76 წლის ასაკში ქართველი მუსიკოსი, მომღერალი, მწერალი, მხატვარი და მსახიობი მანანა მენაბდე გარდაიცვალა.
მანანა მენაბდე უნიკალური არტისტი, რომლის შემოქმედებაც მუსიკას, თეატრს, ფერწერასა და ლიტერატურას აერთიანებს დაიბადა 1948 წლის 19 ნოემბერს, თბილისში, იმ ოჯახში, რომელიც თავის დროზე ქართული ქალაქური რომანსის ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა. იგი დები იშხნელების შთამომავალია. ქალაქური სიმღერის ლეგენდარული შემსრულებლების, რომელთა რეპერტუარი პატარა მანანას უკვე ოთხი წლის ასაკში შესწავლილი ჰქონდა. 1952 წელს ჟურნალ „ოგონიოკში“ გამოქვეყნდა ცნობა იმაზე, თუ როგორ ასრულებდა პატარა გოგონა ბებიების თითქმის მთელ რეპერტუარს — ეს იყო მისი პირველი ნაბიჯები საზოგადოების წინაშე.
საფეხურები მანანას ცხოვრებაში ადრეული ასაკიდან დაიწყო: მე–9 კლასში უკვე „გეპეის“ ორკესტრის წევრი გახდა, 16 წლის ასაკში კი მუსიკალურ ვოკალურ–ინსტრუმენტულ ანსამბლ „რეროს“ შემადგენლობაში მოექცა. ამან განსაზღვრა მისი მომავალი პროფესიული და შემოქმედებითი გზა, რომელმაც მენაბდე არაერთ ჟანრსა და სტილს შეახვედრა. ქართული ფოლკლორიდან და ქალაქური რომანსიდან ელექტრონულ ექსპერიმენტებამდე.
1970–1980–იან წლებში, როცა ქართულ ესტრადაში ახალი სახეები იბადებოდნენ, მანანა მენაბდე უნიკალური მოვლენა იყო - გამორჩეული ვიზუალით, თბილი ხმითა და სრულიად განსხვავებული, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი შესრულების მანერით. მისი მუსიკა, ვიზუალური ესთეტიკა და სიღრმისეული შემოქმედება მას ნამდვილ კულტურულ ხატად აქცევდა.
მენაბდე საზოგადოებამ პირველად მუსიკალური ანსამბლების შემადგენლობაში გაიცნო, როდესაც გასტროლებზე მოგზაურობდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში: რუსეთიდან ინგლისამდე, ესპანეთიდან იაპონიამდე. მას თავისი ინდივიდუალური არტისტული ხასიათი უკვე იმ პერიოდშიც მკვეთრად გამოარჩევდა.
მანანამ პროფესიად რეჟისურა აირჩია. სწავლობდა თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში, მიშა თუმანიშვილის ხელმძღვანელობით, მოგვიანებით კი მოსკოვში განაგრძო სწავლა - რუსეთის თეატრალური ხელოვნების აკადემიაში, სადაც ესტრადული რეჟისორის სპეციალობა აითვისა. იგი გარკვეული პერიოდი მუშაობდა საქართველოს ტელევიზიაში, მუსიკალური და საესტრადო გადაცემების რეჟისორად.
1980-იანი წლებიდან ხელოვანის კარიერა მოსკოვში გრძელდება. იქ ის „იმპროვიზაციის თეატრის“ მსახიობი გახდა და გამოდიოდა სოლო კონცერტებით, სადაც ქართულ, რუსულ და ევროპულ მუსიკას საკუთარი ინტერპრეტაციით სთავაზობდა მსმენელს.
მისი მუსიკალური და სამსახიობო ნიჭი ერთდროულად აეწყო რეჟისორ ლანა ღოღობერიძის ფილმში „დღეს ღამე უთენებია“ (1982), სადაც მანანა არამხოლოდ მღერის, არამედ ერთ-ერთ მთავარ როლსაც ასრულებს. სწორედ ამ ფილმმა განსაზღვრა მისი შემოქმედებითი კონცეფცია: ქართული ფოლკლორის გადმოცემა თანამედროვე მუსიკალური ენით.
1986 წელს მანანამ მონაწილეობა მიიღო ფილმში „არსენას ლექსი“, ხოლო 1991-ში ტელეფილმში „სიბრძნე სიცრუისა“, რომელიც სულხან-საბა ორბელიანის იგავებზეა შექმნილი.
1991 წელს მანანა მენაბდე ბერლინში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც 14 წელი იცხოვრა. გერმანიის მოქალაქეობა მიიღო და აქტიურად ჩაერთო ბერლინის კულტურულ ცხოვრებაში. კონცერტებს მართავდა ჟურნალისტთა სახლში, ჯაზ-კლუბებში, გამოდიოდა პერფორმანსებსა და ლიტერატურულ საღამოებზე, მათ შორის ბერტოლდ ბრეხტის ლიტერატურულ სახლში.
მისი მრავალმხრივი ინტერესები ბერლინშიც ნათლად გამოიხატა — მონაწილეობდა გამოფენებში, მუშაობდა ფერწერასა და გრაფიკაში, ქმნიდა კოლაჟებსა და კერამიკულ ნამუშევრებს, იყო გატაცებული ფოტოგრაფიით.
გასულ წელს კვირის პალიტრას ქონდა მანანა მენაბდესტან ინტერვიუ, სადაც ის საუბრობს ემიგრაციაზე და ოჯახთან განშორებაზე.
"ვფიქრობ, ყველასთვის რთულია სამშობლოსა და მეგობრებისგან მოწყვეტა. მე პირადად უკვე მქონდა ოჯახსა და სამშობლოსთან დიდხნიანი განშორების გამოცდილება. ამიტომ ჩემთვის ძალიან რთული არ ყოფილა. თუმცა მთლად არც ია-ვარდით იყო მოფენილი ჩემი გზა. საერთოდ, ახალ ცხოვრებას ახლავს სირთულეები, მაგრამ, როგორც ვთქვი, ასეთი მდგომარეობა ჩემთვის უცხო არ ყოფილა. ჯერ კიდევ შორეული 70-იანებიდან 21 წლის ასაკში დავიწყე დამოუკიდებელი ცხოვრება, როდესაც მოსკოვში გადავედი უმაღლესში სასწავლებლად. ჩემს თავს და მას, ვინც 90-იანებში დატოვა სამშობლო, ემიგრანტებს ვერ დავარქმევ. ნამდვილი ემიგრანტები ისინი იყვნენ, ვინც სამშობლო 20-21 წლებში მოუბრუნებლად დატოვეს. მათ არ იცოდნენ, დაუბრუნდებოდნენ თუ არა ოდესმე მშობლიურ კერას. ჩვენგან, 1990-იანელებისაგან განსხვავებით, მათ არ დაუტოვეს სხვა არჩევანი. ეს იყო იძულებითი განშორება სამშობლოსთან. წარმომიდგენია რას განიცდიდნენ, როდესაც გაურკვეველი დროით ემშვიდობებოდნენ ყოველივე სანუკვარსა და საყვარელს. საშინელებაა, როდესაც მშობლიურ ადგილს სამუდამოდ ეთხოვები და წარმოდგენაც კი არა გაქვს, სად ამოყოფ თავს, ოდესმე იხილავ თუ არა შენს მიწა-წყალს. ეს მართლაც დამანგრეველი განცდაა. ბევრმა ძველმა ემიგრანტმა ამ საშინელ დარტყმას ვერ გაუძლო. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს - მე ემიგრანტი არა ვარ, მე აუსლენდერი ვარ, როგორც გერმანელები ამბობენ, ანუ უცხოელი, რომელიც თავისი ნებით გაემგზავრა სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად, რათა საკუთარი თავი ეპოვა. 90-იანელებს შეგვეძლო ერთ მშვენიერ დღეს დავბრუნებულიყავით უკან და ეს დიდი პრივილეგიაა. ამ არჩევანის წინაშე ჩემი თავი თავად დავაყენე, რადგანაც სიახლე და ექსტრიმი მიყვარს, მიყვარს გამოწვევები. მომწონს, როდესაც საკუთარ თავს ახალ პირობებში ვაყენებ. როდესაც ახლობლები, ოჯახი გვერდით არ არის, შენი სასიცოცხლო იმუნიტეტი ეცემა. ეს იგივეა, ადამიანი, რომელმაც ცურვა არ იცის, შუა ზღვაში გადააგდო. მან ან უნდა გაცუროს, ან უეჭველად დაიღუპება. ასეთი გამოწვევა გაფხიზლებს, ახალ გამოცდილებას გძენს, ამჟღავნებს, რამდენად ძლიერი ხასიათი გაქვს, რომ წამოჭრილ პრობლემებს გაუძლო, გადალახო ახალი ბარიერები. ეს ყველაფერი გზრდის, გაძლიერებს და ადამიანად გაყალიბებს. როდესაც სხვა კულტურულ სივრცეში გიწევს ცხოვრება, თუ რაღაცის ნიჭი გაქვს, რომელიც მიძინებული იყო, ის შენში უეჭველად ამოხეთქს. მე, მაგალითად, კერამიკის მოხატვა დავიწყე, რაც სრულიად ახალი იყო ჩემთვის, ასევე აღმოვაჩინე, რომ არა მარტო ფერწერული ტილოების ხატვა შემიძლია, არამედ ქაღალდზე მუშაობა და აპლიკაციების კეთებაც. ასევე დავიწყე წერა და თარგმნა. დარწმუნებული ვარ, გერმანიაში რომ არ წავსულიყავი, არასდროს იქნებოდა არაკების წიგნი და დანიილ ხარმსის პროზა, რომელსაც ბერლინში ვთარგმნიდი. თითქოს გაუგებარი იყო, რატომ ან რისთვის ვაკეთებდი ამ ყველაფერს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ფუჭი შრომა კი არ იყო, არამედ წინა პირობა, რომ შემდეგ "წიგნები ბათუმში" გამოეცა ჩემი თარგმანი!" - ამბობდა მანანა ინტერვიუში