ნია წივწივაძე 1993 წელს დაიბადა. ის ნინო ცქიტიშვილის look models-ის მოდელი გახლდათ, რა დროსაც ჩინეთში სამოდელო კარიერის დიდი გამოცდილება მიიღო. ნინას ბიზნესადმინისტრირების და მენეჯმენტის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული. უყვარს მოგზაურობა და ცურვა. 24 წლის ასაკში ნია „მის საქართველო 2017“ გახდა. ღონისძიება თბილისში გაიმართა. მომდევნო წელს ნიამ საქართველო "მის მსოფლიოს" კონკურსზე წარადგინა. ამჟამად ფეხბურთის ფედერაციაში მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ სამოდელო საქმიანობაში იმდენად აქტიური არ არის, ნია სპორტის დიდი გულშემატკივარია. ეს გასაკვირი არ იქნება, თუ გეტყვით, რომ მისი მეუღლე ფეხბურთელი ნიკუშა ჭანტურიაა.
ოჯახის, შვილებისა და თანაცხოვრების შესახებ ნია წივწივაძე ჟურნალ "თბილისელებს" ესაუბრა.
– ორი შვილი გყავთ, რაც ძალიან დიდი ცვლილებაა თქვენს ცხოვრებაში. კიდევ რა მოიტანა ამ ათმა წელმა თქვენს ურთიერთობაში?
– მე და ნიკუშამ ერთმანეთი ათი წლის წინ გავიცანით. მაშინ 20-21 წლისები ვიყავით, დღევანდელი გადმოსახედიდან – ძალიან პატარები. ამ წლების განმავლობაში ძალიან ბევრი რამ მოხდა, მათ შორის ჩვენს კარიერაშიც. თუნდაც ის, რომ ნიკუშამ ფეხბურთელის კარიერას თავი დაანება და მისთვის სხვა ცხოვრება დაიწყო. ძალიან რთული ნაბიჯი გადადგა. მეც ამ პერიოდში გავხდი „მის საქართველო“, ეს მისი მოთხოვნა და რჩევა იყო, ბოლომდე გვერდით მედგა, რომ მე ამ კონკურსზე გავსულიყავი. ერთად გავიზარდეთ და რჩევებითა და გვერდში დგომით ერთმანეთიც გავზარდეთ. შენი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს მომენტებში, ალბათ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ საყვარელი ადამიანი გვერდით გიდგას და არც რთულ და არც ბედნიერ მომენტებში მარტო არ ხარ, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს.
– დღეს როგორ იხსენებთ დასაწყისს?
– სიმართლე რომ გითხრათ, არ მახსოვს პერიოდი, როცა არ ვიცნობდი, როცა ერთად არ ვიყავით. ეს ათი წელი ძალიან დიდი დროა. თან, იმასაც ხომ გააჩნია, რა ეტაპზე გაიცნობთ ერთმანეთს. ჩვენ ისეთ ასაკში შევხვდით და იმდენი რამ გამოვიარეთ ერთად, თითქოს, აღარ მახსოვს, რომ 17-18 წლის ასაკში მის გარეშე ვიყავი და საერთოდ არ ვიცნობდი.
საწყისი ეტაპი ძალიან კარგად მახსენდება: მოწონება, გაპრანჭვის მომენტები და არ შემჩნევაც (იცინის). მერე იყო სიურპრიზები, საჩუქრები, თუნდაც, რომ იხსენებს, პირველად რომ ყვავილები გამომიგზავნა, როგორ არჩევდა, რადგან პირველად უგზავნიდა თაიგულს გოგოს. მერე ურთიერთობაში სწავლობ ადამიანს, ხვდები რა გაუხარდება, მაგრამ პირველი, ანუ, გაცნობის ეტაპიც, ძალიან სასიამოვნო და საინტერესო იყო.
– წერდი, რა მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდა თქვენს ცხოვრებაში ამ ათი წლის განმავლობაში და ერთ-ერთი სახლის შეძენა იყო. როგორ ზრუნავდით ერთად მომავალზე, სანამ ოჯახი გახდებოდით?
– ზოგადად, ჩვენს ურთიერთობაში ყველაზე მეტად ეგ მეამაყება, ყველაფერს ერთად ვაკეთებთ. ის, რომ ნიკუშა წავიდეს, სახლი იყიდოს, მე ველოდო, როდის გააკეთებს ამას და მერე ფინანსურადაც მხოლოდ მას მივანდო ყველაფერი, ასეთი რამ არ ყოფილა და დღემდე ასე მოვდივართ, ოჯახი ვართ და ყველაფერში ერთად ვართ. ასე იყო მაშინაც, როცა სახლი ვიყიდეთ. ორი წელი იყო გასული, რაც შეყვარებულები ვიყავით, გადავწყვიტეთ, საცხოვრებლად ერთად გადავსულიყავით. დაახლოებით, ერთი წელი ვეძებდით სახლს. ისე მოხდა, რომ ამ პერიოდში ჩინეთში ვიყავი კონკურსზე.
დამირეკა და მითხრა, ძალიან კარგი სახლი ვნახეო. ვუთხარი, ჩამოვალ და ერთადაც ვნახოთ-მეთქი. მეორე დღეს დამირეკა და მითხრა, ვერ მოვითმინე და ვიყიდე, უკვე იყიდებოდა და ვეღარ დაგელოდე, არ გეწყინოსო (იცინის). სადაც მთელი ბავშვობა გავატარე, იმ ადგილთან ძალიან ახლოს იყიდა, შენს საყვარელ ადგილს არ მოსწყდებიო. მე ძალიან მიყვარს ის უბანი და ზოგადად ადგილებს ძალიან ვეჩვევი. ამიტომ, ძალიან გამიხარდა. შემდეგ ერთად შევძელით ის, რომ დღეს უკვე ეს სახლი ყოველგვარი ფინანსური ვალდებულების გარეშე ჩვენია და სამომავლოდ, მასზე ასჯერ დიდი სახლიც რომ შევიძინოთ, ამ სახლს ყოველთვის სიმბოლური დატვირთვა ექნება, რომელიც მუდამ ძალიან გვეყვარება. იმედი გვაქვს, ბოლომდე ჩვენი იქნება და გაყიდვა არასდროს დაგვჭირდება. მინდა, ბოლომდე ვუყურო, საიდან დავიწყეთ. ჩვენი სახლი დიდი არ არის, წყვილისთვის გათვლილი პირველი სახლია, მაგრამ ყველაზე დიდი ბედნიერების მომტანია და ამიტომაც განსაკუთრებული დატვირთვა აქვს.