„მე არ ვფიქრობ, რომ ოცნებები გვიან მიხდება. მე ვფიქრობ, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს. შესაძლოა, მე რომ შვილი ადრეულ ასაკში მყოლოდა, ვერ გამევლო ის ცხოვრების გზა, რომელიც გამოვიარე. გინდა, არ გინდა, როცა შვილი გყავს, ბევრი რამისთვის ვერ იცლი ან იცლი და მერე გული გწყდება, რომ შენს შვილს დრო დააკელი. ალბათ, ასე იყო საჭირო, აქამდე გამომევლო ყველა ის გზა, რომელიც გამოვიარე და სწორედ მაშინ უნდა მყოლოდა შვილი, როცა მყავს. მე არ მგონია, რაღაც გვიან ხდება, რადგან მგონია, ჩვენზე კარგად ღმერთმა იცის, როდის რა უნდა მოხდეს. სურვილები რომ მიხდება, ეს ნამდვილად ასეა და მადლობა ღმერთს, რომ ყოველთვის ესმის ჩემი“, - ამბობს მსახიობი ნინო მუმლაძე ჟურნალ "თბილისელებთან" საუბრისას.
ნინო მუმლაძე ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი მსახიობია. წლების მანძილზე ის როგორც თეატრის სცენაზე, ისე ტელევიზორის ეკრანებზე აქტიურად ჩანდა და არაერთი დასამახსოვრებელი როლი შექმნა.
ნინო მუმლაძე ხშირად სტუმრობდა პოპულარულ შოუებსაც, სადაც ხშირად ეკითხებოდნენ პირადი ცხოვრების შესახებ. ნინო მუმლაძემ სულ ცოტა ხნის იქორწინა და 39 წლის ასაკში პირველი შვილის დედა გახდა. მსახიობი ამ გამოცდილების შესახებ ხშირად საუბრობს და სხვა ქალებსაც უზიარებს სასარგებლო რჩევებს.
ნინო მუმლაძე ცნობილი და წარმატებული ქართველი მსახიობია. მას დამთავრებული აქვს კონსერვატორიასთან არსებული ექსპერიმენტული სამუსიკო ათწლედის ვოკალის ფაკულტეტი. 2004 წელს დაამთავრა თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი. 2004 წელსვე დაიწყო მუშაობა თეატრალურ სარდაფში. 2006 წლიდან მუშაობდა ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსულ დრამატულ თეატრში. 2007 წელს დაიწყო მუშაობა ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში. 2010 წლიდან კი თავისუფალი თეატრის მსახიობია.
ნინოს განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა სერიალებმა "ჩვენი ოფისი", "რაც ყველაზე ძალიან გიყვარს" და "ჩემი ცოლის დაქალები".
2023 წელს ნინომ მეგობრებსა და გულშემატკივრებს სასიხარულო ინფორმაცია გაუზიარა და გაამხილა, რომ ის შეყვარებული იყო. მისი რჩეული ფერმწერი გუგა გოგინაშვილია. წყვილს ერთი წლის წინ პირველი საერთო შვილი შეეძინა, რომელსაც რონი დაარქვეს.
"მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის მოვლა ძალიან დამღლელია, ეს მაინც შეუდარებელი განცდაა! სხვა დედებისგან განსხვავებულს ვერაფერს ვიტყვი: ბავშვის ერთი ჩახუტება გადაწონის ყველა იმ სირთულეს, რომელიც პატარას მოვლას ახლავს თან. რაც მთავარია, მშობიარობამ კარგად ჩაიარა. მიუხედავად იმისა, რომ 39 წლის ვარ და ჩემთვის ეს პირველი მშობიარობა იყო, არანაირი გართულება არ მქონია.
მშობიარობის შემდეგ ვერა და ვერ დავიკელი. ახლა გადავწყვიტე, ისევ მივმართო ჩემს ენდოკრინოლოგს და დავიწყეთ წონასთან დაუნდობელი ბრძოლა. ორსულობის შემდეგ ქალები ან სუქდებიან, ან ხდებიან, მე კი ისეთი არ აღმოვჩნდი, რომ გავმხდარიყავი. პირიქით, მიხარია, ვჭამ, განვიცდი – ვჭამ, ამიტომაც არ მიკვირს, რომ დედობის პირველმა წელმა გამასუქა…“ - ამბობდა მსახიობი.