ყველასთვის კარგად ნაცნობი მუსიკოსი, ცნობილია, როგორც ქართველი სოპრანო. ის მსოფლიოში აღიარებული ოპერის მომღერალია, რომელიც წლებია საზღვარგარეთ მოღვაწეობს, ცნობილ საოპერო თეატრის სცენებზე გამოდის და დიდი აღიარებითა და პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებასა თუ მსმენელთა წრეებში.
თამარ ივერი გამოირჩევა საზოგადოებრივ ცხოვრებაში განსაკუთრებული ჩართულობით და ხშირად გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებებს სხვადასხვა სოციალურ საკითხზე. ამის გამო, კონკრეტულად, მისმა ჰომოფობიურმა გამონათქვამებმა ლგბტ თემის მიმართ, აჟიოტაჟი და გამოხმაურება გამოიწვია არა მარტო მის სამშობლოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც. სწორედ, ეს გახდა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც მას ოპერა ავსტრალიამ კონტრაქტი შეუწყვიტა და რამდენიმე გასტროლიც ჩაეშალა.
თამარ ივერს ჰყავს მეუღლე და ორი შვილი, რომლებთან ერთადაც რამდენიმე თვის წინ ის საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა. რატომ მიიღო მომღერალმა ეს გადაწყვეტილება და როგორ აეწყო ახალ ქვეყანაში, ამის შესახებ მან ჟურნალ "თბილისელებთან" ისაუბრა:
- ბევრს ჰგონია, რომ წყენის ან უკმაყოფილების გამო წამოვედი ამერიკაში. სინამდვილეში, ეს ჩემი დედამთილის ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდება. ონკოლოგიურ დაავადებასთან გვაქვს საქმე, ქიმიოთერაპიებს იკეთებდა, რთულ პერიოდს გადიოდა და ძალიან უნდოდა, რომ შვილები გვერდით ჰყოლოდა. ქალიშვილი აქ ჰყავს და უნდოდა, რაულიც მასთან ერთად ყოფილიყო.
როგორც ცნობილმა მომღერალმა, სპეციალური „მწვანე ბარათი“ გავაკეთე – ცნობილ ხელოვან და სპორტსმენ ადამიანებს უკეთებენ ამ ბარათებს. ამერიკა საშუალებას გაძლევს, ამ ქვეყანაშიც გამოიყენო შენი ტალანტი და როცა ამ ბარათს იღებ, შეგიძლია, მთელი ოჯახით წახვიდე ამერიკაში. როდესაც ასეთი შანსი გაქვს, რატომ არ უნდა გამოიყენო?! მე არაფერი მაკლდა ამ კუთხით – ისედაც ორმაგი მოქალაქეობა მაქვს. მეორე – ავსტრიაა, ვენაში ვცხოვრობდი. იქ ბინაც მაქვს და მოგზაურობის მხრივ პრობლემა ნამდვილად არ მქონია. როგორც ავსტრიის მოქალაქეს, ამერიკაშიც შემეძლო უვიზოდ შემოსვლა, მაგრამ აქ საუბარი იყო იმაზე, რომ ჩემი მეუღლე ყოფილიყო დედის გვერდით რთულ მომენტში.
საბედნიეროდ, ჩემმა დედამთილმა დაამარცხა ეს დაავადება. რემისიაშია, წამლებს იღებს და იმედი მაქვს, რომ საბოლოოდ ყველაფერი კარგად იქნება. მადლობა ღმერთს, დროულად აღმოაჩინა. თუმცა, ძალიან მძიმე პერიოდი გამოვიარეთ. ამის გაგება ჩვენთვის მეხის გავარდნასავით იყო. ჩემმა მეუღლემ ეს ყველაფერი იცოდა და დედის სანახავად ვერ ჩამოდიოდა, ეს მისთვის ძალიან რთული იყო, ღამეები არ ეძინა, თუმცა, საბედნიეროდ, ახლა ყველაფერი კარგად გვაქვს.
ნოემბრის ბოლოს ჩამოვედით და მას შემდეგ აქეთ ვართ. თავიდან ყველანი ფილადელფიაში ვიყავით. ჩემები ახლაც იქ არიან. მე ნიუ-იორკში გადმოვედი. ფილადელფიაში პროფესიონალურად ვერ ვიქნებოდი აქტიური. ჩვენი ოჯახი პატარა ქალაქში ცხოვრობს და როგორც საოპერო მომღერალი, იქ შემდგარი ვერ ვიქნებოდი.
ვაღიარებ, რომ ჩემი ნავსაყუდელი ევროპაა. ევროპული ცხოვრების სტილი, სისუფთავე. ამერიკაში წლებია, დავდივარ, თვეობით ჩამოვდიოდი ჩემი პროფესიით, როცა „მეტროპოლიტენ ოპერაში“ ვმღეროდი, მაგრამ საცხოვრებლად პირველად გადმოვედი.
პირველ რიგში, ევროპა იმითაა კარგი, რომ ტერიტორიულად მოსახერხებელ ადგილას ხარ. ზუსტად ერთი საათი გჭირდება ბერლინში, პარიზში, მილანში, იტალიაში თუ ევროპის სხვა ქალაქში ჩასასვლელად. სამუშაოსთვის თუ მოგზაურობისთვის, ამ მხრივ, ძალიან კომფორტული გარემოა. ამერიკაში ერთი საათი იფრენ თუ ხუთი საათი, ისევ ამერიკაში ხარ. ამასთან შეგუება მიჭირს.
მიუხედავად იმისა, რომ უზარმაზარი ქვეყანაა, საოპერო ხელოვნება მისთვის მაინცდამაინც პრიორიტეტული არ არის. ამხელა ქვეყანაში პრაქტიკულად, 4-5 წამყვანი თეატრია, როცა გერმანიაში, ლამისაა ყველა სოფელში თეატრი აქვთ. იქ კულტურა სხვა დონეზეა აყვანილი.
ამერიკა აქცენტირებულია პრაქტიკულ პროფესიებზე: აქ მანქანის ხელოსანს, თმის სტილისტს, სანტექნიკოსს, მასაჟისტს, შეიძლება, უფრო მეტი ჰონორარი ჰქონდეს, ვიდრე ოპერის მომღერალს.