"ჩვენ არ ვართ მხოლოდ ჩვენი ტრავმები. ჩვენ არ ვართ მხოლოდ ჩვენი დიაგნოზები. ჩვენ არ ვართ ისტორიები, რომლებიც გვწამს. ჩვენ შეგვიძლია მათი რედაქტირება - არა უარყოფითის ჩანაცვლებით, არა ცრუ პოზიტივით, არამედ თანაგრძნობით, აღიარებით: "ვიცი, რომ რთულია, მაგრამ გაივლის! ვიცი, რომ გაივლის, მაგრამ რთულია", - წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნინო ხაჟომია, რომელიც ახლა მძიმე სენს ებრძვის და საკუთარ გამოცდილებასა და მოტივაციას სხვებსაც უზიარებს.
"ჯიუტად ძლიერი ქალი, უკიდეგანო გამძლეობით აღმოვჩნდი ონკოლოგის კაბინეტში. არასოდეს მითხოვია დახმარება. არასოდეს მიტირია საჯაროდ. ვიყავი ყველა იმ ადამიანის საყრდენი, ვისაც სჭირდებოდა. მაგრამ ახლა, როცა ჩემი დაავადება დიაგნოზია, სხეული ითხოვს მოთმენით მოპყრობას - მე! დავასრულე გმირობა და დავიწყე ნამდვილი სიცოცხლე. იმიტომ, რომ ღირსი ვარ იმ სიყვარულის, რომელიც, ბოლოს და ბოლოს, საკუთარ თავზე მივმართე!" - წერდა ნინო.
ნინო ხაჟომია წლების წინ აქტიურად ჩანდა ეკრანებზე. ის 2020 წელს აჭარის მაუწყებლის ახალი ამბების რედაქტორად დანიშნეს, მას შემდეგ კი ეკრანიდან უფრო მეტად კულისებში გადაინაცვლა და მოგვიანებით საკუთარი ბიზნესი წამოიწყო. მან მთაში, ზღვის დონიდან 2 800 მეტრის სიმაღლეზე კაფე-ბარი გახსნა:
"ერთადერთი ქალი ვარ საქართველოში, რომელიც ამ სიმაღლეზე ბიზნესს აკეთებს. წელს მეზობლები მეუბნებოდნენ: ვა, ქალის კვალობაზე, ყოჩაღ შენო. მე ვფიქრობ, საკაცეთს დავუმტკიცე, რომ ქალებსაც შეგვიძლია იმ საქმის კეთება, რომელიც მამაკაცებთან ასოცირდება. საზოგადოების რეაქციას რაც შეეხება, მთელი ცხოვრება ჟურნალისტიკაში ვარ და ვიცი, რაც უნდა კარგი გააკეთო, მაინც ყველაზე ცუდი ხარ, ამიტომ ამაზე ყოველთვის იმუნიტეტი მქონდა", - ამბობდა ნინო ხაჟომია.
ნინო ხაჟომიამ 2017 წელს ვრცლად ისაუბრა უშვილობისა და მის ცხოვრებაში მოსული დიდი სიხარულის შესახებ:
"ჩემი ბიოლოგიური მონაცემებით, წესით, უშვილო უნდა ვყოფილიყავი. რომ არა განვითარებული მედიცინა, შვილი არასდროს მეყოლებოდა. საბა, რომელიც 13 წლისაა ახლა, არის ჩემი და ჩემი ქმრის გენეტიკური შვილი, რომელიც „ინ ვიტრო“ განაყოფიერებით არის გაჩენილი. სულ იმას ვამბობდი, რომ საბა თუ გაჩნდებოდა, ეს იქნებოდა სასწაული.
ნინო მედიის ყურადღების ცენტრში თავიდან მოექცა, ოღონდ ამჯერად არა პროფესიული საქმიანობის გამო. მას მძიმე დაავადებასთან, კიბოსთან უწევს ბრძოლა.
ყველამ ვიცით, რომ ეკლესიაში არის ე.წ. „მიმდინარეობა“, რომელიც ეწინააღმდეგება ყველანაირ პროგრესულ იდეას და მათ შორის კრძალავს ინ ვიტრო განაყოფიერებას. სხვათა შორის, წლების მერე, ერთ-ერთ მღვდელთან მომივიდა სერიოზული ჩხუბი, რომელმაც მითხრა, რომ ანათემაზე ხარ გადასაცემი, რადგან გაბედე, ღმერთის ნების წინააღმდეგ წახვედი და ხელოვნური განაყოფიერება გაიკეთეო. ღმერთს უნდოდა შენ უშვილო ყოფილიყავიო. ამაზე ჩემი პასუხი საკმაოდ მკვახე იყო. ვუპასუხე: ღმერთს თუ უნდოდა უშვილო ვყოფილიყავი, მაშინ ინ ვიტროც წარუმატებელი იქნებოდა-მეთქი.
საბა გაჩნდა წარმატებით, თუმცა 9 თვის განმავლობაში სულ იყო იმის საშიშროება, რომ მომშლოდა. ამ პერიოდში არ მტოვებდა იმაზე ფიქრი, რომ აუცილებლად უნდა მყოლოდა მეორე შვილი, რომელსაც ვიშვილებდი...ამ გადაწყვეტილებას თავისი წინაპირობაც ჰქონდა.რამდენიმე ათეული წლის წინ, გადაცემაში „60 წუთი“ გავაკეთე გამოძიება კოჯრის ბავშვთა სახლში მცხოვრებ სამი წლის ასაკის ბიჭზე და მის მიმართ სასტიკ მოპყრობაზე. მახსოვს ერთი კადრი: 3 წლის ბავშვმა თავისი ტანსაცმელი დაკეცა და ფეხსაცმელთან ერთად ძილის წინ ბალიშის ქვეშ ამოიდო, რომ სხვებს არ წაერთმიათ და მეორე დღეს შიშველი არ დარჩენილიყო. ეს იყო შოკისმომგვრელი სცენა ჩემთვის და არასდროს დამავიწყდება. მაშინ გავიფიქრე პირველად, რომ რამდენი შვილიც არ უნდა გამჩენოდა, ერთ ბავშვს მაინც ვიშვილებდი და ოჯახურ მზრუნველობას მივცემდი. ეს ფიქრი რეალურად მაშინ განვახორციელე, როცა საბა წლინახევრის იყო და მე და ჩემი ქმარი შვილად აყვანის მსურველ ოჯახთა მოლოდინის რიგში ჩავდექით... ჩვენს გადაწყვეტილებას ძალიან აგრესიულად შეხვდნენ ჩვენი მშობლები. მიუხედავად იმისა, რომ დედაჩემი მორწმუნეა, ყველანაირად ცდილობდა დავერწმუნებინე, რომ მცდარი გადაწყვეტილება მივიღე. ამბობდა, რომ ეს „სირცხვილია“, რომ გენეტიკას მნიშვნელობა აქვს და არ გვეცოდინებოდა, როგორი გაიზრდებოდა ჩვენი აყვანილი შვილი. ყურს არ ვუგდებდი არავის", - ამბობდა ნინო ხაჟომია.