდა ასეთ შეგრძნებას და აპირებდა ახლავე მიეღო ყველაფერი.
_ მიდი, _ გაეცინა დადიანს. მიჩვეული იყო ასეთებს, ოღონდ პირიქით ხდებოდა ხოლმე. უკან მჯდარი გოგონები ხელებს კიდევ უფრო მჭიდროდ უჭერდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ სულაც არ ეშინოდათ. არც უკვირდა, საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი არასდროს შეჰპარვია. იცოდა, როგორც მოქმედებდა მდედრობით სქესზე, თუმცა რატომღაც, ახლა ამის გამოყენება არ მოუნდა. ამიტომაც დაისვა წინ. არ უნდოდა, ერთი რიგითი გასეირნება გამოსულიყო და სხვა არაფერი...
მოულოდნელად დაამუხრუჭა, ფიქრებმა ზედმეტად შორს რომ წაიყვანა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს საკუთარმა თავმაც კი უღალატა და სასწრაფოდ გააგდო ყველა უაზრო იდეა გონებიდან. არა, ისეთ სიღრმეში არ უნდა შესულიყო, ფსკერზე ფეხი ვეღარ დაედგა. ჩაიძირებოდა, საკუთარ სურვილებში ჩაიძირებოდა, მოუთმენლად დაელოდებოდა მაშველ რგოლს და ყველაფერს დაკარგავდა, მასზე მუდმივად რომ ყოფილიყო ჩამოკიდებული. ერთადერთი იქნებოდა, რაც მის გადარჩენას შეძლებდა, ეს კი არ აწყობდა. ვერ იტანდა, სხვაზე რომ ხდებოდა დამოკიდებული და იმ გრძნობასაც, ადრეული ასაკიდანვე აბუჩად რომ იგდებდა, ახლა სწორედ ამიტომ გაურბოდა აღელვებული...
_ ახლა ნამდვილად ვსუნთქავ! _ აჟიტირებულმა მოიხადა ნიცამ ჩაფხუტი და პირველი თვითონ გადახტა ბაიკიდან. ისეთ ემოციებში იყო, ბოლომდე გამოხატვაც კი უჭირდა.
_ ანუ მუშაობს. _ ჩაეცინა და თვითონაც უკან მიჰყვა. სახლთან ახლოს, ტყის ბილიკზე იყვნენ. „ჰარლით" სეირნობა როცა უნდოდა, ყოველთვის აქ მოდიოდა. იშვიათად იყო მოძრაობა, შესაბამისად, არ უჭირდა მაქსიმალური სიჩქარის განვითარება.
_ და თან როგორ! წამიერად გამომაფხიზლა და გამყინა! _ აღმოხდა გულწრფელად. თითები უკანკალებდა კიდეც, თუმცა იმას კი ვერ ხვდებოდა, სიჩქარის გამო შესცივდა თუ მართლა თხლად ეცვა.
_ აი, გამომართვი და უკან დავბრუნდეთ. _ სწრაფადვე გაიძრო ქურთუკი, თუმცა იმისგან კი თავი შეიკავა, თვითონვე რომ შემოეცვა. ერთი დღეც უნდა მოეთმინა როგორმე, შემდეგ კი, მთელი კვირით რომ მოშორდებოდა, აუცილებლად მიხვდებოდა, რას გრძნობდა სინამდვილეში.
_ თავი ფილმში მგონია. _ გაეცინა გოგონას. თორნიკესგან განსხვავებით, სულაც არ უნდოდა ამ საღამოს დასრულება და ზედმეტადაც კი ცდილობდა წუთების გახანგრძლივებას. ხშირად არ ჰქონდა ასეთი მომენტები და არაფრის დიდებით არ გაუშვებდა ხელიდან. ბაიკზე ჩამოჯდა დადიანის ტყავის ქურთუკში გახვეული და ანიშნა, რომ არსად ეჩქარებოდა.
_ გიხდება... _ ჩაეღიმა ბიჭს, ისე, რომ ბოლოს გაგონილი რეპლიკა არც შეუმჩნევია. რა უნდა ეპასუხა, როცა ფინალი თვითონაც არ იცოდა?!
_ შენი „ჰარლი" თუ შენი ქურთუკი?
_ ჩემი ბავშვი მუცელში. _ კიდევ უფრო მიუახლოვდა და მოტოციკლს ისე დაეყრდნო, სახიფათოდ საშიში მანძილიღა აშორებდათ ერთმანეთს. რაც უნდა გაეკეთებინა, იყო მომენტები, როცა, უბრალოდ, ვერ ახერხებდა სურვილების გაკონტროლებას და ნებდებოდა. ახლაც ვერ შეძლო...
მოურიდებლად გადაუწია ჩამოყრილი თმა და კოცნის მოლოდინში გატრუნული ნიცა საერთოდ დაიბნა, როცა მისი ტუჩები ყურთან იგრძნო.
_ იცი, რა ხდება ფილმში ასეთ დროს? _ ჰკითხა დაბალი, შეცვლილი ტონით და პასუხად სულ ოდნავ რომ დაუქნიეს თავი, მეტს აღარც დალოდებია. ყურთანვე აკოცა და გახშირებული სუნთქვა ყველაზე სასურველი რეაქცია იყო, რომლის მიღებაც შეეძლო.
ნიცა კი ძლივს იკავებდა თავს, თვითონვე არ დაესწრო. პირველი შემთხვევა ხომ არ იყო, მაგრამ მაინც ჭკუიდან გადაჰყავდა. კანზე სუსტად ჩხვლეტდა დაბალზე მოზრდილი წვერი, თუმცა ბონუსად მაშინვე კოცნას იღებდა და ყბებს ძლიერად აჭერდა ერთმანეთს, რათა საკუთარ თავზე კონტროლი შეენარჩუნებინა. უკვე ტუჩის კუთხესთან გრძნობდა დადიანის შეხებას, მეტს რომ ვეღარ გაუძლო და გარისკა. სწრაფადვე შემოხვია ორივე ხელი კისერზე და ისე აკოცა, როგორსაც თვითონ ელოდა ამდენ ხანს.
ყოველთვის, როცა ზედმეტად ახლო კონტაქტი ჰქონდათ, ერთი მაინც იყო მთვრალი, ეს შემთხვევა კი ისეთ გამონაკლისს წარმოადგენდა, თორნიკეს რისიც ეშინოდა. არ აწყობდა, თუმცა სურვილს ვერაფერს უხერხებდა და მოშორების ნაცვლად, კიდევ უფრო იკრავდა სხეულზე. ტუჩებს რომ შორდებოდა, ყელზე ინაცვლებდა, თხელი თითების შეხებას კისერზე კი საერთოდ გადაჰყავდა ჭკუიდან. ვერც ხვდებოდა, როგორ უნდა გაჩერებულიყო, თუმცა სხვა გზა არ ჰქონდა. სხვანაირად არ შეიძლებოდა.
_ ასე იქცევი და დამნაშავე მაინც მე გამოვდივარ... _ ჩაიდუდღუნა და შუბლით ჩამოეყრდნო მხარზე.
_ როგორ ასე? _ ძლივს ამოთქვა ნიცამაც. ახლა ნამდვილად არ ჰქონდა ლაპარაკის თავი.
_ ასე! _ მოუჭრა მოკლედ, შემდეგ კი, თითქოს სხვა ტალღაზე გადართესო, მხოლოდ ამოიოხრა და მალევე ჩამოიცვა ჩაფხუტი. აქ მეტხანს გაჩერება აღარ შეეძლო...
R