„სულაც არ არის საამაყო, როცა ქალი ამბობს, კრემსაც არ ვისვამ, პირი დავიბანე და ისე გამოვედი სახლიდანო..." - კირა ანდრონიკაშვილის ცხოვრებისეული კრედო - Marao

„სულაც არ არის საამაყო, როცა ქალი ამბობს, კრემსაც არ ვისვამ, პირი დავიბანე და ისე გამოვედი სახლიდანო..." - კირა ანდრონიკაშვილის ცხოვრებისეული კრედო

2025-09-12 16:51:24+04:00

კირა ანდრონიკაშვილის სილამაზით, ნიჭიერებით, სიმშვიდითა და განსაკუთრებული აურით წლების მანძილზე უამრავი ადამიანი აღფრთოვანებულა. 79 წლის მსახიობი დღემდე ითვლება ელეგანტურობისა და ქალურობის ნამდვილ მაგალითად - მისი მოსმენა, მისი რჩევების მიღება და გამოცდილების გაზიარება კი ერთი დიდი სიამოვნებაა. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ კირა ანდრონიკაშვილის ცხოვრების მთავარ კრედოს - როგორ ვიცხოვროთ ისე, რომ შევინარჩუნოთ შინაგანი და გარეგანი მშვენიერება, სიფაქიზე და სიმშვიდე. 

kira_andronikashvili

კირა ანდრონიკაშვილის ცხოვრებისეული კრედო 

  • „სულაც არ არის საამაყო, როცა ქალი ამბობს, არ ვზრუნავ გარეგნობაზე, კრემსაც არ ვისვამ, პირი დავიბანე და ისე გამოვედი სახლიდანო. გარდა იმისა, რომ თავს უნდა მოვუაროთ, შინაგან მდგომარეობასაც დიდი მნიშვნელობა აქვს".

"როცა სოფიკო გიორგისთან ერთად საქორწინო მოგზაურობაში იყო, ვერიკოსთან ვიყავი მისული..." - რას იხსენებს კირა ანდრონიკაშვილი სოფიკო ჭიაურელზე 

  • „შენგან თუ სითბო, დადებითი მუხტი და ხალისი არ მოდის, მარტო ცუდზე ლაპარაკობ, ეს შენს სახესაც დაეტყობა. მინახავს ულამაზესი ადამიანი, რომლისგანაც კეთილგანწყობა და სითბო არ მოდიოდა და ის უბრალოდ ყინულის დედოფალს ჰგავდა”.
  • „ყურადღებას სამოსით არ უნდა იქცევდე. ყველას თავისი სტილი აქვს. ზოგი ისე გამომწვევად იცვამს, რომ თავის გარეგნობას აფუჭებს. მე, თუ გინდათ, სამოსში დავიკარგო და საერთოდ აღარ გამოვჩნდე, ძალიან მდიდრული კაბა უნდა ჩამაცვათ. მოდის აყოლასაც ვერ ვიტან. იქნებ ის, რაც მოდაშია, არ მიხდება, რატომ უნდა ჩავიცვათ ყველამ ერთნაირად?! არ მომწონს, დღეს გოგონების უმრავლესობა ერთმანეთს რომ ჰგავს, ერთნაირად მეტყველებენ… ყველა ადამიანს თავისი ინდივიდუალობა უნდა ჰქონდეს".

kira_andronikashvili

"18 წლისას პირველი შვილი მეყოლა... დამიწუნეს, ხელები მრეცხავივით რატომ აქვს ამ ულამაზეს გოგოსო?" - კირა ანდრონიკაშვილის განვლილი გზა 

  • „მიიღეთ რაც დროს მოაქვს. მაგრამ არ დაკარგოთ ინდივიდუალიზმი. სხვადასხვა დროს გადაღებულ ჩემს ფოტოებს რომ ვუყურებ, ვხვდები, რომ სტილი არასდროს შემიცვლია, მე ახლაც ისე ვიცვამ, როგორც ახალგაზრდობაში, მაგრამ როცა საინტერესო ადამიანები ფიქრობენ შენზე, რომ შეიძლება ახალი შტრიხებით კიდევ უფრო საინტერესო გახდეს შენი გამომეტყველება და გარეგნობა, ნამდვილად ვთანხმდები. აუწყეთ ფეხი დროს, ოღონდ თქვენივე ინდივიდუალიზმს ნუ მიაძინებთ”.

kira_andronikashvili

  • "თუ დაფიქრდები აღმოაჩენ, რომ შენს ცხოვრებაში აღარასდროს იქნები, იმაზე ახალგაზრდა ვიდრე ახლა ხარ. ახლა საუკეთესო დროა გააკეთო ის რაც გულით გინდა. იყავით თავისუფლები და გულისხმიერები, დრო უკან არასდროს დაბრუნდება...”
  • "მინდა, რომ ყველაზე ღარიბს,ყველაზე ავადმყოფს,ყველაზე გაჭირვებულს დაურეკოთ...მე ჩემს შვილიშვილებს რომ ვატან მათთან რაღაცას, მყავს ასეთი ოჯახები, ყოველთვის ვეუბნები:კარებში არ მიაწოდოთ, დაუჯექი იმ მოხუცს, იმ ავადმყოფს, გაჭირვებულს და ჰკითხე,როგორ არის, შენი ამბავიც უამბე, თუ არ გეჩქარება ძალიან, მაგრამ ეცადეთ ისეთ დროს მიხვიდეთ, რომ დაელაპარაკოთ, იმიტომ, რომ კარებში მიწოდებული ეს სანოვაგე კი გაუხარდება, მაგრამ მისთვის ის თბილი სიტყვა უფრო მნიშვნელოვანია".