მომღერალ ოთო ნემსაძისა და მსახიობ სოფო მეძმარიაშვილის ოჯახს საზოგადოება კარგად იცნობს. მხიარული, ენერგიული და ძალიან ლამაზი წყვილი ხშირად ჩნდება როგორც ეკრანზე, ისე სოციალურ ქსელში.
ოთო ნემსაძე პოპულარული მუსიკალური ტელეშოუს, "ჯეოსტარის" გამარჯვებული, უკრაინული "ახალი ხმის" ფინალისტი და ასევე მუსიკალური ტელე პროექტის "ბრავოს" გამარჯვებულია. 2019 წელს მან საქართველო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზეც წარადგინა სიმღერით „სულ წინ იარე“, თუმცა ფინალში გადასვლა ვერ შეძლო.
ოთომ პირველად რამდენიმე წლის წინ იქორწინა, მისი მეუღლე თამთა კუპრავა იყო, თუმცა წყვილის თანაცხოვრება ერთ წელსაც არ გაგრძელებულა. მოგვიანებით ოთომ სოფო მეძმარიაშვილზე იქორწინა.
სოფო პროფესიით მსახიობია და, როგორც თავად ამბობდა, ეს არჩევანი ბავშვობაშივე გააკეთა:
“ძალიან პატარა ასაკიდანვე ვოცნებობდი, დიდ სცენაზე ფეხი დამედგა. საბედნიეროდ, ჩემი ოცნება ახდა. სკოლის პერიოდშივე დავდიოდი დრამწრეზე „თეატრალში“, სადაც პროფესიულადაც და ცხოვრებისეულადაც ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. რაც შეეხება არაპროფესიულ ამბებს, როგორც ყველა ბავშვი, მეც ცელქი, მაგრამ ძალიან ფრთხილი ვიყავი. არასდროს მომიტეხია რამე, არსაიდან გადმოვვარდნილვარ და არაფერი დამმართვია. მიუხედავად იმისა, რომ სულ დავრბოდი და ვთამაშობდი. არ მიყვარდა მშვიდად ყოფნა, ეზოში, მეგობრებთან ერთად ვიყავი და ძირითადად, ბიჭებთან ვმეგობრობდი, თუმცა, მშობლებს არ უწევდათ ჩემთვის ხშირად შენიშვნის მოცემა”, - იხსენებდა სოფო.
სოფო მეძმარიაშვილმა ჟურნალ „თბილისელებთან“ მეუღლის გაცნობის შესახებაც ისაუბრა.
„სოფოს ძალიან ქაოსურ, მოუსვენარ, ბევრი მეგობრით, გართობითა და მოგზაურობით სავსე ცხოვრებაში გამოჩნდა ოთო. მისმა გამოჩენამ დაამშვიდა ჩემი ცხოვრება, ქაოსში წესრიგი შემოიტანა, იმიტომ რომ გადავერთე ერთ კონკრეტულ ადამიანზე. ეს რომ ჩემთვის სასიამოვნო არ ყოფილიყო, რა თქმა უნდა, ასე არ მოვიქცეოდი. მე მუდმივად ახალი მეგობრების ძიებაში ვიყავი და ამას შევეშვი, შემოვინახე ჩემი ძირითადი სამეგობრო, რომელიც დღემდე მყავს და შევიძინე ოთოს სამეგობრო. ამით დასტაბილურდა და დამშვიდდა ჩემი ცხოვრება.
ჩემი და ოთოს ცხოვრებაში არ ყოფილა ისეთი შეყვარებულობის პერიოდი, როცა დღეები შეიძლება, ისე გავიდეს, ერთმანეთი ვერ ვნახოთ და მერე უცებ ერთად გადავიდეთ საცხოვრებლად. ოთოს ცხოვრებაში იმდენად ვიყავი შესული, რომ მე ვულაგებდი, ვურეცხავდი, ვუწმენდდი და ყველაფერს მე ვუკეთებდი. მის ცხოვრებაში გავჩნდი თუ არა, იმწუთიდანვე ოთოსთვის ყველაფერი გავხდი მე. ისე ჩამავლო ხელი, ფიზიკურად ვერ გავაშვებინე (იცინის). ნელა კი არ შემოიპარა ჩემს ცხოვრებაში, პირდაპირ შემოვარდა და გონს მოსვლაც ვერ მოვასწარი (იცინის). მომენტალურად დამანახვა, რომ მასთან კარგი იყო. ამიტომ ოჯახის შექმნის მერე არ დაწყებულა უსიამოვნო სიურპრიზები. მე უკვე ვიცოდი, როგორი იყო ოთო სახლში.
პირდაპირ ვიტყვი, ოთო ჩემზე უკეთეს მხარდამჭერს და გვერდში მდგომ ადამიანს ცხოვრებაში ვერ იპოვიდა. შეიძლება, ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ოთოს წარმატება უფრო მესახება, ვიდრე საკუთარი თავის, ამისთვის ყველაფერი შემიძლია გავაკეთო. იმას არ ვგულისხმობ, რომ ჩემს პროფესიაზე ან საკუთარ თავზე ვიტყვი უარს, მაგრამ ჯერ ოთოს წარმატება მესახება, მერე საკუთარი თავის. იმას კი არ წარმოვიდგენ, რომ მე, როგორც მსახიობი, „ჰოლივუდში“ ვარ და ოთო მომყვება გვერდით, როგორც ჩემი ქმარი, პირიქით, წარმომიდგენია, რომ მას ართმევენ ინტერვიუს, მას სთხოვენ ხელმოწერას და მე მის გვერდით, როგორც მისი ცოლი, ძალიან ბედნიერი ვარ”, - ამბობდა სოფო მეძმარიაშვილი.