ცოტა ხნის წინ "სუხიშვილების" მოცეკვავე მარიამ მათიაშვილი დედა გახდა. მარიამის მეუღლე დავით თოფურიაა. წყვილს გოგონა, სახელად ლეა ჰყავს.
მარიამ მათიაშვილმა და დავით თოფურიამ ორი წლის წინ იქორწინეს. ორდღიან ქორწილს მაშინ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ულამაზეს გარემოში გამართული წვეულებიდან კადრები სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდებოდა. არავის გაჰკვირვებია, რომ ქორწილი ნამდვილ ზეიმად იქცა, რომელიც სავსე იყო ტრადიციული ქართული ცეკვით, მხიარულებითა და გართობით.
ახლა მარიამ მათიაშვილი და დავით თოფურია ქორწინების ორ წელს უკვე პატარა ლეასთან ერთად აღნიშნავენ.
"ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ერთად დავიწყეთ ცხოვრება და დღითი დღე უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ შენ ჩემი უდიდესი საჩუქარი ხარ. მადლობა, რომ ყოველთვის ჩემს გვერდით ხარ, რომ ჩემი ყველაზე დიდი იმედი და ძალა ხარ. მადლობა ყოველი ერთად გატარებული წუთისთვის და მადლობა ჩვენი შვილისთვის - სიყვარულის უდიდესი ნაყოფისთვის. შენ გვერდით ცხოვრება არის სიხარული, სიმშვიდე და სიყვარული, რომელიც ყოველდღე იზრდება. უსაზღვროდ მიყვარხარ და მადლობა ღმერთს, რომ სწორედ შენ ხარ ის ადამიანი, ვისაც მინდა მთელი ჩემი დრო, ენერგია, ყურადღება, სიყვარული, სითბო, თანადგომა მივუძღვნა მთელი დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში" - წერს მარიამ მათიაშვილი და ქორწილის კადრებს აქვეყნებს.
მარიამ მათიაშვილი მოცეკვავეა, რომელიც არაერთი წელია "სუხიშვილების" სოლისტია. მარიამი ქართული ცეკვით ადრეულ ასაკშივე დაინტერესდა, რადგან ის თეა დარჩიას უფროსი ქალიშვილია.
როგორც თეა დარჩია არაერთ ინტერვიუში იხსენებდა, მუდმივი გასტროლებისა და დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო შვილებთან დიდი დროის გატარებას ვერ ახერხებდა.
"როცა პირველად მომიყვანეს პირველი შვილი, 1990 წელი იყო. ვიყავი შოკში. იცით, რას მივხვდი 19 წლის ასაკში? ღმერთის დახმარების გარეშე, უბრალოდ, გამორიცხულია, რომ ამხელა რაღაც შეძლო. ასევე, იმ მომენტში გავიაზრე, რა მაგრად ვყვარებივარ დედაჩემს. მეორე შვილი გაჩნდა 10 წლის შემდეგ, მაგრამ ზუსტად იგივე შეგრძნება განმეორდა, დავბრუნდი ათი წლით უკან, მესამეზეც - იგივე და მეოთხეზეც - იგივე, მაგრამ უფრო და უფრო ძლიერი, იმიტომ, რომ ასაკის მატებასთან ერთად უკეთ იაზრებ, რამხელა ბედნიერებაა დედობა", - ამბობდა თეა დარჩია.
მარიამი უკვე თავადაც დედაა - მას პირველი შვილი, ლეა, 2025 წლის იანვარში შეეძინა. მისი და დავით თოფურიას ქორწილი კი 2023 წელს შედგა. წყვილმა გრანდიოზული წვეულება კაჭრეთში გამართა. ორდღიან აღნიშვნას თან მხიარულება და უამრავი ლამაზი კადრი სდევდა. ქორწილში "სუხიშვილებმა" საოცარი შოუ დადგეს, იცეკვა თეა დარჩიამაც. ფოტოები და ვიდეოები კი სოციალურ ქსელში დიდი ხნის მანძილზე ტრიალებდა.
მარიამს ქორწილში ორი კაბა, ერთი - უფრო მეტად სადღესასწაულო, მეორე კი - უფრო მოკრძალებული. უმშვენიერესმა პატარძალმა უამრავი კომპლიმენტი დაიმსახურა.
ახლა მარიამის ცხოვრებაში მთავარი შვილია - მის სოციალურ ქსელებში ხშირად შეხვდებით ლეას ფოტოებსა და ვიდეოებს. ასევე, რჩევებსა და რეკომენდაციებს ახალბედა დედებისთვის.