თამო ვაშალომიძე საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო, როცა მან განსაკუთრებული ყურადღება თამამი ფოტოებითა და ღია საუბრით მიიქცია. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მან, ფოტომოდელობის პარალელურად, საკუთარი ბიზნესი "Tamoskin" წამოიწყო. ის აწარმოებს თავის მოვლისა და მაკიაჟის საშუალებებს ქალებისთვის.
თამო უკვე 2 წელია ჩნდება ისეთ დიდ ღონისძიებებზე, როგორებიცაა, ვენეციის კინოფესტივალი და კანის საერთაშორისო კინო ფესტივალი. გამონაკლისი არც წელს ყოფილა და, ნინი ბადურაშვილის შემდეგ, ვენეციის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე უკვე თამო ვაშალომიძეც ვიხილეთ,
თამომ კინოფესტივალზე ქართული ბრენდის, Temo Chérie-ის კაბა მოირგო, რომელიც თემურ თვალავაძის დიზაინითაა შექმნილი. მის იმიჯზე და ვიზუალზე კი მარიკა კაციტაძემ იზრუნა.
თამო ვაშალომიძე 2024 წლის ვენეციის კინოფესტივალზე
მაშინ, როცა ყველა დეა კულუმბეგაშვილის ფილმის, "აპრილის" წარმატებაზე საუბრობდა და საზოგადოება აქტიურად აზიარებდა ფილმის მთავარი გმირების, მერაბ ნინიძის, კახა კიწურაშვილისა და ია სუხიტაშვილის ფოტოებს, თამო ვაშალომიძემ ფესტივალის წითელ ხალიჩაზე გადაღებული კადრები გამოაქვეყნა და ყურადღებაც მიიპყრო. თამოს 2011 და 2019 წლებში ფილმებში "მხატვრის ტურფა" და "გარეკილები" მონაწილეობა მიღებული აქვს, თუმცა ამ პრესტიჟულ ღონისძიებაზე მსახიობის ამპლუაში არ იმყოფებოდა.
როგორ და რატომ მოხვდა თამო ვაშალომიძე ვენეციის კინოფესტივალზე, ამის შესახებ სოციალურ ქსელში არაერთი კითხვა თუ კომენტარი დაიწერა.
"თამო ვაშალომიძის ისეთ ბულინგს ვუყურებ. მეგობრებო, თამომ თავის მოვლის ხაზი გააკეთა და მისი შემოსავალი იმდენად ეფექტურია, რომ სპონსორის სტატუსით მიიწვიეს. დააფსა კატამ თქვენს სტანდარტებს, რომელსაც ის არ აკმაყოფილებს. ერთი, ხალხს არ იჩემებდეთ, რა, თქვე რაღაცნაირებო. თამო, წარმატებები და ასე გააგრძელე", - დაწერა სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა. პასუხი კრიტიკოსებს თავად თამო ვაშალომიძემაც გასცა, მან საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც დადებითი კომენტარების ავტორებს მადლობა გადაუხადა, დაინტერესებულებს კი აუხსნა, რომ განაცხადს მსგავს ღონისძიებებზე მონაწილეობისთვის უკვე რამდენიმე წელია, რაც აგზავნის, მაგრამ აქამდე ყოველთვის უარი მოსდიოდა, ახლა კი, ორი თვის წინ, ვენეციის კინოფესტივალიდან მიიღო თანხმობა და მიწვევა.
ამ მნიშვნელოვანი მოვლენისთვის თამო ვაშალომიძე ფოტოგრაფთან, ვიზაჟისტსა და დიზაინერთან ერთად მოემზადა. სპეციალურად წითელი ხალიჩისთვის მან თეთრი კაბა მოირგო, რომელსაც დამატებით აქსესუარად დიდი ზომის შლეიფი ჰქონდა. კაბა დახვეწილი და სადა დიზაინით გამოირჩევა.