ანუნა მდივნიშვილი მაყურებელმა მუსიკალურ პროექტ "ჯეოსტარით" გაიცნო. სიმღერის პარალელურად, ანუნამ მსმენელს თავი მომხიბვლელი გარეგნობითაც დაამახსოვრა. მისი მეუღლე კალათბურთელი დუდა სანაძეა.
დუდა სანაძე სან-დიეგოს უნივერსიტეტში ბიზნეს-ადმინისტრირებას სწავლობდა და ამავე უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდში თამაშობდა. სპორტის ამ სახეობით კალათბურთელი მამის გამო ბავშვობიდან დაინტერესდა. მამას მის სპორტსმენად ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვის.
"მამას დიდი როლი აქვს ჩემს პროფესიაში. დღემდე მაძლევს შენიშვნებს, შესწორებებს. ბავშვობიდან მავარჯიშებდა. მოგეხსენებათ, საქართველოში ვარჯიშისთვის არ არის კარგი პირობები. მამას რისი შესაძლებლობაც ჰქონდა, ყველაფერს აკეთებდა. დარბაზის გასაღები ჰქონდა და თავისუფალ დროს იქ დავყავდი ხოლმე. ეზოში თუ ვთამაშობდი, მამა ჩამოვიდოდა და მეტყოდა, სავარჯიშოდ მივდივართო, უსიტყვოდ მივყვებოდი. საკმაოდ მკაცრი იყო.
პირველ ჯერზე ერთი წელი გამიცდა, რადგან 16 წლისას ერთ-ერთ ამხანაგურ შეხვედრაზე ფეხი გადამიბრუნდა და ორგან მოვიტეხე. სამაგიეროდ, კალათბურთში ძალიან მოწადინებული დავბრუნდი. ესპანეთში მოვხვდი "სი-ბი-ეი აკადემიაში". ჩემი თამაშებიდან საუკეთესო ეპიზოდები ამოვკრიფეთ და აკადემიაში გადავაგზავნეთ, რამდენიმე სპორტსმენმა მიიღო დაფინანსება, მათ შორის, მეც. ერთი წელიწადი სწავლა მაშინ 20000 დოლარამდე ჯდებოდა. რასაკვირველია, ღირდა კიდევაც, იქ ბევრი რამ ვისწავლე. კანარის კუნძულებზე ვიყავი ექვსი თვე და ქალაქში გასვლა ვერ მოვახერხე, ერთი დღე მქონდა დასვენება და იმ დღესაც თამაში იყო. რომ ვამბობდი, კანარის კუნძულებზე ვიყავი, ლას პალმასზე-მეთქი, მეკითხებოდნენ, როგორ მომეწონა და არაფერი მოსაყოლი არ მქონდა (იცინის). წესით, იქ ერთი წელი უნდა გამეტარებინა, მაგრამ ვიზის გაგრძელება პრობლემებს უკავშირდებოდა და ვერ გავაგრძელე" - ამბობდა დუდა სანაძე.
"ანუნა კალათბურთის ფედერაციაში მუშაობდა და შემთხვევით დავინახე, როცა სამსახურიდან გამოდიოდა. მე კი ამ დროს ვარჯიშიდან გამოვდიოდი. დავინტერესდი, შემდეგ, ინფორმაციები მოვიძიე და გავიცანი.
ჩემი წარმატება ანუნას წარმატებაა. თამამად ვამბობ, ჩემი ყველა წარმატებული ნაბიჯი ანუნას დამსახურებაა, ძალიან მიწყობს ხელს. შეიძლება, ვინც მას არ იცნობს და არ იცის, სპორტსმენის ცხოვრებაში მეუღლის როლი რამდენად დიდია, ამას ვერ ხვდებოდეს, მაგრამ ასეა.
ელემენტარული, სპორტულ რეჟიმში ხელშეწყობაც ძალიან მნიშვნელოვანია, აღარაფერს ვამბობ ფსიქოლოგიურ მხარდაჭერაზე.. ის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ძალიან კარგ ფორმაში ვიყო და მოედანზე მაქსიმუმი გავაკეთო" - ამბობდა დუდა.
დუდას და ანუნას ორი შვილი ჰყავთ - გიორგი და ნინა. პატარა გოგონა წყვილს სულ ცოტა ხნის წინ შეეძინა. ნინამ ოჯახში კიდევ უფრო მეტი სიყვარული და სიმშვიდე შეიტანა. ოჯახის ახალ წევრსა და მასთან ერთად ცხოვრებაზე ანუნა მდივნიშვილმა ჟურნალ "თბილისელებთან" ისაუბრა:
"ზუსტად არ ვიცი, სექტემბრიდან სად წავალთ, მაგრამ სადაც არ უნდა იყოს, ერთად წავალთ. თავიდან მარტივი არ იქნება. სანამ რუტინას შეეჩვევი, რთულია, მაგრამ ერთად დავლაგდებით. რაც პირველი შვილი შეგვეძინა, მას შემდეგ მე, ძირითადად, საქართველოში ვარ, დუდა დადის მარტო. მაგრამ, ახლა უკვე ერთად მოგვიწევს წასვლა.
ზოგი მეორე შვილის დაბადების შემდეგ უფრო ქაოსურ მდგომარეობაშია, მე – პირიქით, ძალიან მშვიდად ვარ, ალბათ, იმიტომ, რომ ბავშვიც ძალიან მშვიდია. ჭამს და სძინავს, მართლა ვერ გაიგებ, სახლში პატარა თუა. აქედან გამომდინარე, სტრესსა და დაძაბულობას საერთოდ არ განვიცდი. პირიქით, ვირგებ ამ ყველაფერს და თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ამ პერიოდში უძილობა ყველას აქვს, ახალშობილს სჭირდება ხშირად გაღვიძება, მაგრამ რადგან არ ტირის, ესეც მშვიდად გადაგვაქვს. ამიტომ, როცა ყველას ერთად მოგვიწევს წასვლა, ვფიქრობ, რომ არ გაგვიჭირდება. დუდას დიდი იმედი მაქვს. ბავშვებთან მიმართებაში ძალიან აქტიურია. გიორგის საჭიროებები თავიდან ბოლომდე თავის თავზე აქვს აღებული, თან, ძალიან კარგად ართობს და როცა აქ არის, ძალიან მეიმედება. თუ დამატებით დამჭირდება დახმარება, თუნდაც სახლის საქმეში, ალბათ, ამასაც მოვაგვარებთ", - ამბობდა ანუნა მდივნიშვილი.