დღეს ცნობილი გახდა, რომ 76 წლის ასაკში ქართველი მუსიკოსი, მომღერალი, მწერალი, მხატვარი და მსახიობი მანანა მენაბდე გარდაიცვალა. მანანა მენაბდე გამორჩეული მუსიკალური გემოვნების, იშვიათად პროფესიონალი ხელოვანი იყო და მის შემოქმედებას გულშემატკივართა უდიდესი არმია ჰყავს.
მანანა მენაბდე ცნობილი და პოპულარული შოუების ხშირი სტუმარი იყო. ამ სტატიაში გვინდა, გაგახსენოთ მისი სტუმრობა ია ფარულავას საავტორო გადაცემაში "ფარული კონვერტი". მუსიკოსმა მაშინ ტრაგიკული სიყვარულის ამბავი გაიხსენა და ისაუბრა ადამიანზე,რომელიც მანანა მენაბდეს ძალიან უყვარდა, მასთან ოჯახის შექმნაც სურდა, თუმცა მამაკაცის დედა მათი ურთიერთობის წინააღმდეგ წავიდა. მას შემდეგ მანანა მენაბდეს ოჯახის შექმნაზე არ უფიქრია და მარტო ცხოვრობდა.
„ძალიან მიყვარდა და მასაც ვუყვარდი. დედამისს არ სურდა მანანა მენაბდე. ჩემი მეგობრები არიან იმის მოწმეები, რომ დედამისმა აქ, თბილისში მომიხადა ბოდიში… თუ ოჯახს შევქმნიდი, ეს მხოლოდ მასთან იქნებოდა. ახლა საზღვარგარეთ ცხოვრობს არაჩვეულებრივ მეუღლესა და შვილებთან ერთად. აქაც ჰყავს შვილი. ასეთ რთულ ვითარებაში ცუდად მოიქცა. ერთი კვირით მარტო დამტოვა. მას არ უფიქრია იმაზე, მე რა მდგომარეობაში ვიქნებოდი იმ დროს. მერე მოვიდა ჩემთან და მითხრა, მაპატიე, მაგრამ არ შემეძლო, შენ გამოგყოლოდი, რადგან დედაა ჩემიო. ახლა ვესაუბრე დედას, გადავწყვიტე ყველაფერი და მინდა, ერთად ვიყოთო. მე ვუპასუხე, რომ მას ერთი კვირით დააგვიანდა… ფაქტობრივად, იმ ქალმა სახლიდან გამომაგდო. დავრჩი ქუჩაში, სიცივეში, მარტო. არც კი გამომყოლია არავინ. ცუდ დღეში ვიყავი ძალიან. გამოცდილება არ მქონია. 24 წლის ვიყავი…“ - იხსენებდა მანანა მენაბდე.
მანანა მენაბდე უნიკალური არტისტი, რომლის შემოქმედებაც მუსიკას, თეატრს, ფერწერასა და ლიტერატურას აერთიანებს დაიბადა 1948 წლის 19 ნოემბერს, თბილისში, იმ ოჯახში, რომელიც თავის დროზე ქართული ქალაქური რომანსის ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა. იგი დები იშხნელების შთამომავალია. ქალაქური სიმღერის ლეგენდარული შემსრულებლების, რომელთა რეპერტუარი პატარა მანანას უკვე ოთხი წლის ასაკში შესწავლილი ჰქონდა. 1952 წელს ჟურნალ „ოგონიოკში“ გამოქვეყნდა ცნობა იმაზე, თუ როგორ ასრულებდა პატარა გოგონა ბებიების თითქმის მთელ რეპერტუარს — ეს იყო მისი პირველი ნაბიჯები საზოგადოების წინაშე.
საფეხურები მანანას ცხოვრებაში ადრეული ასაკიდან დაიწყო: მე–9 კლასში უკვე „გეპეის“ ორკესტრის წევრი გახდა, 16 წლის ასაკში კი მუსიკალურ ვოკალურ–ინსტრუმენტულ ანსამბლ „რეროს“ შემადგენლობაში მოექცა. ამან განსაზღვრა მისი მომავალი პროფესიული და შემოქმედებითი გზა, რომელმაც მენაბდე არაერთ ჟანრსა და სტილს შეახვედრა. ქართული ფოლკლორიდან და ქალაქური რომანსიდან ელექტრონულ ექსპერიმენტებამდე.
1970–1980–იან წლებში, როცა ქართულ ესტრადაში ახალი სახეები იბადებოდნენ, მანანა მენაბდე უნიკალური მოვლენა იყო - გამორჩეული ვიზუალით, თბილი ხმითა და სრულიად განსხვავებული, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი შესრულების მანერით. მისი მუსიკა, ვიზუალური ესთეტიკა და სიღრმისეული შემოქმედება მას ნამდვილ კულტურულ ხატად აქცევდა.
მენაბდე საზოგადოებამ პირველად მუსიკალური ანსამბლების შემადგენლობაში გაიცნო, როდესაც გასტროლებზე მოგზაურობდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში: რუსეთიდან ინგლისამდე, ესპანეთიდან იაპონიამდე. მას თავისი ინდივიდუალური არტისტული ხასიათი უკვე იმ პერიოდშიც მკვეთრად გამოარჩევდა.