სიყვარულის 9 წელი, ერთი შვილი და საოცნებო ოჯახი: " ზუსტად ისეთი ოჯახი მაქვს, როგორზეც ვოცნებობდი, როგორიც წარმომედგინა" - Marao

სიყვარულის 9 წელი, ერთი შვილი და საოცნებო ოჯახი: " ზუსტად ისეთი ოჯახი მაქვს, როგორზეც ვოცნებობდი, როგორიც წარმომედგინა"

2025-09-05 14:41:31+04:00

ულამაზეს ახალგაზრდა წყვილს, სალომე ლემონჯავასა და გიორგი ცხადაძეს საზოგადოება კარგად იცნობს. გიორგი მსახიობი და მუსიკოსია, სალომე კი - ჟურნალისტი. ის მაყურებელს არაერთი გადაცემის ეთერიდან მისალმებია და კამერებს მიღმაც ხშირად უმუშავია. სალომესა და გიორგის ერთი ქალიშვილი, უსაყვარლესი ნენე ცხადაძე ჰყავთ. 

სალომე ლემონჯავა აფხაზეთიდან დევნილია. მძიმე გზა, რომელიც მისმა ოჯახმა გამოიარა, მას არ ახსოვს, რადგან მაშინ სულ ერთი წლის იყო.

  • ერთი შვილი, ზღაპრული სიყვარული და ბედნიერი ოჯახი: გიორგი ცხადაძისა და სალომე ლემონჯავას სიყვარულის ისტორია 

აფხაზეთიდან დედასთან და და-ძმასთან ერთად წამოვიდა. მამა იქ დარჩა- - ომის ვეტერანი იყო. სოხუმის დაცემამდე იქ იყო და იბრძოდა. შემდეგ, ისევე როგორც სხვა გადარჩენილები, იძულებული გახდა, იქაურობა დაეტოვებინა. იგი რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. 

"ღამღამობით მთელ ოჯახს საშინელი ხმა გვაღვიძებდა ხოლმე. ეს მამას მუშტების ხმა იყო, რომელსაც ძილში კედლებს ურტყამდა, მუშტებს ან ფეხებს. დილით რომ იღვიძებდა, ან მუხლი ჰქონდა დასისხლიანებული ან მუშტი. რომ ვეკითხებოდით, რა მოხდა, ასეთი რა დაგესიზმრაო, გვპასუხობდა, ომში ვიყავიო. მამაჩემი მთელი დარჩენილი ცხოვრება, 30 წელი, ფაქტობრივად, ყოველღამე ომში იყო და იბრძოდა", - იხსენებდა სალომე.

  • "რომ დავოჯახდით, ჩემს ვიზუალზე წერდნენ: „სიყვარული ბრმაა, მაგრამ არც ასეთიო“ - რას მერჩოდით?" - გიორგი ცხადაძისა და სალომე ლემონჯავას ვარსკვლავური დუეტი 

ამჯერად სალომე ლემონჯავას უფრო ახლოს გაგაცნობთ. გთავაზობთ საინტერესო ამონარიდებს მისი ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალისტმა ჟურნალ "თბილისელებთან" ჩაწერა: 

lemonjava

სალომე ლემონჯავას ოჯახი და კარიერა 

– ვინ არის სალომე ლემონჯავა?

- ამ კითხვას ძალიან ხშირად ვუსვამ საკუთარ თავს და პასუხის გაცემა მიჭირს. ვიტყოდი, რომ პირველ რიგში, ვარ ადამიანი რიგი პასუხისმგებლობებით, დადებითი და უარყოფითი მხარეებით, ემოციებით, შიგადაშიგ შფოთვებით და ამის შემდეგ – ქალი, დედა, პარტნიორი. პროფესიებს მიღმა, ერთდროულად ბევრ სტატუსს ვფლობ. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ეს ყველაფერი მფიტავს, ვიღლები პასუხისმგებლობებისგან, საბოლოო ჯამში, ზუსტად ჩემი ეს ფუნქციები მქმნის მე პიროვნებად და თავს კომფორტულად მაგრძნობინებს.

– როგორია შენთვის საოცნებო ცხოვრება?

– როცა კონკრეტულ მიზანს ვაღწევ და მისით ტკბობას ვიწყებ, თავს ვაძალებ, რომ გამოვიდე ამ მდგომარეობიდან და ახალი გამოწვევების წინაშე დავდგე. ასეა სამსახურებთან მიმართებითაც. მგონია, რომ დიდი ხნით კომფორტის ზონაში ყოფნა ერთ ადგილას გყინავს, განვითარებაში ხელს გიშლის. ჩემთვის საოცნებო მდგომარეობა მუდმივი განვითარებაა. მაინცდამაინც დიდ კარიერულ წინსვლებს არ ვგულისხმობ, შარშანდელთან შედარებით თუ უფრო მეტი ცოდნა მაქვს, თუ მცირედით მაინც გავიზარდე შინაგანად, ეს ჩემთვის წარმატებაა.

– რა გამოცადეთ ბოლო პერიოდში ცხოვრებაში პირველად?

– ოჯახში სულ ვცდილობთ, გავაკეთოთ ის, რაც აქამდე არ გაგვიკეთებია და ახალი გამოცდილებები მივიღოთ. ეს შეიძლება, იყოს კონკრეტული საკვების დაგემოვნება ან, მაგალითად, ცოტა ხნის წინ ახალი, აზიური ენის სწავლა დავიწყე. ისევ და ისევ იმ მიზნით, რომ განვითარება არ შევწყვიტო.

– სახალისო ამბავი, რომელიც თავს პაემანზე გადაგხდა...

– პაემნის ხსენებაზე, ყოველთვის, ჩემი და გიორგის პირველი პაემანი მახსენდება. ჩვენი პირველი დაგეგმილი შეხვედრა „მაკდონალდსში“ შედგა. ფანჯრებს ვუყურებდით, ყავას ვსვამდით და თითქოს, ჩვეულებრივი შეხვედრა იყო. მახსოვს, გიორგი ლაპარაკობდა, ვითომ საერთოდ არ ნერვიულობდა და უცებ ცხელი ყავა გადაისხა, თუმცა, მერეც არ შეიმჩნია არაფერი 

– რა არის ის, რითაც ყველაზე მეტად ამაყობ?

– ჩემი ოჯახით, რაც ჩემს ყველაზე დიდ გამარჯვებად მიმაჩნია. ზუსტად ისეთი ოჯახი მაქვს, როგორზეც ვოცნებობდი, როგორიც წარმომედგინა და ასევე, ვამაყობ ამ ოჯახში საკუთარი როლით.