"მეუღლესთან დაშორება ხსნა იყო, თუმცა ჩემს დიდ სიყვარულთან დაშორება რთულად გადავიტანე" - მაია ასათიანი გამომწერების კითხვებს პასუხობს - Marao

"მეუღლესთან დაშორება ხსნა იყო, თუმცა ჩემს დიდ სიყვარულთან დაშორება რთულად გადავიტანე" - მაია ასათიანი გამომწერების კითხვებს პასუხობს

2025-09-09 10:14:21+04:00

ბოლო დროს მაია ასათიანის ცხოვრებაში ბევრი სასიამოვნო სიახლეა. მას საკუთარი საქმე წამოიწყო, რაც კოსმეტიკური ხაზის წარმოებას გულისხმობს და ახლა მისი ცხოვრების მთავარი საქმე სწორედ ესაა. 

ამჯერად მაია ასათიანი გამომწერების კითხვებს პასუხობს და საუბრობს იმის შესახებ, რომ ასაკს არასდროს მალავს: 

"მე არასდროს ვმალავ ასაკს, პირიქით, ძალიან მეამაყება, რომ ამდენი რამის გადატანის შემდეგ ფეხზე მყარად ვდგავარ და არც თუ ისე ცუდად გამოვიყურები. 48 წლის ვარ და ვაპირებ, რომ 68 წლის რომ ვიქნები, მაშინაც კარგად გამოვიყურებოდე. ჩემს თავს ლამაზ ქალად არ ვთვლი. არიან ადამიანები, რომლებმაც გენეტიკური ჯეკპოტი მოიგეს. უკმაყოფილო ჩემი გენეტიკით მეც არ ვარ, პატარ-პატარა დახმარებებით ასაკი მომიხდა".

  • მაია ასათიანი გარდაცვლილი შვილის შესახებ: "თითქოს, ერთად ვიმოგზაურეთ მე და ჩემმა შვილმა..."

მაია ასათიანს შვილის გარდაცვალებისა და საავტორო გადაცემის დახურვის შემდეგ ცხოვრებაში რთული პერიოდების გავლა მოუწია. მიუხედავად ამისა, მან შეძლო, რომ ცხოვრება თავიდან დაეწყო და  ბევრი ქალისთვის მოტივაციად იქცა. 

"ძალიან გულახდილი რომ ვიყო, იმდენად ხშირად მეუბნებიან, რა ძლიერი ხარო, აღარ მომწონს. მე სხვა გზა არ მქონდა, რომ გადავრჩენილიყავი, უნდა ვყოფილიყავი ძლიერი. ეს არ ეხება მხოლოდ ჩემი შვილის სიკვდილს, ძალიან განვიცადე ტელევიზიის დაკარგვა, შვილივით იყო ჩემთვის. ჩემმა მეგობარმა მითხრა, იმისთვის, რომ თავიდან დაიბადო, ჯერ უნდა მოკვდეო, ეს პროცესი გავიარე. როცა სხვა გზა არ გაქვს, უნდა გაანულო ყველაფერი და ცხოვრება თავიდან დაიწყო".

მაია ასათიანმა პირადი ცხოვრების შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ მეუღლესთან დაშორება მისთვის ხნა იყო.

  • "მე და ბადრის გაცნობის ძვირფასი ისტორია გვაქვს..." - მაია ასათიანი ახალ ვიდეოს აქვეყნებს

"დაშორების გამოცდილება, რა თქმა უნდა, მქონია. მეუღლესთან დაშორება ძალიან მარტივად გადავიტანე, იმიტომ, რომ, რეალურად, ეს იყო ხსნა. ჩემს დიდ სიყვარულთან დაშორება რთულად გადავიტანე და რაღაც პერიოდი დამჭირდა, სანამ ახალ ურთიერთობას დავიწყებდი. ყველა ასეთი ისტორია უფრო ძლიერს მხდის". 

maia_asatiani

მაია ასათიანის განვლილი გზა და კარიერა

მაია ასათიანი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და გავლენიანი ტელე-პერსონაა თანამედროვე საქართველოს მედიასივრცეში. მის სახელს არაერთი გადაცემა უკავშირდება. 

მაია ასათიანმა ტელევიზიაში კარიერა 15 წლის ასაკში დაიწყო. მისი პირველი გამოჩენა მაყურებელმა გადაცემა "ალიონში" იხილა, რითაც ახალგაზრდა წამყვანმა მალევე მოიპოვა პოპულარობა. შემდგომ წლებში იგი აქტიურად ჩაერთო საინფორმაციო ჟურნალისტიკაში. 2000-იანი წლების დასაწყისში მაია ასათიანმა წამოიწყო საავტორო გადაცემა "პროფილი", რომელმაც მალევე მოიპოვა პოპულარობა და მრავალი წლის განმავლობაში რჩებოდა ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ გადაცემად ქართულ ტელესივრცეში. გადაცემაში გაჟღერებული ადამიანური ისტორიები, გულწრფელი საუბრები მაიას ხელწერად იქცა.

მაია ასათიანის მეუღლე ირაკლი მახვილაძე გახლდათ. წყვილი ადრეულ ასაკში დაქორწინდა. შეყვარებულობის პერიოდი ერთ წელზე მეტხანს გაგრძელდა. ირაკლი ცდილობდა, რჩეული სიურპრიზებით გაენებივრებინა, ხშირად ჩუქნიდა ყვავილებს... მალე ოჯახიც შედგა, თუმცა, სამწუხაროდ, მალევე დაინგრა. მაიას და ირაკლის ერთი შვილი, ნუცა მახვილაძე შეეძინათ.

  • "ისევ დავფრინავ! წინ დიდი თავგადასავალია" - მაია ასათიანის ახალი ამპლუა და ახალი ცხოვრება

რამდენიმე წლის წინ მაია ასათიანის ოჯახში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. მისი ერთადერთი ქალიშვილი, ნუცა, რომელიც საფრანგეთში სასწავლებლად იყო წასული, 18 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. მაია ასათიანი ქალიშვილს ეკრანებსა და გაზეთებში არ აჩენდა, სურდა, ნუცას თავად დაემკვიდრებინა თავი. "ნებისმიერმა ადამიანმა თავისი სახელი თვითონ უნდა მოიხვეჭოს, სხვის ჩრდილქვეშ ცხოვრება რთულია, მგონია, რომ ხელის შემშლელი იქნება მისთვის. არ მიყვარს ბავშვის ზედმეტად გატუტუცება ჩემი პოპულარობით. ნუცას გეგმები აქვს, მაგრამ ჟურნალისტობას არ აპირებს, რადგან ეს მისი ცხოვრების ერთ-ერთი თანმდევი პროფესიაა, მამაც ტელერეჟისორი ჰყავს, ჩემი ყველა მეგობარი ტელევიზიის თანამშრომელია და ეს მისთვის იმდენად ჩვეული გარემოა, რომ ჟურნალისტობას არ აპირებს. არც მე არ მინდა, რომ ჟურნალისტი იყოს", - ამბობდა მაია ერთ-ერთ ინტერვიუში.

შვილის გარდაცვალების შემდეგ მაია ასათიანმა შეძლო და ცხოვრება ახალი ძალებით გააგრძელა. მან გარეგნობაში ცვლილებები შეიტანა, შეიცვალა საქმიანობის სფერო და ბევრი ქალისთვის გახდა სიძლიერის მაგალითი.