მომღერალ გია ნიკოლაძეს საზოგადოება უკვე არაერთი წელია, კარგად იცნობს. მისი მუსიკა და შესრულება აქტუალურობას დღემდე არ კარგავს და ჰიტებს, რომლებიც წლების წინ გამოვიდა, ახალგაზრდები დღემდე უსმენენ.
გია ნიკოლაძის მეუღლე უკვე 8 წელია საზოგადოებისთვის ასევე ცნობილი სახე, დიზაინერი ფატუნა გიორგაძეა. წლების წინ გია ნიკოლაძე ამბობდა, რომ ფატუნამ ის ჭაობიდან ამოიყვანა:
- ვისი დამსახურებაა, ასე რომ გამოიყურებით ბოლო დროს?
- დედოფალი ფატუნასი!.. მსოფლიოში სახელგანთქმული დიზაინერი და საქართველოს სიამაყე, ფატუნა გიორგაძე არის ჩემი უახლოესი მეგობარი. ფატუნას ვეკითხები ხოლმე, რა ჩავიცვა. მას ვუმადლი ყველაფერს. გრძელი თმაც მისი დამსახურებაა. ფატუნამ შეცვალა ჩემი ცხოვრების სტილი, დამამშვიდა, დამაწყნარა და დამადინჯა. მისი ძალიან მადლობელი ვარ.
ჩემი ცხოვრების სტილი იყო შემოქმედებითი. ნამეტანი გადავარდნილი ვიყავი. ვბაძავდი გალაკტიონს მანერებსა და ქცევებში, სმაშიც, არა მხოლოდ გალაკტიონს… ვერც ვხედავდი ამაში ვერანაირ პრობლემას. ჩემი სფერო იყო. ახლა რომ ვუყურებ, ჭაობიდან ამოვედი, ფატუნამ ამომიყვანა ჭაობიდან.
ამჯერად ჟურნალ "თბილისელებთან" გია ნიკოლაძემ ვრცლად ისაუბრა მეუღლესთან ურთიერთობაზე.
"უკვე რვა წელია, მეორე ცოლი მყავს და ჩემი ფატუნა არის ჩემთვის მუზაც და მოტივატორიც – ყველაფერია. მანამდე იყო ბუნება, ღვთისმშობელი, ქრისტე, დედამიწა. ბუნება შენშია, ყველაფერი შენშია. მაგალითად, წყალი რამდენიც იყო დასაბამიდან, ახლაც იმდენია, იმდენი წვეთია. ჩვენში წყალია 80 პროცენტი, წყალი ინფორმაციას იმახსოვრებს და თითოეულ ადამიანს იმ სტრუქტურის წყალი დაგვაქვს, როგორც ვიქცევით, ვინც ვართ. რომ გარდაიცვლები, ეს წყალი დიდ წყალს უერთდება. ესეც – შენი წარდგენა უფლის წინაშე. ისე წარდგები, იმ სტრუქტურის წყლით, როგორც ცხოვრობდი და იქცეოდი. რა ფორმაც არ უნდა მიიღოს ამ წყალმა, ნისლი იქნება, თუ სხვა მდგომარეობის, სტრუქტურა შენახული აქვს და ამ სტრუქტურის მიხედვით გადადიხარ სასუფეველში. მერე ამისდა მიხედვით ხდება გარდმოცვალება.
უფალმა გვითხრა, ისევე მოექეცი დანარჩენ ცოცხალ სამყაროს, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ, როცა გარდმოიცვლები რაღაცის სახითო. ეს უნდა გვახსოვდეს. ეს ყველაფერია ჩემი მოტივაცია – ბუნება, ამ სამყაროს შეცნობა, ღმერთის ალის შეცნობა. ქრისტე ამბობს, შეცნობილები თუ გახდებით, თუ მიხვდებით, რომ ცოცხალი მამის შვილები ხართ, გამოხვალთ სიღარიბიდან, თუ არადა, დარჩებით სიღარიბეშიო. გვეუბნება, რომ ახლა ცუდად ვართ, მაგრამ ცნობიერები თუ გავხდებით, კარგად გავხდებით. ჩვენ რას უნდა მივხვდეთ? იმას, რომ ჩვენ ვართ ის ეშმაკები, რითაც ერთმანეთს ვაშინებთ ჯოჯოხეთში მოხვედრით. ჩვენ, ადამიანები, ვხარშავთ ყველა ცოცხალ არსებას ერთ ქვაბში და არა ეშმაკები ჯოჯოხეთში. ადამიანი როცა მიხვდება, რომ თვითონ არის ეშმაკი, მაშინ დაიწყებს გამოსწორების მცდელობებს.
როგორც ამბობენ, ძალიან მაგარი ინტუიცია მაქვს, მეც და ჩემს დედოფალსაც. ვგრძნობთ ხოლმე ერთმანეთის ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებს დიდი დისტანციიდანაც კი. ერთხელ ამერიკაში იყო ფატუნა და ისეთი რამ იგრძნო ჩემთან დაკავშირებით, რომ გავოცდი. მითხრა, გზაზე გადასავლისას ფრთხილად იყავიო და მართლა კინაღამ „მარშუტკამ“ გამიტანა იმერეთის გზაზე. მძღოლი გადმოვიდა და ჩამეხუტა, გადავრჩითო. ბევრი ასეთი რამ იყო, ძალიან ბევრი რამ უგრძნია მასაც და მეც. მეც ყველაფერს ვხვდები. ტრაბახში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ უფლის ალი შევიცანი და ვიღაცის ეშმაკურ ჩანაფიქრს ვერ შევიცნობ? ადვილი მისახვედრია, როცა ადამიანი ეშმაკობს და იტყუება.
მადლობა უფალს, რომ ასეთი იღბლიანი ვარ. თუმცა, რა თქმა უნდა, მყავს ჩუმი მტრებიც, რომლებიც დიდი ხანია, დამდევენ, არ უნდათ, რომ გავიხარო, რომ მათი საძირკველი არ გამოინგრეს. ისინი შეიძლება, საერთოდ ამოვაგდო ჩემი ცხოვრებიდან, მაგრამ არ ვაქცევ ყურადღებას. ეგეც ძალას მმატებს. ძალიან მაგრად მიშლიან ხელს, ცდილობენ, რეპუტაციას შეეხონ ცუდად, მაგრამ, ალბათ, ასეც უნდა იყოს, რომ მე უფრო გავძლიერდე, უფრო ენერგიული გავხდე", - ამბობს გია ნიკოლაძე "თბილისელებთან" ინტერვიუში.