1936 წლის 15 ივლისს დაიბადა ქართველი საესტრადო მომღერალი ნანული აბესაძე. 1964 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაამთავრა ინგლისური ფილოლოგიის ფაკულტეტი. სტუდენტობის პერიოდში ნანული აქტიურად იყო ჩართული თვითშემოქმედების პროექტებში. იმ პერიოდში გია ყანჩელი გეოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა, რომლის დასრულების შემდეგ, კონსერვატორიაში გადაინაცვლა. უნივერსიტეტში სწავლისას სიმღერა "გაზაფხულის ია" დაწერა, რომელიც ნანული აბესაძისთვის უჩუქებია.
ნანი ბრეგვაძე და ნანული აბესაძე, ბავშვობიდან ერთად მოდიან, ერთ კლასში სწავლობდნენ და კარიერაშიც ერთად აიდგეს ფეხი... ახალგაზრდა გოგონები მალევე შეამჩნიეს „რეროს” და „გეპეის ჯაზის” ხელმძღვანელებმა. 1964–1970 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო ანსამბლ „რეროს“ წევრი. ნანულიმდე ანსამბლის სოლისტი ნანი ბრეგვაძე იყო. მას შემდეგ, რაც ნანი მოსკოვში მიიწვიეს, ანსამბლის სოლისტი ნანული გახდა.
განსაკუთრებულია ისიც, რომ მათ დაბადებისდღე ერთ კვირაში აქვთ, ნანული აბესაძე 15 ივლისს არის დაბადებული, ხოლო ნანი ბრეგვაძე 21 ივლისს. წელს ლეგენდებს 89 წელი შეუსრულდათ. თურმე, ბავშვობაში, ნანულის და ნანის გალაკტიონ ტაბიძისთვის უმღერიათ - „ვარდს გაეფურჩქნა კოკორი”. ორივე დიდი ემოციით იხსენებს განვლილ, ლამაზ წლებს.
თავდაპირველად ნანული მთარგმნელობით საქმიანობას აპირებდ, თუმცა გასტროლები, კონცერტების და რეპეტიციების გამო ის მუსიკალურ სფეროში დარჩა. გასტროლებზე ნამყოფია უამრავ ქვეყანაში. მათ შორის საფრანგეთში, უმღერია პარიზში საკონცერტო დარბაზ ოლიმპიაში.
1970–1974 წლებში გახდა ანსამბლ „დიელოს“ წევრი, ხოლო 1974–1986 წლებში საქართველოს სახელმწიფო ხალხური სიმღერის ანსამბლ „თბილისის“ წევრი იყო.
კარიერაში პაუზის აღება მას მხოლოდ ერთხელ ქალიშვილის შეძენის გამო მოუწია. ნანული კოლია სიხარულიძეზე დაქორწინდა. ისინი ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობდნენ.
ჟურნალი "გზა" წერდა, თუ როგორ იხსენებდა ნანული დაოჯახებას.
"ერთხელ ეგვიპტიდან ლამაზი ფეხსაცმელი ჩამოვიტანე. ქუსლი მოსძვრა და "პირიმზეში" მივიტანე. იმ შენობის ინჟინერი კოლია ყოფილა და მოგვიანებით, დირექტორადაც დანიშნეს. მე არ ვიცოდი. დირექტორთან იმიტომ შევედი, რომ ჩემთვის კარგი ხელოსანი გამოეძახა, რომელიც ფეხსაცმელს შემიკეთებდა. შევდივარ ოთახში და შემრჩა კოლია! გამოველაპარაკეთ ერთმანეთს, მოვიკითხეთ. - არ გათხოვილხარო? - არა-მეთქი. წამოვედი და ტელეფონი დავუტოვე, - ჩემი ფეხსაცმელი მზად რომ იქნება, დამიკავშირდი, მოვაკითხავ-მეთქი. სახლში მივედი და კოლიას ტელეფონის ზარი მომყვა. მეორე დღეს დილას, შუადღეს, საღამოს - სულ მირეკავდა. მერე რესტორანში დამპატიჟა. გავბრაზდი: მომღერალი რომ ვარ, შენ "ის" ხომ არ გგონივარ-მეთქი? მაშინ ქალის რესტორანში წასვლა როგორ შეიძლებოდა? მომღერალი ხომ საერთოდ, რესტორანში რომ დაენახათ, მეორე დღეს მთელი თბილისი ამაზე ილაპარაკებდა. - მაშინ ოპერაში წავიდეთო, - თქვა და ამაზე დავეთანხმე. ბალეტს დავესწარით და ძალიან ვისიამოვნეთ. მოულოდნელად გამომიცხადა, - ხელი როდის მოვაწეროთო? არც უთქვამს: "მიყვარხარ", "ჩემო სიცოცხლე" და მსგავსი ფრაზები... ყველაფერი თავისთავად მოხდა..." - ვკითხულობთ ჟურნალი "გზის" სტატიაში.
1983 წელს ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მიენიჭა საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტის წოდება.
1998 წელს თანამედროვე ქართული საესტრადო ხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის მიენიჭა ღირსების ორდენი.
2016 წელს მიანიჭეს ბათუმის საპატიო მოქალაქის წოდება.