ლიკა შენგელია ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო უამრავმა ადამიანმა გაიცნო. მიუხედავად ამისა, ლიკა წლების წინ წარმატებული მოდელი იყო და ამ სფეროში მნიშვნელოვანი ნაბიჯებიც გადადგა. ის თაკო ჩხეიძესთან, ლიკა კვარაცხელიასთან, ლალი ტოტიკაშვილთან და იმ დროის სხვა მოდელებთან ერთად არაერთ ჩვენებაში იღებდა მონაწილეობას.
ლიკა შენგელია ამჯერად სოციალურ ქსელში კადრებს საოჯახო ფოტოალბომიდან აქვეყნებს. მან მშობლების, ბებიისა და საკუთარი ბავშვობის ფოტოები გამოაქვეყნა. "ჩემი 66 წლის ბებია იერუსალიმში. უნიკალური სტილით და "ვალენტინოს" ზედით წინა საუკუნეში - გენი. ჩემს ლამაზ სულს, ჩემს კეთილ გულს, ჩემს უნიკალურ გენს ვერავინ წამართმევს! ეს ასეა და სულ ასე იქნება, მოსწონს ზოგს თუ - არა", - წერს ლიკა შენგელია.
ლიკა შენგელიას სახელსა და გვარს ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე ქართულ მედიასა თუ სოციალურ ქსელში ხშირად წააწყდებით - მას და ტელეწამყვან სალომე გოგიაშვილს შორის არსებულმა კონფლიქტმა სერიოზული სახე მიიღო: ფეისბუკზე გამოქვეყნებული წერილებისა თუ ვიდეოების მეშვეობით, მათ ამ კონფლიქტის დეტალებზე საჯაროდ ისაუბრეს. ლიკა შენგელიამ სალომე გოგიაშვილს, მეუღლეზე ეჭვიანობის საფუძველზე, ფიზიკურ ძალადობაში, კერძოდ, თავის არეში ბლაგვი საგნის, სავარაუდოდ, ჩაქუჩის ჩარტყმაში დასდო ბრალი. სალომე გოგიაშვილმა ამ განცხადებას ცრუ ბრალდება უწოდა და ცილისწამებისთვის სასამართლოში ჩივილი გადაწყვიტა.
ლიკა შენგელიასა და სალომე გოგიაშვილს შორის კონფლიქტი არ დასრულებულა. გოგიაშვილმა ცოტა ხნის წინ ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც მისი ქმრისა და ლიკა შენგელიას საუბარი ისმის.
როგორც სალომე გოგიაშვილი წერდა, საჩივარი უკვე შეტანილი აქვს და ელოდება შესაბამისი ორგანოს რეაგირებას.
ლიკა შენგელია ძველი თაობის მოდელებს მიეკუთვნება. მას წარსულში წარმატებული სამოდელო კარიერა ჰქონდა და მეგობრობდა ისეთ ცნობილ სახეებთან, როგორებიც არიან: თაკო ჩხეიძე, ლიკა კვარაცხელია, ლალი ტოტიკაშვილი, თიკა ფაცაცია, სალომე ღვინიაშვილი, რუსა ჩაჩუა და სხვ. აღსანიშნავია, რომ თაკო ჩხეიძე, ლიკა კვარაცხელია და ნინო ცქიტიშვილის მეუღლე, ვატო ნაცვლიშვილი ქეთი ჟღენტის ნათლიები არიან.
"დედა წარმატებული მოდელი იყო, მაგრამ იმ დროს უცხოეთში წასვლა არ გახლდათ ადვილი. "ფორდის" სააგენტოდანაც ჰქონდა მოწვევა, მაგრამ ვიზების გამო ვერ წავიდა. მერე გათხოვდა, ჩვენ გავჩნდით და მოდელობას თავი დაანება", - იხსენებდა ერთ-ერთ ინტერვიუში ლიკა შენგელიას ქალიშვილი, ქეთი ჟღენტი.
ბევრისთვის დაუჯერებელია, თუმცა ლიკა შენგელიას ხუთი შვილი ჰყავს – ორი – ბიჭი და გოგონა, პირველი ქორწინებიდან, სამი ბიჭუნა – მეორე ქორწინებიდან.
ქეთი ასევე მრავალშვილიანი დედაა - ის მეუღლესთან, ბიზნესმენ თოშა ქებურიასთან ერთად სამ შვილს, ბუბას, კატერინასა და ლიანას ზრდის. დაოჯახებულია ლიკა შენგელიას უფროსი ვაჟი, ბუბუც. ბუბუმ რჩეულზე, თაკო აბრამიძეზე ცოტა ხნის წინ იქორწინა და მათ ერთი გოგონა, ლივია ჰყავთ.
ლიკა შენგელიას უმცროსი შვილები არასრულწლოვანები არიან.
ლიკა შენგელია გამოირჩევა სოციალურ ქსელში აქტიურობით - ხშირად აქვეყნებს ოჯახურ კადრებს, ასევე ბევრს მოგზაურობს და მეგობრებს ეგზოტიკურ ფოტოებსაც უზიარებს.
ლიანა შენგელიას პირველი მეუღლე, არჩილ ჟღენტი, კალათბურთელი იყო. ის 1975 წელს თბილისში დაიბადა. თამაშობდა საქართველოს თითქმის ყველა წამყვან გუნდში. 1996-97 წლებში რუსეთის ერთ-ერთ წამყვან გუნდ მოსკოვის “სპარტაკში” გამოდიოდა. რამდენიმე წელი თამაშობდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც.
აქტიური სპორტიდან წასვლის შემდეგ მწვრთნელად დაიწყო მუშაობა. არის მწვრთნელთა 4 საერთაშორისო სემინარის მონაწილე. იყო “დინამოს” მთავარ მწვრთნელ ზაზა ცაგარეიშვილის თანაშემწე. “დინამოდან” წასვლის შემდეგ კარიერა “შსს აკადემიაში” გააგრძელა. იყო ამ გუნდის როგორც მთავარი მწვრთნელი, ასევე თანაშემწე.
წყვილს თანაცხოვრებაში ორი შვილი, ქეთი და ბუბუ ჟღენტები შეეძინა.
ლიკა შენგელიას მეორე მეუღლე შპს კავკასუს კონსტრაქშენ გრუპის დირექტორი ბიძინა ჯიხვაძე იყო. წყვილს ქორწინებაში სამი ვაჟი შეეძინა, თუმცა მათი თანაცხოვრება დიდხანს არ გაგრძელებულა. როგორც ლიკა შენგელია წერს, უკვე ოთხი წელია, რაც სამ მცირეწლოვან შვილს მარტო ზრდის. მოდელი აღნიშნავს, რომ ამ პერიოდში ყოფილი მეუღლე, ბიძინა ჯიხვაძე გვერდით უდგას.