ექსკლუზიური ინტერვიუ: რატომ მიიწვია Armani-მ ნინი ბადურაშვილი ვენეციაში და როგორ შეარჩია კაბები - Marao

ექსკლუზიური ინტერვიუ: რატომ მიიწვია Armani-მ ნინი ბადურაშვილი ვენეციაში და როგორ შეარჩია კაბები

2025-09-02 14:12:48+04:00

სულ ცოტა ხნის წინ  ნინი ბადურაშვილი ვენეციის რიგით 82-ე კინოფესტივალზე გამოჩნდა. მასთან ერთად მისი მენეჯერი, კოკი ფანგანი იმყოფებოდა, რომელმაც ფესტივალიდან არაერთი კადრი გაგვიზიარა. 

ნინის ფოტოებმა და ვიდეოებმა უამრავი დადებითი შეფასება დაიმსახურა. კომპლიმენტები გამოქვეყნებულ კადრებზე დღემდე არ წყდება - ხაზს უსვამენ, რომ ნინი განსაკუთრებული შარმით, ელეგანტურობითა და დახვეწილობით გამოირჩევა. 

  • ექსკლუზიური კადრები: "მოემზადეთ ჩემთან ერთად წითელი ხალიჩისთვის" - ნინი ბადურაშვილის ვიდეო ვენეციიდან

როგორც ცნობილია, ნინი ბადურაშვილმა მამის, ერეკლე ბადურაშვილის ფილმში, "ხიდი" ითამაშა, თუმცა ვენეციის კინოფესტივალზე არა როგორც მსახიობი, არამედ ერთ-ერთი ცნობილი ბრენდის სილამაზის ხაზის ამბასადორი, ისე წავიდა. 

როგორ მიიწვია Armani Beauty-მ ნინი ფესტივალზე, ამის შესახებ მან ექსკლუზიური ინტერვიუ "რადიო ფორტუნას" მისცა. 

badura

ნინი ბადურაშვილის ინტერვიუ ვენეციის კინოფესტივალის შესახებ 

"ამ მასშტაბურ ღონისძიებაზე სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი, დაუკავშირდნენ კოკი ფერაზი ფანგანს, ჩემს მეგობარს, რომელსაც „ინსტაგრამზე“ მისწერა კომპანიამ, ვინც „არმანისთვის“ არჩევდა სახეებს სხვადასხვა ქვეყნიდან. სწორედ ეს შუამავალი კომპანია იყო ამ ყველაფრის ორგანიზატორი. ალბათ, ჩემთან დაკავშირება ვერ მოახერხეს, მაგრამ რადგან კოკის ჩემი უამრავი ვიდეო უდევს, სწორედ მასთან გავიდნენ ხაზზე. როდესაც კოკიმ მითხრა, რომ „არმანიმ“ ვენეციის კინოფესტივალზე საქართველოდან ამბასადორად მე მიმიწვია, სიმართლე გითხრათ, თავიდან ფეიქი მეგონა. აქამდე ასეთი შემოთავაზება არასდროს მქონია. შემდეგ დავიწყეთ გადამოწმება და დავრწმუნდით, რომ სიმართლე იყო, დავიწყეთ კომუნიკაცია. როდესაც ყველა დეტალი დავაზუსტეთ, ერთად გავემგზავრეთ, რადგან კოკის გარეშე მე ამდენი რაღაცის გადაღებას ვერ მოვახერხებდი.

  • 2002 წლიდან დღემდე - საუკეთესო ლუქები ვენეციის კინოფესტივალზე

ამდენი ხანია სცენაზე ვარ, მსმენელი და მაყურებელი მიცნობს, მაგრამ ასეთი დადებითი გამოხმაურება არასდროს დამიმსახურებია. დიდი მადლობა ყველას, ვინც ასეთი კომენტარები დაწერა, ეს ჩემთვისაც და ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანია…

badura

ყველაფერი მათი არჩეული იყო, მთავაზობდნენ და მეკითხებოდნენ ჩემს აზრს. პირველი დღისთვის, როცა წითელ ხალიჩაზე უნდა გავსულიყავი, რამდენიმე კაბა შემომთავაზეს. მერე მეც შევთავაზე, იქნებ კორსეტი ნახოთ-მეთქი და „არმანის“ ერთ-ერთმა თანამშრომელმა გამომიტანა. ყველა ის სამოსი, რაც მოვირგე, არის „არმანის“ პირველი ხაზიდან და აქვს საოცარი სილუეტი.

მინდოდა, ძალიან სადად და ელეგანტურად ვყოფილიყავი, არც მაკიაჟი გამიკეთებია მძიმე, არც თმაზე რამე ზედმეტი. ამ კაბას არც მოუხდებოდა, ჩემი აზრით. თავად ბრენდიც არის სასწაულად დახვეწილი, გემოვნებიანი და ელეგანტური. ისეთივე მინდოდა, რომ ვყოფილიყავი.

სხვათა შორის, კორსეტი ძალიან ვიწროდ მქონდა, იმ დღეს არაფერი ვჭამე სპეციალურად, რომ კარგად მომრგებოდა (იღიმის). იმდენად ლამაზი იყო, რომ ძალიან ვეცადე, ზუსტად მომერგო", - ამბობს ნინი ინტერვიუში, რომელსაც სრულად "რადიო ფორტუნას" გვერდზე ნახავთ.