საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ოთარ კიტეიშვილი მეორე შვილის მამა გახდა. ოთოს და ელას ქალიშვილი, სახელად სოფია შეეძინათ.
ოთარ კიტეიშვილის მეუღლე ელა ზარნაძეა. ოთო და ელა კლასელები იყვნენ და სწორედ აქედან დაიწყო მათი რომანი. წყვილს ორი ქალიშვილი, ლივია და სოფია ჰყავს. ოთარმა პირველი შვილის შესახებ გულშემატკივარს მოედნიდან, გოლის აღნიშვნის დროს გააცნო.
"რას ნიშნავდა ჩემი გოლის აღნიშვნა ზალცბურგთან შეხვედრაში? მამა ვხდები. ეს იქნება ჩემი ცხოვრების დიდი მოვლენა და ბედნიერება. შესანიშნავი საშუალება იყო, ეს ამბავი ამ გზით მეცნობებინა. მე და ჩემი მეუღლე ძალიან ბედნიერები ვართ, ბავშვი დეკემბერში უნდა დაიბადოს", - თქვა ოთომ Kleinezeitung-თან საუბარში 2021 წლის მაისში.
ელა ნოე სულაბერიძესთან ინტერვიუში ოთოზე საუბრობდა. ამბობდა, რომ ის საუკეთესო მამა და მეუღლეა.
"ოთო საუკეთესო მამაა, თითქმის ყველაფერს უსრულებს და ძალიან ანებივრებს ლივიას, როცა თავისუფალი დრო აქვს სულ ჩვენ გვერდითაა," - ამბობდა ელა ინტერვიუში.
იმავე ინტერვიუში ოთომ და ელამ მათი გაცნობის ისტორიაზე ისაუბრეს. როგორც თქვეს, ისინი კლასელები იყვნენ და მათი სიყვარული არა სკოლაში, არამედ სკოლის დასრულების შემდეგ დაიწყო.
"მე და ოთო ვიყავით კლასელები და პირველი კლასიდან ვიცნობთ ერთმანეთს. სკოლა რომ დავამთავრეთ, მერე უფრო დავახლოვდით და შემდეგ გავხდით შეყვარებულები", - ამბობდა ელა ინტერვიუში.
"პირველივე კლასიდან მომწონდა, მაგრამ არც არავისთვის მითქვამს და გამიმხელია. იყო პერიოდი, როცა ელა სხვა სკოლაში გადავიდა და გარკვეული დროის შემდეგ ისევ დაბრუნდა. როცა გადავიდა, მეგონა, რომ ბავშვური სიყვარული იყო, მაგრამ როცა დაბრუნდა, ჩვეულებრივი მეგობრული ურთიერთობა გვქონდა. სკოლის დამთავრების შემდეგ კი მოხდა ჩვენი კავშირი. სკოლის დამთავრების შემდეგ მივხვდი, რომ დამაკლდა და მენატრებოდა, ამან მიბიძგა იმ ნაბიჯებისკენ, რაც გადავდგი და შემდეგ შევქმენით ოჯახი," - იხსენებდა ოთო.
ოთარ კიტეიშვილი 1996 წლის 26 მარტს დაიბადა.
2023–24 წლების სეზონის ყველა ტურნირში სანაკრებო და საკლუბო შეხვედრების ჩათვლით კიტეიშვილმა 40 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 9 შედეგიანი გადაცემა მიითვალა, ხოლო „შტურმის“ შემადგენლობაში განსაკუთრებული აღმავლობით ითამაშა და შედეგად ავსტრიის ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
2025 წლის 18 იანვარს ოთარ კიტეიშვილმა გრაცის „შტურმთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა. 2023–24 წლების ავსტრიის ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშე „შტურმში“ თბილისის „დინამოდან“ 2018 წელს გადავიდა.
2014 წლიდან იცავდა საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებთა ღირსებას. რაც შეეხება საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, მისი დებიუტი ეროვნულ გუნდში 2017 წლის 23 იანვარს, დუბაიში გამართულ საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში, უზბეკეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ შედგა. კიტეიშვილმა შეხვედრა, ძირითად შემადგენლობაში დაიწყო.
პირველი გოლი ეროვნულ გუნდში 2022 წლის 9 ივნისს, ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ გამართულ ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრაში გაიტანა. მატჩი სკოპიეში, „ტოშე პროესკის“ სტადიონზე გაიმართა და საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ 3–0 დასრულდა.
26 მარტი კიტეიშვილის დაბადების დღეა. ამ დღეს წყდებოდა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს გასვლის ბედი. ურთულესი გამოდგა საბერძნეთთან დაპირისპირება, ყველაფერი პენალტების სერიამ გადაწყვიტა...
"კვეკვესკირის გადამწყვეტი პენალტის შემდეგ რა ემოციაც იყო, ალბათ, ბევრმა ჩვენგანმა ვერც გამოხატა ეს ემოცია. გასახდელში შესვლამდე ვერ ვაცნობიერებდი, რა ხდებოდა და რაოდენ დიდ რაღაცას მივაღწიეთ და როგორ გავახარეთ მთელი საქართველო", - თქვა მატჩის შემდეგ.