ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე ქალიშვილს დაბადების დღეს ემოციური პოსტით ულოცავს. ნანიკომ მშობიარობის კადრები გამოაქვეყნა, რომელმაც უამრავი თბილი კომენტარი დაიმსახურა.
"22 წლის წინ, ზუსტად ამ დროს გაჩნდა, აი, მართლა გაჩნდა ლილუ. ამინდიც ასეთი იყო, როგორც დღეს. ლევანიკო იღებდა მშობიარობას და, რაღაც ეტაპზე, კინაღამ წაიქცა ემოციისგან, ჩანს კიდეც. ალბათ 100000000000000-ჯერ მაქვს ნანახი. მიუხედავად ასაკისა, ძალიან მალე და მარტივად ვიმშობიარე.
გილოცავ, დე. ბედნიერი და ჯანმრთელი იყავი. მიყვარხარ. ლილუსთან შეთანხმებულია ვიდეოს გამოქვეყნება. მიხარია, რომ არსებობს ეს კადრები", - წერს ნანიკო ხაზარაძე.
ნანიკო ხაზარაძე
ნანიკო ხაზარაძე ქართველი მსახიობი და ტელეწამყვანია. 2007-2008 წლებში მიჰყავდა გადაცემა „ნანიკოს შოუ“. გადაღებულია 5 ფილმში.
ნანიკო ხაზარაძე პირველად ლევან ნუცუბიძეზე იყო დაქორწინებული. წყვილს ერთი შვილი, ლილუ ნუცუბიძე შეეძინა, თუმცა მათი ურთიერთობა მალევე დასრულდა.

განქორწინების შემდეგ ნანიკო პირად ურთიერთობაზე საჯაროდ საუბარს ერიდებოდა. ამიტომ ყველასთვის დიდი მოულოდნელობა იყო, როდესაც 5-წლიანი ურთიერთობის შემდგომ საზოგადოებას თავისი რჩეული, ფსიქოლოგი ლევან მათითაშვილი წარუდგინა, როგორც მეუღლე. დიდხნიანი დუმილის შემდეგ „იმედის დილის“ სიუჟეტში ერთმანეთის გაცნობის ისტორიასაც მოჰყვნენ - ლევანის თქმით, ნანიკო ყოველთვის ახსოვდა, რადგან მასზე 6 წლით დიდია და როდესაც ბავშვი იყო, მის ცხოვრებას მუდამ თვალს ადევნებდა. აღმოჩნდა, რომ ლევანის ექიმი ბავშვობაში ნანიკოს ბებია იყო.

ტელეწამყვანის ყურადღება კი ეთერში მისი ძმის, ცნობილი პლასტიკური ქირურგის, კოტე მათითაშვილის სტუმრობის შემდეგ დაიმსახურა. „მახსოვს მისი პირველად მოწერილი წერილი. მთელი ცხოვრებაა მომწონხარ და როგორ არ დადგა ის დღე, რომ უშუალოდ გაგიცნოო. მეც ძალიან მშვიდად მივწერე, ალბათ, ეს დღე არც ახლა დამდგარა-მეთქი და დავემშვიდობე.
მეორე დღეს ეთერში მისი ძმა, ცნობილი პლასტიკური ქირურგი კოტე მათითაშვილი გვყავდა. უცებ გვარმა ჩამაფიქრა და საღამოს მივწერე, კოტე მათითაშვილი შენი ვინ არის-მეთქი. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ჩვენი ურთიერთობა და მიხარია, რომ საოცრად კარგი ადამიანი გავიცანი“ - იხსენებდა ნანიკო ხაზარაძე.