ტელეწამყვანი ნინო არაზაშვილი ექიმ კოტე მათითაშვილის პოდკასტში თავის მოვლის შესახებ საუბრობს. მისი თქმით ის არ იყენებს არანაირ სახის კრემს, ამასთან ესთეტიკური მედიცინისთვისაც ჯერ არ მიუმართავს.
"მე ვარ იმ ადამიანთა შორის, რომელთაც საერთოდ არა აქვს სახის კრემი. ხშირად ამას არ ვაღიარებ, ეკრანიდან არც მახსენდება, რომ მეთქვა. მე ვარ ადამიანი, რომელსაც არ აქვს სახეზე გაკეთებული არავითარი ჩარევა, მეზოთერაპიაც კი. არ ვამბობ, რომ კარგია, უბრალოდ ეს ასე არის. შეიძლება ხვალ გადავწყვიტო და გავაკეთო, მაგრამ არავითარი ესთეტიკური მედიცინის მანიპულირება არ არის ჩემს სახეზე. არ ვხმარობ არც სახის კრემს, არც თვალის უპეების კრემს. ერთადერთი, რაც გამიკეთებია არის მაკიაჟი.
კბილები, რომ გავიკეთე, მივხვდი, რომ კარგად მოვიქეცი, ძალიან მომეწონა ეს გადაწყვეტილება და დარწმუნებული ვარ, თუ სახეზეც რამეს გადავწყვეტ მომეწონება. ერთადერთი, რაც მუშაობს - საქმე უნდა დაიჭირო სუპერ პროფესიონალთან" - ამბობს ტელეწამყვანი ნინო არაზაშვილი.
ნინო არაზაშვილის კარიერა
ნინომ 1996 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი ტელეჟურნალისტიკის მიმართულებით. გავლილი აქვს საქართველოს სომელიეთა ასოციაციასთან არსებული "თბილისის ღვინის სკოლა" ზოგადი კურსი სომელიეთათვის.
1992-1995 წლებში ნინო არაზაშვილი იყო "მე-2 არხის" ჟურნალისტი და ერთ-ერთი გადაცემის თანაავტორიც. 1995-2004 წლებში იგი გახლდათ სატელევიზიო სტუდია "მაესტროს" ავტორი, ასევე რედაქტორი და სარეკლამო აგენტი. 2002-2018 წლებში მუშაობდა სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-ში", როგორც გადაცემების "დილა მშვიდობისა საქართველოს" და "დილა უქმეებზე" წამყვანი და მთავარი პროდიუსერი, თუმცა კომპანიის დატოვება მოუწია, გარკვეული მიზეზების გამო.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 2005-2018 წლებში ნინო არაზაშვილი ასევე აქტიურად იყო ჩართული პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდი"იავნანა"-ში და იყო ფონდის მიერ გამართული საქველმოქმედო ღონისძიებების, კონცერტების მთავარი წამყვანი.
2009 წლიდან "საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციის" დაჯილდოების ცერემონიების წამყვანი. 2012-2013 წლებში საქართველოს უნივერსიტეტში კითხულობდა სალექციო კურსს - "ტელეჟურნალისტიკის საფუძვლები", ხოლო 2013-2014 წლებში "რადიოქალაქი" - საავტორო გადაცემა "ერთი ერთზე ნინო არაზაშვილთან ერთად". 2018-2019 წლებში არტისტთა გაერთიანება "კონცეპტ Art" ვებ-გვერდის რედაქტორი, ხოლო 2019 წლის თებერვლიდან აქტიურად დაუბრუნდა ისევ სატელევიზიო პროგრამებს და გახდა ტელეკომპანია "ტვ პირველის" საავტორო გადაცემის "პირველამდე ნინო არაზაშვილთან ერთად" წამყვანი და მთავარი პროდიუსერი.