თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბა დაკ­ვე­თით - თავი XV - დასასრული - Marao

თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბა დაკ­ვე­თით - თავი XV - დასასრული

2025-09-04 14:45:32+04:00

წინა თავი

სამი დღე ამაოდ ცდილობდა, ლეონისთვის ხმა მიეწვდინა. კილერი კონტაქტზე აღარ გამოდიოდა.

ხან დრო მოვიდაო, მისწერა, ხან საჩქარო საქმეაო, რაც შეიძლება, მალე შემომეხმიანეო... აფორიაქდა. იქნებ მოჰბეზრდა ლოდინი და ხელი ჩაიქნია? მაიკოს თავგზა აებნა. რა უნდა ექნა, ლეონი რომ არ გამოჩენილიყო? ვისთვის მიემართა დახმარებისთვის? ჯერ ტკივილები არ ჰქონდა, მაგრამ უჰაერობა? შემოტევის დროს რომ იგუდებოდა, განა ტკივილზე ნაკლები ასატანი იყო? დღეს დილით კი უარესი მოხდა - ცხვირიდან სისხლდენა დაეწყო, მერე აღებინა და პირიდანაც სისხლი ამოანთხია. ეს უკვე აღსასრულის მოახლოებას ნიშნავდა. მისი სიცოცხლის დარჩენილი დღეები წუთებს ითვლიდა.

მესამე ღამეს, როგორც იქნა, ლეონის პასუხი მოუვიდა.

- როდის?

მაიკომ სწრაფად გადაითვალა დღეები. რამდენიმე დღე კიდევ სჭირდებოდა. პირველ რიგში, თაიასთვის უნდა დაერეკა, გამომშვიდობებოდა. ანდერძის ამბავსაც ეტყოდა და თავის მდგომარეობასაც აუხსნიდა. მერე გოჩასთვისაც უნდა დაეტოვებინა წერილი - უსახელო, უმისამართო და მაგიდაზე, გამოსაჩენ ადგილას დაედო, თავის ერთ-ერთ წიგნში ჩადებული, უფრო სწორად ჩაწებებული, რომ შემთხვევით არ გადმოვარდნილიყო. წიგნს კი მეორე გვერდზე წააწერდა: "სახსოვრად გოჩას" და იქვე მამაკაცის ტელეფონის ნომერს მიაწერდა, რომ ვინმეს მისთვის გადაეცა. ის კი წერილს აუცილებლად იპოვიდა.

ამისთვის ალბათ სამი დღე მაინც დასჭირდებოდა.

- ხუთშაბათს, ორ საათზე. ის ზუსტად ამ დროს სახლიდან გამოვა. - მისწერა პასუხად.

- გასაგებია.

- ფული როდის გადმოგირიცხო?

- ფული?.. მერე, როცა საქმე მომთავრდება.

- არა, მერე არ გამოვა. ახლავე უნდა გამომიგზავნო მონაცემები. ხომ შეიძლება, გადაგაგდო?

- ჩემი გადაგდება იოლი არ არის. - "გაუღიმა" ლეონმა.

- გამომიგზავნე ანგარიშის ნომერი.

რამდენიმე წამში ლეონმა ანგარიშის ნომერი გადმოუგზავნა - მაიასთვის უცნობი ორგანიზაციის რეკვიზიტები.

- ხვალ ფული ამ ანგარიშზე დაჯდება. მშვიდობით! სასიამოვნო იყო შენთან თანამშრომლობა! - გაეხუმრა და ღიმილი დაუხატა.

მორჩა, ეს საქმეც მოაგვარა. ახლა შეუძლია მშვიდად იყოს.

მშვიდად... იყო კი მშვიდად? არა, ვერ იყო. რაღაც აწუხებდა, აფორიაქებდა, შინაგანი დაძაბულობა უფრო და უფრო მატულობდა სულში. რისი ეშინოდა? დაგეგმილი სიკვდილის? არ ყოფილა ადვილი, როცა ზუსტად იცი, რა დროს მოკვდები. ამის გააზრება საშინელება აღმოჩნდა.

არა უშავს, სამ დღეში როგორღაც შეეჩვევა, რაღაც დონეზე მაინც. ეჰ, რამდენი ოცნება დარჩა აუხდენელი, რამდენი სურვილი მოუსურვილებელი, იდეები - განუხორციელებელი... ეგ არაფერი. ცხოვრებაა ასეთი. ყველა ოცნებას ვერ აიხდენ, ზოგი ჩაგივლის...

მეორე დილით ადრე ადგა და ბანკისკენ გაეშურა, ფული უნდა მოეხსნა და ლეონისთვის გადაერიცხა. ჯერ ბანკომატთან მივიდა, თანხის ნაწილი რომ გამოეტანა, რათა დასაფლავების ხარჯებისთვის გადაედო, მაგრამ ბანკომატმა ბარათი ჩაუყლაპა. არა, ბარათი კი არა, ფული. აღება დააყოვნა, სადღაც, ფიქრებში გადაიჭრა, ამასობაში ფული უკანვე ჩაყლაპა აპარატმა. იქვე მდგარ გოგონას სთხოვა შველა, იმან ოპერატორთან გადაამისამართა. ოპერატორმა ხელოსანი გამოიძახა და... მოკლედ, ამ ყველაფერმა დრო წაიღო. მერე იმავე ოპერატორს საკუთარი თანხიდან სხვა ანგარიშზე გადარიცხვა სთხოვა. რამდენიმე წუთში შეპირებული თანხა უკვე ლეონის ანგარიშზე იდო.

უკან რომ ბრუნდებოდა, მარკეტში შეიარა, კიტრი, პამიდორი და ყველი იყიდა. სახლში არაფერი მოეძევებოდა, საჭმლის მომზადების არც თავი ჰქონდა, არც სურვილი. ბოლო დროს ისედაც ცოტას ჭამდა. გახდა... დაეტყო... ლოყები ჩაუცვივდა, თვალები ამოუღამდა. ჰოდა, ახლა სალათა, ყველი და პური სწორედ რომ მისწრება იყო მისთვის, სხვა არც არაფერი უნდოდა.

უკანა გზაზე ტელეფონში ფულიც ჩარიცხა, რომ შვილისთვის დაერეკა, ამჯერად... უკანასკნელად. თაია მას ცოცხალს ვეღარ ჩამოუსწრებდა.

ჭამა და სული მოითქვა, თვალებში გამოიხედა. მაისი უკანასკნელ დღეებს ითვლიდა... მაიკოსავით. უცნაური ამინდი იდგა. ხან წვიმდა, ხან მზე აცხუნებდა. დარი და ავდარი დღეში რამდენჯერმე ენაცვლებოდა ერთმანეთს.

მთელი დღე უაზროდ გაატარა. საქმე აღარაფერი ჰქონდა, მხოლოდ წერილი უნდა დაეწერა. დაჯდა და წერას შეუდგა. თბილად დაემშვიდობა თავის დაუვიწყარ სიყვარულს, პატიება სთხოვა, რომ სიმართლე არ გაუმხილა, რომ კიდევ ერთხელ ატკინა გული და შეჰპირდა, თუ იმქვეყნად რამე არსებობდა, იქ მაინც შეხვდებოდა. მადლობაც გადაუხადა მასთან გატარებული დღეებისთვის. მადლობის თქმას წინ რა უდგას? ეს ის ბაფთაა, რომელიც საჩუქრის ყუთს აქვს შემოხვეული და ალამაზებს. გოჩა ამას იმსახურებდა. ბოლოს მიაწერა, ტკივილამდე მიყვარხარო და სამი ძახილის ნიშანი დასვა. მერე წერილი ორად გაკეცა, ნაწერი მხარე გარედან მოაქცია, ქაღალდის წებო წაუსვა და წიგნის შუა ფურცლებში ჩააწება.

მერე ბინდი თანდათან ჩამოწვა. შუქი აანთო და მაგიდას მიუჯდა. რატომღაც, შესცივდა, არადა, თბილი საღამო იდგა. პლედი ფეხებზე შემოიხვია და მობილური მოიმარჯვა, თაიასთვის უნდა დაერეკა.

ზარი კარგა ხანს არ გავიდა. მერე კარგა ხანს თაიამ არ უპასუხა. ბოლოს, როგორც იქნა, ნაცნობი ხმაც გაისმა.

- ალო!

- თაი, როგორ ხარ, დედი?

- კარგად ვარ, - ცივად უპასუხა შვილმა.

- ხომ კარგად მიგდის საქმეები? - ანერვიულებულმა ნერწყვი გადააგორა.

- როდის აქეთ დაინტერესდი ჩემი საქმეებით?

არ უპასუხა.

- რატომ დამირეკე? რამე გჭირდება? - თითქოს დასცინოდა ქალიშვილი.

მაიამ ღრმად ამოიოხრა.

- რაღაც უნდა გითხრა... მნიშვნელოვანი, იმიტომ გირეკავ.

- მითხარი.

- როცა ჩამოხვალ, აქ, ბინაში, ჩემს მაგიდაზე, საბუთები დაგხვდება... - სიტყვებს ძლივს პოულობდა.

- რა საბუთები? შენ სად მიდიხარ?

- მე მივდივარ... იქ, საიდანაც არ ბრუნდებიან.

- ვერ გავიგე, რა ქარაგმებით მელაპარაკები?

- მოკლედ, ეს საბუთები ანდერძია. ბინას შენს სახელზე ვტოვებ.

- რა? რაღაც არეულად მელაპარაკები, ვერაფერს ვერ მივხვდი, საით მიდიხარ, რა ანდერძი, რა გჭირს? რა დროს შენი ანდერძია!

- მე ვკვდები, თაი, სულ რამდენიმე დღეღა დამრჩა.

მობილურში სიჩუმემ დაისადგურა. თაია ალბათ ნათქვამს აანალიზებდა.

- დედა! - გაისმა ცოტა ხნის შემდეგ მისი ჩაწყვეტილი ხმა.

მაიკომ კრინტი ვერ დაძრა, ცრემლები ყელში მობჯენოდა. რამდენი ხანია, შვილს მისთვის ასე არ მოუმართავს.

- დედა, აქ ხარ?

- აქ ვარ, კი.

- ამიხსენი, რა ხდება. დამშვიდდი და დალაგებულად ამიხსენი ყველაფერი.

- სიმსივნე მაქვს, ფილტვების, მეოთხე სტადია, ბოლო კატეგორია.

- რას ამბობ! ვინ გითხრა, რა სიმსივნე, საიდან მოიტანე ეგ სისულელე?

- კარგა ხანია, მაქვს, უბრალოდ, არ მინდოდა, შენ გაგეგო. შენი შეწუხება არ მინდოდა. მინდა, კარგად იყო, მინდა, ცუდად არ გამიხსენო. გასვენებაშიც ნუ ჩამოხვალ. აქ ყველაფერს მოუვლიან, უშენოდაც. ჩემი მეგობრები. ფული მაქვს, მაგის პრობლემა არ მიდგას.

- კვირის ბოლომდე ჩამოვფრინდები! - იყვირა თაიამ.

- არა, არ წამოხვიდე. შეიძლება ვერც ჩამომისწრო. უკვე ყველაფერი დაგვიანებულია.

- რას ამბობ, დედა! მე აქ რა გამაჩერებს, როცა შენ ასე გიჭირს.

- არაფერიც არ მიჭირს, ყველაფერი უკვე ჩავლილია. არ წამოხვიდე, იცოდე!

- და ვინ არის შენ გვერდით, ვინ გივლის?

- მყავს მომვლელები, ნუ გეშინია. არაფერი არ მაკლია.

- ღმერთო, სიზმარი მგონია ეს ყველაფერი. რატომ მოხდა ასე, რატომ? ჯერ მამა, ახლა შენ...

- ცოდვებმა მიწია, თაი, ცოდვებმა. ვერ გამოვდექი კარგი დედა. მაპატიე, შვილო, ყველაფერი მაპატიე.

- შენ რა გჭირს საპატიებელი, ნუ გადამრიე. მე ვარ დეგენერატი, ჩემი ბრალია ყველაფერი.

- მორჩა, მორჩა, არ გვინდა ამაზე ლაპარაკი. არ ჩამოხვიდე, გაიგე? აზრი არა აქვს შენ ჩამოსვლას.

- აქ რა გამაჩერებს, როცა შენ ასე გიჭირს, გაგიჟდი?

- დამიჯერე, რასაც გეუბნები. როცა ყველაფერი დამთავრდება, შეგატყობინებენ. ვითომ შენ არაფერი არ იცი. ასე ჯობია. - ამის თქმა და სალაპარაკო ამოეწურა, კავშირი გაწყდა.

ოჰ, როგორ დაუმძიმდა გული. იქნებ არ უნდა დაერეკა? იმასაც სადარდებელი დაუმატა. ისედაც ხომ გაიგებდა თავის დროზე? არა, არ უნდა დაერეკა.

კარგა ხანს იჯდა თავჩაქინდრული და ელოდა. ეგონა, თაია თვითონ დაურეკავდა. ტელეფონი კი დუმდა.

ძალიანაც კარგი, რომ არ დაურეკა. ასე აჯობებს. რა საჭიროა სენტიმენტები? ამოიკვნესა და წამოდგა. მთელ სხეულში ამტვრევდა, თითქოს სურდო შეჰყროდა. მთელი შიგნეულობა უხურდა. ცოტა ხანში იგრძნო, როგორ გაუხშირდა სუნთქვა, უჰაერობა ეწყებოდა. თვალებით მოძებნა თემოს დანატოვარი სუნთქვის აპარატი და ცხვირზე აიფარა. საწოლამდე მილასლასდა და წამოწვა. როგორმე უნდა მოეთმინა ორი დღე და მორჩა, მის წამებას ბოლო მოეღებოდა.

გოჩა ადგილს ვერ პოულობდა. აღარ იცოდა, რა მოემოქმედა. ფული ჩაერიცხა. თანხისთვის ხელი არ უხლია. როცა საქმეს ვერ "გააკეთებდა", პატრონს მისწერდა და თანხას უკანვე გადაურიცხავდა. ამით სწრაფად გაარკვევდა, ვისთან ჰქონდა საქმე. საჭიროების შემთხვევაში მეგობრებს დაიხმარებდა, უშიშროებაშიც ჰყავდა ნაცნობები. არა, შემკვეთის დაჭერა აზრადაც არ გაუვლია, მაგრამ როცა გაიგებდა, ვინც იყო, სახლში მიუვარდებოდა და დაემუქრებოდა, თუკი შენს განზრახვაზე ხელს არ აიღებ, ციხე არ აგცდებაო. ასე გაგრძელება აღარ გამოდიოდა. საინტერესო ის იყო, საიდან იცოდა დამკვეთმა, რომ მაიკო ხუთშაბათს, ზუსტად ორ საათზე სახლიდან გამოვიდოდა? დაურეკავდა? შეხვედრას დაუნიშნავდა? და სად, პირდაპირ თავისსავე სადარბაზოსთან დაიბარებდა? მაიკოც გულუბრყვილოდ დაეთანხმებოდა და გამოვიდოდა? იქ კი ჩასაფრებული კილერი დახვდებოდა და...

გულდამძიმებული ის დღეები სახლიდან არ გამოსულა. დედამისი მდუმარედ ადევნებდა თვალს შვილის ასეთ უეცარ ცვლილებას. იცოდა, რაც ხდებოდა. მიხვდა, რომ მაიკომ სიტყვა შეასრულა და მასთან ურთიერთობა გაწყვიტა. უყურებდა მანანა ერთადერთი ვაჟის ტანჯვას და გული ტკივილით ევსებოდა. ისედაც სიტყვაძუნწი და გაუცინარი გოჩა ახლა მთლად სამარის ქვას დაემსგავსა. კრიჭაშეკრული მთელი დღე თავის ოთახში იყო წამოწოლილი და ან ჭერს მიშტერებოდა, ან თავქვე დამხობილი, ოთხად მოკეცილი გმინავდა.

რა უფრო გამართლებული იქნებოდა? ეთქვა გოჩასთვის სიმართლე და კვლავ მაიკოსთვის დაებრუნებინა იგი? თუ დალოდებოდა იმ დღეს, როცა მაიას სიცოცხლე დამთავრდებოდა? არა, გოჩა არ უნდა მიბრუნებულიყო მასთან. თუ მაია ხელში ჩააკვდებოდა, ამას გოჩა ვეღარ გადაიტანდა. თავისი შვილის ბუნებას მასზე კარგად არავინ იცნობდა. მერეც ეყოფოდა ტანჯვა-ვაება, როცა მისი სიკვდილის ამბავს გაიგებდა.

გოჩა კი ხუთშაბათის დადგომას ელოდებოდა. ოთხშაბათ ღამეს წამითაც ვერ მოხუჭა თვალი. ნერვებს ვერ იწყნარებდა, თავს ვერ იოკებდა. ერთი სული ჰქონდა, გათენებულიყო და სამალავისთვის მიეშურებინა. იმედი ჰქონდა, რომ დამკვეთს გაშიფრავდა, ბოლოს და ბოლოს, მიაგნებდა და ამ სახიფათო საქმეს ერთხელ და სამუდამოდ წერტილს დაუსვამდა. აი, სიმართლეს რომ გაიგებდა, მერეღა მოიფიქრებდა, უღირდა თუ არა მაიასთან ურთიერთობის გაგრძელება. ხვალინდელი დღე გადაწყვეტდა, რამდენად გულწრფელი იყო მისი და მაიას ბოლო შეხვედრები და რა იმალებოდა მისი იდუმალებით მოცული პიროვნების უკან.

როგორც იქნა, ინათა, ცა იასამნისფრად შეიღება. მზემ ზოზინით დაიწყო ამოცურება, ქვეყნის დასალიერი ოქროსფრად შეიღება.

გოჩა გაემზადა, საგულდაგულოდ ჩაკეტილი უზარმაზარი სეიფი გამოაღო, თავისი განუყრელი ჩანთა მხარზე მოიგდო და სახლიდან გამთენიისას გავიდა, რომ დედას არ გაღვიძებოდა. შაშხანა არ წაუღია, სეიფში დატოვა, ის დღეს არაფერში სჭირდებოდა.

დედას კი არ ეძინა. არ იცოდა, საითკენ მიიჩქაროდა მისი შვილი, მაგრამ არც უცდია, ეკითხა. როცა გოჩამ კარი გაიხურა, თვალები ცრემლით დაენამა. ერთადერთი შვილი ხელიდან ეცლებოდა და მის გადასარჩენად ვერაფერს აკეთებდა.

გოჩა კარგა ხანს სკვერში იჯდა. შიმშილისგან გული რომ არ წასვლოდა, ცხელი ხაჭაპური იყიდა და უგემურად შეუდგა ჭამას...

დანაყრდა. ამასობაში დრომაც მოატანა. დაკვეთის შესრულებამდე ერთი საათიღა რჩებოდა. ჩქარი ნაბიჯებით გაუყვა ტროტუარს და მაიკოს მოპირდაპირე მხარეს მდებარე კორპუსის სადარბაზოში გაუჩინარდა.

ფეხით ავიდა ბოლო სართულზე. წინასწარ მომზადებული გასაღებით სახურავზე ასასვლელი რკინისცხაურიანი კარის ბოქლომი გააღო და კვლავ გარედან ჩაკეტა.

როცა შეგულებულ ადგილზე მივიდა, ჩანთა გახსნა, ხაკის სამხედრო ფარდაგი ამოიღო, გაშალა და ზედ გაწვა. მერე ბინოკლი მოიმარჯვა და სახურავიდან გადაიხედა. მაიკოს ფანჯარაში არავინ ჩანდა. ფარდა ისევ ისე იყო ჩამოფარებული, როგორც ადრე. ქუჩა შეათვალიერა. ადამიანები მიდიოდნენ, მოდიოდნენ, საეჭვო არავინ ჩანდა.

დრო იწელებოდა. გოჩას გულს ბაგაბუგი გაჰქონდა. ერთი სული ჰქონდა, ენახა, მაიკო მარტო გამოვიდოდა სადარბაზოდან თუ ვინმესთან ერთად. ქუჩას წამითაც არ აშორებდა ბინოკლს, ყველა კუთხე-კუნჭულს ზვერავდა.

მაიკო დილიდანვე გაემზადა. ლამაზად ჩაიცვა, მაკიაჟიც გაიკეთა, რომ სიკვდილს კარგ ფორმაში დახვედროდა. მაგიდაზე ხათუნას სახელზე მსხვილი ასოებით დაწერილი წერილი დატოვა, რომელშიც იტყობინებოდა, როცა მოკვდებოდა, რა უნდა გაეკეთებინა მეგობარს, დასაფლავების ხარჯებისთვის საჭირო ფული სად ინახებოდა. დატოვა მამა გიორგის და თემოს ტელეფონის ნომრები, ჩემს დასაფლავებას ამ ადამიანებს ვთხოვ და ორივეს დაუკავშირდიო. ტექსტი ისე იყო დაწერილი, რომ მის თვითმკვლელობაში ეჭვი არავის შეეტანა. ამას ისე ვწერ, ყოველი შემთხვევისთვის, იმიტომ, რომ არ ვიცი, რაწამს მოვკვდები. იქნებ ისე მოულოდნელად გავხდე ცუდად, რომ ვერავის გაფრთხილება ვერ მოვასწროო. წერილი გამოსაჩენ ადგილას დადო. მერე სანთელი აანთო და, ცხოვრებაში პირველად, ლოცვა წაიკითხა, როგორც მამა გიორგიმ გუშინ ასწავლა. ეკლესიაში შეუარა და მოიკითხა, თითქოს გამოსამშვიდობებელი რიტუალი ჩაატარა. მე რომ მოვკვდები, შენ უნდა მაზიაროო, ღიმილით აუწყა.

თავს საშინლად გრძნობდა. დილიდან უჭმელი იყო. შიმშილმა კუჭი აუწრიალა, მაგრამ მაინც არ შეჭამა. ღებინების შეგრძნება თავს არ ანებებდა. ვერ ხვდებოდა, შეტევა უახლდებოდა, თუ უჭმელობის გამო გრძნობდა თავს ასე ცუდად.

მორჩა, ყველაფერი მოითავა.

ახლა სწორედ საკუბოედაა გამოწყობილი. მისი ჩაცმა არავის მოუწევს. ყველა მიხვდება, რომ საგანგებოდაა გამოპრანჭული. მართალია, ჯერ ალბათ პროზექტურაში წაასვენებენ, როგორც მოკლულს, მაგრამ იქ ხომ არ დატოვებენ? ბოლოს ხომ მაინც შინ მოასვენებენ? ჰოდა, ისევ იმას ჩააცმევენ, რაც ახლა აცვია. თუმცა, არა, ის ვერ გაითვალისწინა, რომ მოხვედრილი ტყვია ტანსაცმელს სისხლით მოუსვრიდა. ჰო, ეს უნდა გაეთვალისწინებინა. კარადა გამოაღო, ერთი ხელი ტანსაცმელი გამოიღო და იქვე, საწოლზე გადაფინა. ეს კიდევ ერთი ნიშანი იყო იმისა, რომ კუბოში ამ სამოსით ჩაესვენებინათ. საინტერესოა, სად მოხვდება სნაიპერის ტყვია, შუბლში? ალბათ. სნაიპერები ხომ შუბლში უმიზნებენ თავიანთ მსხვერპლს. ან იქნებ გულში? გააჩნია, ლეონი რომელს ამოირჩევს. თუ უნდა, რომ მიცვალებული არ დამახინჯდეს, მაშინ გულში უნდა მოარტყას. თუ მისთვის სულერთია, მაშინ ალბათ შუბლს გაუხვრეტს და ეგ იქნება. ახლა ამაზე ფიქრი და დარდი არ ღირდა. ახლა ერთი ზარიღა დარჩა, ერთი დარეკვა და ორი საათიც გახდება. მობილური მოიმარჯვა და გოჩას ნომერი მოძებნა. დარეკა... ტელეფონი გამორთული იყო. ეწყინა. როგორ უნდოდა, ერთხელაც გაეგონა მისი ხმა და ერთადერთი სიტყვა ეთქვა: `მიყვარხარ~. მერე გაუთიშავდა და მობილურს გამორთავდა, რომ მას რეკვა არ აეტეხა. და თუკი მაშინვე მისკენ გამოეშურებოდა, აქ უკვე მისი გვამი დახვდებოდა.

ბინიდან გამოვიდა, კარი ჩაკეტა და გასაღები ჩანთაში ჩაიგდო. ნელი ნაბიჯებით გაიარა სართულის მოედანი, კიბეს ჩაუყვა და შემოსასვლელს მიაშურა. სადარბაზოს კართან შედგა, ჰაერი ჩაისუნთქა და გავიდა. ჯერ ირგვლივ მიმოიხედა, მერე წინა კორპუსს ახედა, სადაც მისი სიკვდილი თუ მკვლელი უნდა ყოფილიყო ჩასაფრებული და გაიღიმა. თვალები დახუჭა და გაჩერდა, მისთვის განკუთვნილ ტყვიას ასე, თვალებდახუჭული და გაღიმებული დაელოდა...

გოჩამ გულზე ჩხვლეტა იგრძნო, როგორც კი მაია სადარბაზოდან გამოვიდა. ბინოკლში ნათლად ჩანდა მისი სახე - ლამაზი, ღიმილიანი. როგორი გამოპრანჭული იყო, თითქოს წვეულებაზე მიიჩქაროდა. ქალი გაჩერდა, სახიდან ღიმილი არ შორდებოდა. იდგა და თითქოს ვიღაცას ელოდა. ნუთუ ვინმემ უნდა მოაკითხოს? სუნთქვა გაუჩერდა. ამ დროს პირდაპირ მისკენ მიმავალი ქალი დაინახა, რომელსაც ჯაჭვზე გამობმული ძაღლი მიჰყავდა. არა, ის დამკვეთი ვერ იქნებოდა, უფრო მეზობელი უნდა ყოფილიყო, რომელიც ძაღლს ასეირნებდა.

უეცრად რაღაც მოხდა. მაიკოს ღიმილი სახეზე შეეყინა, თავი წინ გადახარა, ხელი გულზე მიიდო და ისეთი მოძრაობები გააკეთა, თითქოს ხველება აუტყდაო.

მერე თავი ასწია. გოჩა თვალებს არ უჯერებდა. ქალს ხელები და პირი სისხლით ჰქონდა მოსვრილი. მაიკო მოულოდნელად ჩაიკეცა და ბეტონზე დაეცა.

ეს რას ნიშნავს? ნუთუ სხვაც იყო დაქირავებული? ვინ ესროლა? როგორ? საიდან? წამოხტა. ისე იყო დაბნეული, ვერ მოისაზრა, საით გაქცეულიყო.

როგორც იქნა, გონს მოეგო, ფარდაგი აკეცა, ბინოკლიანად ჩანთაში ჩაუძახა და კარს ეცა. აცახცახებული ხელებით ძლივს მოარგო გასაღები ბოქლომს და როცა კარი გააღო, დაკეტვა აღარ უცდია, კისრისტეხით დაეშვა კიბეზე.

დააგვიანა. სანამ პირველ სართულამდე ჩაირბინა, სანამ სადარბაზოდან გამოვარდა, ქუჩა გადაირბინა და მაიკოს კორპუსამდე მიაღწია, ყველაფერი დამთავრებული იყო. მაიკო არსად ჩანდა. კორპუსის წინ კი კარგა გვარიან ხალხს მოეყარა თავი.

- რა მოხდა? - აქოშინებულმა ერთს ჰკითხა.

- მეზობელი გახდა ცუდად და საავადმყოფოში წაიყვანეს.

- `სასწრაფოს~ მანქანით? - დაზუსტება სცადა.

- არა, არა, `სასწრაფოს~ არ დალოდებიან. მეზობლებმა... თავიანთი მანქანით.

- იციან, ვინ ესროლა? პოლიციას გამოუძახეს?

- ესროლა? არა მგონია... დაჭრილი არ ყოფილა... მგონი, ცხვირიდან სისხლი წასკდა თუ რაღაც....

მადლობა ღმერთს... თუ ასეა, მაშინ არა უშავს. მაშინ ყველაფერი რიგზეა. გოჩამ ხარბად ჩაისუნთქა ნესტიანი ჰაერი და თავჩაღუნული ქუჩას გაუყვა...

ახლა ძილის მეტი არაფერი უნდოდა. მერე კი, საღამოს, მაიასთან ავიდოდა და ყველაფერს მოუყვებოდა... სიმართლე დღესვე უნდა გარკვეულიყო... დრო არ იცდიდა...

ნინოს გოჩას დანახვაზე გულზე შემოეყარა. მამაკაცი ერთიანად გაოფლილიყო, სველი პერანგი სხეულზე მიკვროდა. სახე და შუბლიც ოფლით ჰქონდა დაცვარული და გაფითრებულს სასოწარკვეთილი იერი დასდებოდა.

_ მოხდა რამე? _ ხმადაბლა შეეკითხა დედა.

_ ჰო, _ გოჩამ კბილი კბილს დააჭირა, რომ არ ეყვირა. რატომღაც, მოუნდა, ახლა, ამწუთას დედაზე შური ეძია, ახლა, ამწუთას გამოეცხო ისეთი ტყუილი, რომ გამზრდელს გული მოკვდომოდა. თუმცა, ეს არც იქნებოდა ტყუილი, რადგან როცა მაიას სახე და მკერდი სისხლით შეეღება, ეგონა, რომ მას მართლა ესროლეს.

_ რა მოხდა, შვილო, ხომ მშვიდობაა? _ ნინომ გულზე მიიჭირა გაშლილი ხელისგულები, მუხლები მოეკეცა.

_ ახლახან მაიკოს ესროლეს… და მგონი, მოკვდა. _ თქვა და დედას ნელა, ძალიან ნელა შეხედა, თან მის რეაქციას დაელოდა.

ნინოს მოულოდნელობისგან ყბა მოექცა. მაიკოს სიკვდილის ამბავს ალბათ შინაგანად ელოდა კიდევაც, იცოდა, ქალის დღეები დათვლილი იყო, მაგრამ მკვლელობა მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

_ ვინ? რატომ?

_ არ ვიცი, ვინ… არც ის ვიცი, რატომ. _ ამოიგმინა გოჩამ, დივანზე ჩამოჯდა და თავი ხელებში ჩარგო.

კარგა ხანს სიჩუმე ჩამოწვა. ნინო გონს მოეგო, ვაჟს მიუახლოვდა, თავზე ხელი გადაუსვა, მისი სახე მკერდზე მიიხუტა, ტუჩით შვილის თმას შეეხო და ჩურჩულით ამოთქვა:

_ ბედისწერის შეცვლა არავის შეუძლია, შვილო. მაიკოს დღეები ისედაც დათვლილი იყო. ის მაინც მოკვდებოდა.

გოჩამ სწრაფად ასწია თავი, დედის ხელები მოიშორა, ზეზე წამოიჭრა და გამჭოლი მზერა მიაპყრო მშობელს.

_ რას ნიშნავს, მაინც მოკვდებოდა?

_ მას ფილტვის სიმსივნე ჰქონდა, მეოთხე სტადია. უკვე დღეებს ითვლიდა.

_ რა? _ გოჩას ნიკაპი აუკანკალდა, მხოლოდ ახლაღა გაიაზრა, რატომ გადაწყვიტა საყვარელმა ქალმა მასთან განშორება, _ შენ საიდან იცი?

_ სრულიად შემთხვევით გავიგე, _ იცრუა ნინომ, _ მაგრამ ვერ გითხარი. ვიფიქრე, ინერვიულებს-მეთქი.

გოჩას ძალა წაერთვა. კვლავ დივანზე ჩამოჯდა, დედას ხელები დაუჭირა, თავი ზედ დააყრდნო და… აქვითინდა.

ამ შემაძრწუნებელი სურათის დანახვას დედის გულმა ვეღარ გაუძლო. გონდაკარგული ნინო იატაკზე მოცელილივით დაეცა…

 

მაიამ ერთი კვირა დაჰყო საავადმყოფოში. თემო, რომელსაც იმ საღამოსვე დაურეკა, გვერდიდან არ შორდებოდა. ყოველდღე მოდიოდა მის სანახავად. მაიას ავადმყოფობის ისტორია მასზე უკეთ ვინ იცოდა, ამიტომ ქალის მკურნალ ექიმთან კონსულტაციებს მართავდა.

ერთხელ მამა გიორგიმაც ინახულა. მთელი საათი ეჯდა სასთუმალთან და ლოცვებს უკითხავდა. როგორ სიამოვნებდა მაიას, მისი მონოტონური ხმა რომ ესმოდა. მღვდელი თითქოს კი არ უკითხავდა ლოცვას, არამედ უგალობდა.

_ როგორც კი აქედან გამწერენ, ჩემი საუკეთესო მეგობრები ერთად უნდა შეგყაროთ, გოგა, _ დაიჩურჩულა მაიკომ, როცა მამა გიორგიმ ლოცვა დაამთავრა,

_ მინდა, ჩემს სიკვდილს მხოლოდ ჩემთვის საყვარელი ადამიანები დაესწრონ, _ დაამატა და თვალები ცრემლით აევსო.

_ ჯერ ნაადრევია სიკვდილზე საუბარი, ჩემო მაიკო, _ მღვდელმა ჰაერში პირჯვარი გადასახა, _ თუმცა, ბოლოს ყველა ჩვენგანი წარდგება უფლის წინაშე. ასეთია ღვთის ნება.

მაიამ ცრემლიანი თვალები მილულა და სუსტად გაიღიმა. მისთვის ეს ვერაფერი ნუგეში იყო…

 

გოჩა ყოველ საღამოს მიდიოდა მაიკოს კორპუსთან, მაგრამ იქ შუქი ანთებული ერთხელაც არ დახვედრია. მიხვდა, რომ ქალი ჯერაც არ გამოეწერათ საავადმყოფოდან. ძებნა არ დაუწყია, დაელოდა, როდის დაბრუნდებოდა მისი ოცნების ქალი შინ. არც დარეკვა უცდია, შეეშინდა, არ ინერვიულოსო. ასე განვლო ერთმა კვირამ.

როგორც იქნა, მეშვიდე დღეს გაუმართლა. საღამოს ხანს, როცა კიდევ ერთხელ დაზვერა ნაცნობი კორპუსი, მაიკოს ბინაში შუქი შენიშნა. როგორ აღელდა… ისე ანერვიულდა, სპაზმები დაეწყო. მანქანა სადარბაზოსთან დააყენა და სასწრაფოდ გადმოვიდა. სახე ღამის ჰაერს შეუშვირა და ღრმად ჩაისუნთქა. როცა შედარებით დაწყნარდა, მობილური მოიმარჯვა და დარეკა.

_ გისმენთ! _ გაისმა ქალის მისუსტებული ხმა.

გოჩას ჟრუანტელმა დაუარა მისი ხმის გაგონებაზე. რას არ გაიღებდა, ოღონდ ეს ხმა ყოველდღე მოესმინა. მხოლოდ ეს ერთი «გისმენთ» მთელ სიცოცხლედ უღირდა.

_ მე ვარ, გოჩა, _ ძლივს მოაბა სათქმელს თავი.

_ ვიცი… ალბათ აქ ხარ, ახლომახლო, არა?

_ ჰო, შენს ფანჯრებთან ვდგავარ.

_ ამოდი…

_ მარტო ხარ?

_ ჰო, მარტო ვარ, თემო ეს-ესაა, წავიდა.

ავიდა… ზარის დარეკვა არ დასცალდა, რადგან კარი იმწუთასვე გაიღო, როგორც კი მიუახლოვდა. გოჩას მაიას დანახვაზე თავზარი დაეცა. ეს არ იყო ის ქალი, რომელსაც იცნობდა, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ თავის სადარბაზოსთან გამოპრანჭული იდგა და უცნაურად იღიმოდა. მის წინ თითქოს მკვდრეთით აღმდგარი მიცვალებული იდგა _ ჩაცვენილი ღაწვებით, ამოღამებული თვალებითა და მიტკალივით გაფითრებული სახით.

ერთმანეთისთვის სიტყვა არ უთქვამთ. გოჩამ ზღურბლს გადააბიჯა და ქალი გულში ჩაიკრა. მაიკომ ზურგზე მოხვია ხელები, ჩაეხუტა და თავი მის მკერდში ჩამალა. დიდხანს იდგნენ ასე და ერთმანეთის დუმილს უსმენდნენ. ამ დუმილში კი უფრო მეტი იკითხებოდა…

 

_ ამიტომ მკარი ხელი? _ გოჩა ხელებს უკოცნიდა წამოწოლილს და ნაზად შესცქეროდა.

_ ჰო. არ მინდოდა, შენთვის სატანჯველი მომემატებინა. არ მინდოდა, მაინცდამაინც ჩემი სიკვდილის მოწმე გამხდარიყავი. _ დაუმალა, დედამისი რომ ესტუმრა. არ უნდოდა, შვილს დედაზე კიდევ ერთხელ აცრუებოდა გული.

_ სულელო. იმაზე უარესი რა უნდა დამმართოდა, რაც შენი უარით დამმართე? _ გაუღიმა მამაკაცმა და მისი მარჯვენა გულზე მიიხუტა. _ მე ბოლომდე შენ გვერდით ვიქნები, დღეც, ღამეც… რომც გამაგდო, აქედან ფეხს არ გავადგამ.

_ აღარ გაგაგდებ, მაგრამ ისეთი ვეღარ ვიქნები, როგორიც შეგხვდი. ახლა ძალიან დასუსტებული ვარ, არაფრის თავი არ მაქვს.

_ ვხვდები, რასაც გულისხმობ. ნუ ხარ სულელი, მე ეს არაფერში მჭირდება. მთავარია, ერთად ვართ და განსაცდელსაც ერთად დავხვდებით. შენ წახვალ, მერე ოდესღაც მეც შემოგიერთდები და ჯვარსაც იქ დავიწერთ, ზესამყაროში.

მაიკოს გაეცინა. მამაკაცის ვეება ხელისგან ხელი გაითავისუფლა და სახეზე ჩამოუსვა. თითებით შემოხაზა მისი სახის ოვალი, ცხვირისა და ტუჩების კონტურები და ბოლოს გაშლილი ხელისგული მის ლოყაზე დაასვენა.

_ არ გამიშვა ხელი, ხომ? _ ბავშვური მიამიტობით გაუღიმა.

_ არ გაგიშვებ, _ გულდათუთქულმა მამაკაცმა მიაკოს ხელს თავისი ხელი დაადო და თვალები მილულა.

_ საიდან გაიგე ჩემი ამბავი?

_ დედაჩემმა მითხრა, შემთხვევით გაუგია.

მაიას მწარედ გაეღიმა. როგორც ჩანს, გოჩას დედა სინდისმა შეაწუხა, რადგან შვილს სიმართლე არ დაუმალა…

მალე ჩაეძინა. გახშირებულად სუნთქავდა, ძილში შფოთავდა. მის სხეულს თანაბრად სუნთქვა უფრო და უფრო უჭირდა.

გოჩა ფრთხილად წამოდგა. მზრუნველად შემოუკეცა თხელი საბანი ქალს და ფეხაკრეფით დატოვა ოთახი. უეცრად დამკვეთი გაახსენდა. გადაწყვიტა, მისთვის მიეწერა და ყველაფერი აეხსნა, მერე ფულის დაბრუნებაზე დალაპარაკებოდა და ამით კვალზე გასულიყო.

კვლავ საძინებელში შებრუნდა და მაიკოს კომპიუტერს მიუჯდა. ჩართო. ეკრანი განათდა, პროგრამები ჩაიტვირთა…

საძიებელში ფეისბუქი მოძებნა… მონიტორზე ორი ჩარჩო გამოჩნდა… ერთზე მაიკოს სურათი იდო თავისივე სახელით. მეორე პროფილი კი… მეორე მაიას არ ეკუთვნოდა, მაგრამ მისთვის ეს პროფილი ძალიან, ძალიან ნაცნობი იყო _ ზაფხულის პეიჟაზის ქვეშ წარწერა «პიმპუ» იკითხებოდა.

ეს როგორ უნდა გაეგო? გამოდის, მისი მოკვლა მისსავე მეგობარს სურს? ვიღაც ისეთს, რომელიც მის სახლში ნამყოფია, რომელსაც მისი კომპიუტერით უსარგებლია… როგორც ჩანს, აქედანაც ელაპარაკებოდა გოჩას და ქილერს მითითებებს აძლევდა. საინტერესოა, ვინ არის? მორჩა, ეს ამბავი დღესვე უნდა გაარკვიოს. როგორც კი მაია გაიღვიძებს, დაელაპარაკება და ყველაფერს აუხსნის.

ვეღარ ისვენებდა. კომპიუტერი ჩართული დატოვა და სამზარეულოში გავიდა. წყალი აადუღა და ყავა მოიმზადა. ნატრობდა, მაოს ცოტა ხნით მაინც გაღვიძებოდა, რომ ამით ესარგებლა და მისთვის საჭირო ინფორმაცია მოეპოვებინა. ამაოდ. იმ ღამეს ქალს აღარ გაუღვიძია… გოჩამ კი მთელი ღამე თეთრად გაათენა.

 

მზიანი დილა გათენდა. ზაფხული აზარტში შედიოდა. უფრო და უფრო მატულობდა სიცხე, რისგანაც ჰაერი თანდათან უარესად ჩახუთული ხდებოდა. გოჩამ ადრიანად დააღო ფანჯრები, მანამ, სანამ მზე ამოიწვერებოდა, ოთახები გაანიავა და შემდეგ კვლავ ჩაკეტა, რომ ბინაში სიგრილე შეენარჩუნებინა.

მაიკოს გაღვიძებისთანავე ღიმილი გადაეფინა სახეზე. გოჩა მის გვერდით იყო. ამაზე უკეთესს ვერაფერს ინატრებდა.

გოჩა არ ჩქარობდა, თუმცა სული მისდიოდა, სიმართლე რაც შეიძლება მალე გაეგო. ისაუზმეს, მერე მაიკომ წამლები დალია და კვლავ წამოწვა. გოჩა გვერდით მიუწვა, მისკენ შებრუნდა, თავი თავთან ახლოს მიუტანა და ყურში უჩურჩულა:

_ მაი, რაღაც მინდა გკითხო.

_ მკითხე.

_ შენი კომპიუტერით შენ გარდა კიდევ ვინ სარგებლობს?

_ არავინ. რა იყო? _ მიამიტურად იკითხა, ვერ მიხვდა, რატომ დაუსვეს ასეთი უცნაური შეკითხვა.

_ როგორ თუ არავინ. აბა, პიმპუ ვინ არის? ვისი პროფილია?

ამის გაგონებაზე ქალს ცივმა ოფლმა დაასხა. თავი წამოსწია, იდაყვს დაეყრდნო და მამაკაცს გამომცდელი მზერით დახედა. გოჩამ თვალი თვალში გაუყარა და გაუღიმა.

_ პიმპუ ჩემი ფსევდონიმია. ხანდახან ჩემი რომანის ამონარიდებს ვდებ იქ ჩემი მკითხველებისთვის, _ წამებში მოგონილი ტყუილი სხვისთვის ადვილი დასაჯერებელი იქნებოდა, მაგრამ არა გოჩასთვის.

_ შენი? როგორ თქვი? შენი პროფილია? _ მამაკაცი ზეზე წამოიჭრა.

_ ჰო, რა არის აქ გასაკვირი? ხალხს სამი და ოთხი გვერდი აქვს სხვადასხვა სახელით გაკეთებული. მერე რა? _ მაიკო ვერაფერს ხვდებოდა.

_ მომისმინე, მაო. მე შენთან სერიოზული სალაპარაკო მაქვს და არაფერი არ დამიმალო, იცოდე. საქმე იმაზე რთულადაა, ვიდრე შენ გგონია.

_ ნუ მაშინებ, გოჩა, რა გემართება? _ ქალმა ხელი მოხვია მამამაკაცს და მიეხუტა.

_ მაი, ვიღაცას შენი მოკვლა უნდა. გესმის, ეს რას ნიშნავს? ვიღაცა შენი გვერდიდან შედის ფეისბუქში და იქ ქილერს შენს მოკვლას ავალებს…

მაიკო გველნაკბენივით გაერიდა მამაკაცს. ჩაცვენილი თვალები მოულოდნელობისგან გაუფართოვდა, სუნთქვა კი ისე დაუმძიმდა, სტვენა დაერთო თან.

_ შენ… შენი საიდან იცი?

_ მე ბევრი რამ ვიცი… მითხარი, ვინ იცის კიდევ შენი პაროლი?

_ არავინ… გეფიცები, არავინ. ეს მე…

_ ნუ შეშინდი, საშიში არაფერია. მე შენთან ვარ. შესაშინებლად არ მითქვამს. ძალიან გთხოვ, დაწყნარდი, შენთვის ნერვიულობა არ შეიძლება.

_ არა, არ მეშინია. უბრალოდ… _ შეყოყმანდა, სანამ სათქმელს ბოლომდე იტყოდა და ამოიოხრა.

_ ვინ არის ის ქალი, მითხარი, ვინ არის? მხოლოდ სახელი და გვარი, მეტი არაფერი მინდა.

_ ჯერ ის მითხარი, შენ საიდან გაიგე… _ დაიჩურჩულა სახემოღრეცილმა და ღონემიხდილი საწოლზე მიესვენა.

გადამწყვეტი წამი დადგა. გოჩას სიმართლე უნდა ეთქვა, სხვანაირად დამკვეთის ვინაობას ვერასდროს გაიგებდა.

_ ის ქილერი მე ვარ.

მაიას სხეული უცნაურად შეუთრთოლდა. ნელა შეატრიალა მზერა გოჩასკენ. კარგა ხანს თვალის დაუხამხამებლად მისჩერებოდა მამაკაცის სევდითა და ტკივილით გადავსებულ სახეს. მერე სუსტად ამოიკვნესა, თვალები დახუჭა და გარკვევით ამოთქვა:

_ ის დამკვეთი კი მე ვარ…

დაზაფრული მამაკაცი კარგა ხანს დამუნჯებული შესცქეროდა ფერმიხდილ ქალს და საკუთარ ყურებს არ უჯერებდა…

 

ასე აეხადა ფარდა ორ საიდუმლოს. გოჩა მაიას საქციელით იყო გაოგნებული, მაიკო _ გოჩას პროფესიით. პირველად მაიკომ დაიწყო ამბის მოყოლა. დაძაბული იყო, მაგრამ არ გასჭირვებია, როცა მამაკაცს თავისი განზრახვის შესახებ უამბობდა. წერტილი და მძიმეც არ გამოუტოვებია. შემდეგ გოჩას ჯერი დადგა. მას მეტი ხანი დასჭირდა საკუთარი ცხოვრების პერიპეტიების მოსაყოლად. არც მას გასძნებელია იმის ახსნა, რატომ მივიდა აქამდე, რატომ დასჭირდა, დაქირავებული მკვლელი გამხდარიყო.

როცა ერთმანეთს გული გადაუშალეს, ორივემ შვებით ამოისუნთქა.

_ შენს ფულს დღესვე დაგიბრუნებ, _ ღიმილით გამოუცხადა გამხიარულებულმა მამაკაცმა და ტუჩებზე ხმაურით აკოცა.

_ დაიტოვე, ჩემს დასამარხად დაგჭირდება, _ ხალისიანად გაიცინა მაიკომ. ახლა აღარ ზარავდა სიკვდილის მოახლოება. ახლა მზად იყო ამისთვის, _ შენ უნდა მომაყარო მიწა, ხომ იცი?

_ მეორე აღარ გაიმეორო ეგ სისულელე, გასაგებია? _ დატუქსა გოჩამ და საწოლზე წამოჯდა, _ ახლა მე შენთვის ერთი კარგი წინადადება მაქვს.

_ აბა, მითხარი…

_ რას ინატრებდი ამწუთას ყველაზე მეტად?

მაიკო წამით დაფიქრდა, მერე ბავშვურად გადახარა თავი გვერდზე და ოდნავ გასაგონი ხმით თქვა:

_ ზღვას.

 

ნოტიო ჰაერი იდგა. პლაჟზე სიმლაშის სურნელი ტრიალებდა. ზღვას გამოქცეული ცელქი ტალღები კეკლუცად ეხეთქებოდნენ ქვიშიან ნაპირს, თითქოს ერთმანეთს ცეკვაში ეჯიბრებიანო.

მაიკო იჯდა ნაპირთან, ოდნავ უკან გადაწეული ხელებს დაყრდნობოდა და მის ფეხებთან მოთამაშე ქაფიან ტალღებს უღიმოდა. გოჩა ღრმად შესულიყო წყალში, ძლიერი მკლავებით მიაპობდა მოლივლივე ზღვას და მისი სილუეტი თანდათან პატარავდებოდა ჰორიზონტზე.

რა ხანია, მაია ასე სავსე არ ყოფილა, ასე კარგად არ უგრძნია თავი. ეს იყო ნატვრა, რომელიც აუსრულდა. ეს იყო ოცნება, რომელიც აუხდა. გვერდით ჰყავდა ადამიანი, რომლის სიყვარულს წლების განმავლობაში ფარულად დაატარებდა გულში. მის წინ გადაშლილიყო უკიდეგანო ზღვა, რომლის ხმაური ყოველთვის სასიამოვნოდ უფორიაქებდა სულს. ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა ყოფილიყო? არც არაფერი.

სამი დღე დაჰყვეს ურეკში. მაიკოსთვის მეტი არც შეიძლებოდა. ზღვის ჰაერმა ცოტა მოაღონიერა, გაახალისა. სიცოცხლის სურვილი უფრო გაუმძაფრდა. ხშირად იმეორებდა გულში, სიკვდილი მეზარებაო. როგორ უნდოდა, სიკვდილსაც დაზარებოდა მისი წაყვანა. ცოტა ხნით მაინც.

მდგომარეობა საგრძნობლად გაუუმჯობესდა. სისხლისდენა დროებით შეუწყდა, თითქოს სუნთქვაც დაუმშვიდდა. უხაროდა, რომ სიცოცხლის ბოლო წუთები ასე დაუტკბა.

სამი დღის შემდეგ თბილისში დაბრუნდნენ. თაიამ დარეკვას მოუხშირა. მაიკო ამშვიდებდა, უკეთ ვარ, როგორც მითხრეს, აღარ ვკვდები, ამიტომ არ ინერვიულო და ჩამოსვლაზე აღარც იფიქროო, ამშვიდებდა ქალიშვილს. ნანობდა, რომ იჩქარა და გოგოს ყველაფერს მოუყვა. უკეთესი იქნებოდა, თაიას არაფერი სცოდნოდა.

ჩამოსვლისთანავე თადარიგს შეუდგა. გოჩას სთხოვა, პატარა წვეულების გამართვაში მომეხმარე, მინდა, ჩემი მეგობრები ერთად შევყარო და ერთმანეთი გაგაცნოთო.

გოჩა სიამოვნებით დათანხმდა. სადღესასწაულოდ შაბათი დათქვეს. მაიას რომ არ ეწვალა, გოჩამ კერძები რესტორანში შეუკვეთა. როგორ არ უნდოდა ქალს, მამაკაცი ასე დახარჯულიყო, მაგრამ გოჩამ არ დაანება.

მაიკომ ჯერ თემოს დაურეკა, დაპატიჟა, მერე _ მამა გიორგის. ახლა ეს ერთი სურვილიღა ჰქონდა _ მისი ცხოვრების სამი მამაკაცი, რომლებმაც ყველაზე დიდი როლი შეასრულეს მის ცხოვრებაში, ერთმანეთისთვის გაეცნო. ეს ის სამი ადამიანი იყო, რომელიც გარდაცვალების დღეს მის სასთუმალთან იდგებოდა. ერთი მის გულისცემას გააკონტროლებდა, მეორე ლოცვებს წაიკითხავდა, მესამე კი… მესამე უბრალოდ, სევდიანი მზერით გაამხნევებდა უკანასკნელ გზაზე მიმავალს და ბოლო ამოსუნთქვამდე ხელს არ გაუშვებდა.

კარგა ხანს ყველანი უხერხულად გრძნობდნენ თავს, მაიკოს გარდა, რომელიც დაძაბულობის განმუხტვას წარსულის სასიამოვნო მოგონებებით ცდილობდა.

_ ეს ის მომენტია, როცა თავიდან ბოლომდე აანალიზებ შენს ცხოვრებას და საბოლოო დასკვნა გამოგაქვს. ჩემი ცხოვრება მხოლოდ იმისთვის ღირდა, რომ სიკვდილის წინ თქვენ შეგხვედროდით. როგორც ჩანს, ღმერთმა ასე ინება. ალბათ იქ, სადაც ჩვენი ბედისწერის წიგნი იწერება, მტკიცედ გადაწყვიტეს, რომ თემო ჩემი მკურნალი ექიმი ყოფილიყო, გოგა _ ჩემი მოძღვარი, ხოლო გოჩა _ ჩემი გამამხნევებელი. მაპატიეთ, ბიჭებო, მაგრამ გოჩა ჩემი ყველაზე დიდი სიყვარული აღმოჩნდა, სიყვარული, რომელიც სხვა სიყვარულმა ვერ ჩაანაცვლა. მიხარია, რომ ბოლო წუთებში თქვენ იდგებით ჩემ გვერდით, რომ თქვენ მიმაცილებთ საფლავამდე და დამმარხავთ. ახლა კი, ნუ ჩამოყარეთ ყურები და ვიმხიარულოთ. ხომ ხედავთ, სიკვდილს ჯერ არ ვაპირებ.

მერე დალიეს. სადღეგრძელოები ითქვა. ღვინომ სითამამის ფრთები გაშალა. ისაუბრეს, ამბები გაიხსენეს, თანდათან გაშინაურდნენ და… საღამომ შესანიშნავად ჩაიარა.

მაიასაც ეს უნდოდა. სახელდახელოდ მომზადებული სუფრაც ამას ემსახურებოდა.

_ ახლა აღარ მეზარება სიკვდილი, _ წარმოთქვა გოჩას მკერდზე მისვენებულმა, როცა სტუმრები გააცილეს და მარტონი დარჩნენ…

 

ყველასთვის მოულოდნელად, კიდევ რამდენიმე თვეს იცოცხლა _ მთელი შემოდგომა, ნახევარი ზამთარი… სწორედ ისე ამოხდა სული, როგორც ინატრა. მის საწოლთან სამი მამაკაცი იდგა _ ერთი მის გულისცემას აკონტროლებდა, მეორე ლოცვებს კითხულობდა, მესამე კი… მესამე უბრალოდ, სევდიანი მზერით ამხნევებდა უკანასკნელ გზაზე მიმავალს და ბოლო ამოსუნთქვამდე ხელი არ გაუშვია.

მაია 25 იანვარს გარდაიცვალა… იმ დღეს გოჩას დაბადების დღე იყო… იგი 39 წლის გახდა…

დასასრული