ქართველი ჩემპიონის ცხოვრება ტატამზე და მის მიღმა: "გონებაში მაინც ბოლომდე ვერ ვუშვებდი, რომ ეს პატარა გოგონა ამხელა შეჯიბრებაზე ასპარეზობას შეძლებდა" - Marao

ქართველი ჩემპიონის ცხოვრება ტატამზე და მის მიღმა: "გონებაში მაინც ბოლომდე ვერ ვუშვებდი, რომ ეს პატარა გოგონა ამხელა შეჯიბრებაზე ასპარეზობას შეძლებდა"

2025-09-05 14:26:13+04:00

ეთერ ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი ქარ­თუ­ლი სპორ­ტის ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლი ქა­ლია, რო­მელ­მაც ძი­უ­დო­ში მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლი მო­ი­პო­ვა. სა­ქარ­თვე­ლოს ძი­უ­დო­ის­ტთა ნაკ­რე­ბის წევ­რმა, 25 წლის ეთერ ლი­პარ­ტე­ლი­ან­მა უნ­გრე­თის დე­და­ქა­ლაქ ბუ­და­პეშ­ტში მიმ­დი­ნა­რე მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის 57 კგ. წო­ნი­თი კა­ტე­გო­რი­ის ფი­ნალ­ში ია­პო­ნე­ლი მომო ტა­მა­ო­კი და­ა­მარ­ცხა.

  • ნიჭის, გამბედაობის და სიძლიერის სიმბოლო - ქალი სპორტსმენები სტერეოტიპების პირისპირ

ეთერ ლიპარტელიანი ლენტეხში დაიბადა, სადაც მისი სპორტული კარიერა დაიწყო. 8 წლის ასაკში, გარშემომყოფების წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც შეძლო ძიუდოზე სიარული. 10 წლის ასაკში რუსთავში გადავიდა საცხოვრებლად და ვარჯიში მწვრთნელ,  კახა მოცარიძესთან გააგრძელა.

ეთერი 2015 და 2016 წლებში ევროპის ზაფხულის XIII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალსა და ჭაბუკებს შორის ევროპის ჩემპიონატზე ფინეთში პირველი ადგილის მფლობელი გახდა. ასევე პირველი ადგილი დაიკავა 2019 წელს ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონატზე მაროკოში. ამავე წელს,  იჟევ­ს­კ­ში გამ­გ­ზავ­რე­ბამ­დე მას სუპერვარსკვლავი უწოდეს. 

liparteliani

  • "ჩვენ, ქა­ლებ­მა და­ვამ­სხვრი­ეთ სტე­რე­ო­ტი­პე­ბი..." - ძლიერი, ლამაზი და შთამბეჭდავი ეთერ ლიპარტელიანის ამბავი

2024-2025 წლებში ეთერ ლიპარტელიანი თბილისის გრანდ-სლემის გამარჯვებული ზედიზედ ორჯერ გახდა. 

ამჯერად უფრო ახლოს გაგაცნობთ საამაყო ქართველ ქალ სპორტსმენს და გთავაზობთ მისი ინტერვიუს ამონარიდს, რომელიც ჟურნალ "თბილისელებმა" გამოაქვეყნა: 

eter

ეთერ ლიპარტელიანის უცნობი მხარე 

– როცა პირველ ნაბიჯებს დგამდი, ოცნებობდი ასეთ გამარჯვებაზე?

– მახსოვს, რვა წლის ასაკში, როცა ძიუდოზე დავიწყე სიარული, ვერ წარმოვიდგენდი, რომ მსოფლიოს ჩემპიონი გავხდებოდი, თუმცა, წარმოვიდგენდი ხოლმე, რა მოხდებოდა, თუ ერთ დღეს მსოფლიოზე ან ოლიმპიადაზე ვიასპარეზებდი. ვუყურებდი სხვადასხვა გამორჩეული ქართველი სპორტსმენის წარმატებებს და წარმოვიდგენდი ხოლმე, როდესაც მე მივაღწევ ამას, ნეტავ, რას იგრძნობს ჩემი ოჯახი და ასე შემდეგ... თუმცა, გონებაში მაინც ბოლომდე ვერ ვუშვებდი, რომ ეს პატარა გოგონა ამხელა შეჯიბრებაზე ასპარეზობას შეძლებდა. თავიდან არარეალური ჩანდა, მაგრამ, რომ წამოვიზარდე, მე ეს მიზნად დავისახე. მივხვდი, რომ თუ სხვას შეეძლო, მეც შევძლებდი და ამისთვის ბევრი უნდა მეშრომა, თუ მინდოდა, რომ მე ისეთივე წარმატებით წარმომეჩინა ჩვენი ქვეყანა, როგორც ჩვენს ბიჭებს. ამისთვის მომიწია ჩემი ოჯახის დატოვება და სვანეთიდან ბიძაჩემთან, მალხაზ ლიპარტელიანთან ერთად წამოვედი. მან ძალიან დიდი როლი ითამაშა ამ საქმეში. ჩვენ ერთად მივისწრაფოდით ამ მიზნისკენ.

  • სილამაზე და ნიჭი: ვინ არის 10 ყველაზე პოპულარული ქართველი სპორტსმენი გოგო

ამ მსოფლიო ჩემპიონატამდე მქონდა სამი ასპარეზობა, თუმცა, ჩემს საუკეთესო ფორმაში ვერც ერთხელ ვერ ვიყავი. ამჯერად, დილიდანვე ვგრძნობდი, რომ ეს დღე ჩემი იყო, მე უნდა გავმხდარიყავი ჩემპიონი. ამდენი შრომა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამეფასებინა. თუ ამას არ გავაკეთებდი, მედალს ისე არავინ ჩამომკიდებდა. ამისთვის ვიშრომე როგორც ძალისმიერად, ისე – ტაქტიკურად და მენტალურად. ვფიქრობ, რომ თუ მენტალურად არ ხარ ძლიერი, რამდენიც არ უნდა იშრომო, საკმარისი არ იქნება. მე ჩემი თავი გავაძლიერე. ვეცადე, ამდენი წაგება მოტივაციად მექცია და ასეც მოხდა. წაგებამ დიდი გამოცდილება შემძინა, რამაც ამ მსოფლიო ჩემპიონატზე ძალიან შემიწყო ხელი.

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, თითქმის ყველას ეგონა, რომ მეორე ადგილს დავჯერდებოდი, მაგრამ ჩემი ფიქრები იმ დღეს მხოლოდ ოქროს ეთმობოდა, მხოლოდ მისკენ მივისწრაფოდი. იაპონელთან, რომელიც ფინალში შემხვდა, ოთხჯერ ვიყავი დამარცხებული, მაგრამ ერთი წამითაც არ მიფიქრია, რომ ისევ დავმარცხდებოდი და ამ მედალს მას ვაჩუქებდი. პირიქით, ძალიან მოტივირებული ვიყავი. თავს ვიმხნევებდი, თუ აქამდე მოვედი, ერთი ნაბიჯის გადადგმაც არაფერია და მე ჩემპიონი გავხდები-მეთქი. მართლაც ასე მოხდა. ვფიქრობ, ყველაზე მარტივად მოვახერხე ფინალში გამარჯვება და საქართველოში ისტორიული მედლის წამოღება.

– დიდი მიზნისკენ მიმავალ გზაზე, ძალიან პატარა ასაკში მოგიწია ოჯახის დატოვება, რაც არ არის მარტივი. რა გეხმარებოდა მაშინ, როგორ გახსენდება ის პერიოდი, თავისი გამარჯვებებით, მონატრებით თუ განცდებით?

– მიჭირს ხოლმე ამ გზის გახსენება. ათი წლის გოგონასთვის რთული იყო მშობლებისა და დედმამიშვილების დატოვება. ბევრჯერ მიტირია მონატრებისგან, მაგრამ რაღაც ძალას მაძლევდა და ვცდილობდი, მარტივად შემეხედა. მქონდა მიზნები და მინდოდა, მათი განხორციელება შემძლებოდა. ვგრძნობდი, რომ უფალი ჩემ გვერდით იყო და დაბრკოლებების გადალახვასა და ოჯახის მონატრებასთან გამკლავებაში მეხმარებოდა.

მე და ბიძა რუსთავში ვცხოვრობდით და ყოველდღე თბილისში დავდიოდით ვარჯიშებზე. 10 წლის გოგონასთვის ესეც რთული იყო. მარტო ვერ დავდიოდი და ბიძა ყოველდღე დამყვებოდა. მერიდებოდა, რომ მთელ დღეს მე მითმობდა, თავის საქმეს სწყდებოდა. 13 წლის ასაკში, როგორღაც, დავარწმუნე, რომ უკვე შემეძლო რუსთავიდან თბილისში მარტო სიარული. პარალელურად, ვსწავლობდი. სკოლის შემდეგ ბევრჯერ ჭამაც კი ვერ მომისწრია, მაშინვე ვარჯიშზე წავსულვარ. მადლობა ღმერთს, რომ ფუჭად არ ჩაიარა ამ ყველაფერმა და გაწეული შრომა დამიფასდა.

eter

– როგორ ახერხებ, რომ შეფასება „სუსტი სქესის წარმომადგენელი“ დაამსხვრიო?

– პირადად ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი ეს დამოკიდებულება, რომ ქალები სუსტები არიან, რომ ეს სპორტი ქალების არ არის. იყო თავის დროზე ასეთი შეფასებები. როდესაც ძიუდოზე დავიწყე სიარული, ახლობლები მეუბნებოდნენ, რა გინდა ძიუდოზე, ამ სპორტში ვერაფერს მიაღწევ, რადგან ეს არ არის ქალის საქმე, ტყუილად ფლანგავ დროსო. დედაც წინააღმდეგი იყო. უნდოდა, სპორტის შედარებით ნაზი სახეობით დავკავებულიყავი, მაგალითად, ცეკვით ან ტანვარჯიშით. არავის მოვუსმინე და მადლობა ღმერთს! ბედნიერი ვარ, რომ ასე მოვიქეცი. შეიძლება, იგივე სხვა პატარა გოგოსაც უთხრან გარშემო მყოფებმა და მან ეს გაითვალისწინოს... შეიძლება, ბევრს უშლიდნენ სპორტის ასეთ სახეობაში ასპარეზობას და ამით დიდი მომავალი წაართვან. მეც რომ დამეჯერებინა, დღეს ხომ ეს ყველაფერი არ იქნებოდა. ალბათ, ვიცხოვრებდი სვანეთში და არ ვიცი, რა მომავალი მექნებოდა?! ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, მინდა, მშობლებს ვუთხრა, თუ გოგონას უნდა კონკრეტულ სპორტზე სიარული, არ აუკრძალონ. აუცილებელია ბავშვის სურვილებისა და შესაძლებლობების გათვალისწინება. ჩემთვის ძალიან ბევრ გოგონას მოუწერია, მეც მინდა ძიუდოზე შესვლა, მაგრამ მშობლები მიშლიანო. პირიქით, გვერდში დგომაა საჭირო და თუ ბავშვს ეს მთელი გულით უნდა, ყველაფერი გამოუვა.

ვიტყვი იმასაც, რომ ჯერჯერობით, არც სხეული დამმახინჯებია და არც არაფერი მსგავსი (იცინის). მე ძიუდომ ძალიან ბევრი მომცა: წარმატება, მეგობრები, მასწავლა ცხოვრება, შემახვედრა ჩემს მეუღლეს და მაპოვნინა საკუთარი თავი.