ქეთი ჩხეიძის ოჯახის ამბავი­, რომელიც ზღაპარს ჰგავს: " ქალმა გაზარდა ბავშვი, შემდეგ ცხოვრება ისე აეწყო, ეს გაზრდილი­ შვილი გულიდან მოიგლიჯა და დაუთმო ქალს, რომელმაც ბავშვი გააჩინა" - Marao

ქეთი ჩხეიძის ოჯახის ამბავი­, რომელიც ზღაპარს ჰგავს: " ქალმა გაზარდა ბავშვი, შემდეგ ცხოვრება ისე აეწყო, ეს გაზრდილი­ შვილი გულიდან მოიგლიჯა და დაუთმო ქალს, რომელმაც ბავშვი გააჩინა"

2025-09-15 14:54:31+04:00

მსახიობ ქეთი ჩხეიძის ოჯახის ამბავი­ მართლაც ზღაპარს ჰგავს, რომელიც 1937 წლის ცნობილი რეპრესიებით იწყება. რუბრიკაში "არასდროს დამავიწყდება" ის ამ ამბებსა და მისი ცხოვრების მნიშვნელოვან ადამიანებს იხსენებს.

"სიყვარული, როგორც ძვირფასი განძი"

- ბებია (მამის მხრიდან) ქეთო ქავთარაძე პროფესიით ექიმი იყო, თელავში ცხოვრობდა და საქმიანობდა. მეც თელავში დავიბადე და 5 წლამდე პერიოდი იქ გავატარე. ეს იყო ოჯახი, სადაც საუკეთესო საზოგადოება: ექიმები, მომღერლები, მსახიობები იკრიბებოდნენ. ბებიას საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობა უყვარდა და ასეთი მეგობრები ჰყავდა. გამორჩეულად მახსოვს ბებიის უსაზღვრო სიყვარული ჩემს მიმართ. ახლა თავადაც ბებია გავხდი და მეც მაგ დღეში ვარ. გადმოფრქვეული სიყვარული, მზრუნველობა ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სამუდამოდ გრჩება, როგორც დიდი და ძვირფასი განძი. ფიზიკურად ხშირად არ ეცალა, ჩემს გვერდით ყოფილიყო, ოპერაციებს აკეთებდა, სამშობიარო ებარა, მაგრამ ჩვენი ყოველი შეხვედრა ჩახუტება იყო დაუვიწყარი.

  • „სულაც არ არის საამაყო, როცა ქალი ამბობს, კრემსაც არ ვისვამ, პირი დავიბანე და ისე გამოვედი სახლიდანო..." - კირა ანდრონიკაშვილის ცხოვრებისეული კრედო

მნიშვნელოვანია, რა ფესვზე ხარ აღმოცენებული, როგორ გარემოში იზრდები, მერე შენ ამ საყრდენზე იწყებ განვითარებას და შენი პიროვნების "აშენებას". სიმდიდრეს და სიღარიბეს მნიშვნელობა არ აქვს.

თელავიდან ერთი კადრი გამორჩეულად მახსოვს - ზაფხულობით საბავშვო ბაღში საწოლები ბუნებაში, ღია ცის ქვეშ იდგა და იქ გვაძინებდნენ. მაშინ ჩვეულებრივ ამბად მიმაჩნდა, მეგონა, ყველგან ასე ხდებოდა, მაგრამ მერე აღმოვაჩინე, რომ ჩვეულებრივი ამბავი სულაც არ ყოფილა.

keti_chkheidze

"დედას ორი დედა ჰყავდა"

- დედას (ნანა ჟორდანია) ორი დედა ჰყავდა, ვანდა, რომელმაც გააჩინა­ და ანა, რომელიც 8 წლამდე ზრდიდა. 7 თვის იყო დედაჩემი, როცა მისი მშობლები 1937 წლის ცნობილი რეპრესიების­ დროს დააპატიმრეს. დედა ბიძამ­ და ბიცოლამ ისე გაზარდეს, როგორც საკუთარი­ შვილი. 8 წლის იყო, როდესაც მამამისი გადასახლებიდან დაბრუნდა­.

- როგორ დაბრუნდა?

- ბაბუა პროფესიით ექიმი გახლდათ. თურმე ბარაკებში, სადაც პატიმრები ცხოვრობდნენ, მალარია მძვინვარებდა, დაავადება გულაგის უფროსის შვილსაც შეხვედრია და იმ კაცს ბაბუაჩემისთვის უთქვამს, თუ გადაარჩენ, გათავისუფლებაში დაგეხმარები, თუ არა და, ზედ დაგაკლავო. ბავშვი­ მძიმე მდგომარეობაში ყოფილა, მაგრამ ბაბუას მისი გადარჩენა მოუხერხებია და იმ კაცსაც სიტყვა შეუსრულებია.

  • "40-იან წლებ­ში თბი­ლი­სის "შავ ბრი­ლი­ანტს“ ეძახ­დნენ..." - ვინ იყო ბაბუსია თვალავაძე, რომლის სილამაზეზე ლეგენდები დღემდე დადის

ბაბუა გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ, ბუნებრივია, ძმის ოჯახში ხშირად­ დადიოდა, მაგრამ საკუთარ შვილს ის ბიძა ეგონა. შემდეგ წვეულებაზე ვიღაცამ დედას­ სიმართლე უთხრა. ამ დროს უკვე ბებიაც დაბრუნებული იყო გადასახლებიდან­. წარმოგიდგენიათ, პატარა გოგონასთვის ეს რამდენად ემოციური იქნებოდა? ბავშვს გაორება დაეწყო, თითქოს გული ვანდა­სკენაც მიუწევდა, თან ანა უყვარდა, როგორც დედა. ამის შემდეგ ანამ მიიღო გადაწყვეტილება და ბავშვი დააბრუნა, ვანდას წერილი მისწერა: ბავშვი ცოდოა, რადგან მოიწევს, მისთვის ასე სჯობსო...

ამბავი, რომელიც ჩემს ოჯახს თავს გადახდა, არ იყო ერთეული შემთხვევა, სამწუხაროდ, იმ წლებში ამ მდგომარეობაში ბევრი ოჯახი იმყოფებოდა. მშობლებს რომ აპატიმრებდნენ, პატარებს ბებიები, ბიცოლები, მამიდები, ზოგჯერ მეზობლებიც კი ზრდიდნენ.

- წლების შემდეგ დედა მაშინდელ განცდებზე რას გიამბობდათ?

- ამის აღწერა სიტყვებით ალბათ შეუძლებელია. მთელი ცხოვრების მანძილზე მე და დედა განუყრელად სულ ერთად ვიყავით. მის ბიოგრაფიას თან სდევდა ფრაზა­: "მარტო არ დამტოვო", განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ასაკში შევიდა. მაშინ რომ დატოვეს, თითქოს ძალიან პატარა იყო, არ უნდა აღექვა, მაგრამ აღიქვა, ის ტრავმა ფსიქიკაში დარჩა და ბოლომდე გაჰყვა.

დედამ მოგვიანებით თავისი ბიოგრაფია დაწერა, როგორ დაუპატიმრეს მშობლები, როგორ უამბო გამზრდელმა დედამ მას ეს ამბავი, როგორ უთხრა, შენი დედა ვანდაა, მე ბიცოლა ვარო...

დედაჩემის მამის ხაზი ხომ ცალკე "მოთხრობაა", როგორ გადარჩა რეპრესირებული ექიმი კაცი და დაუბრუნდა ოჯახს. ზღაპარივით არის, მაგრამ ნამდვილი ამბავია.

რეჟისორი გიზო ჟორდანია ჩემი ბიძა (დედის ძმა) იყო. მან მამამისის და თავის დის ხაზები გააერთიანა და მარჯანიშვილის თეატრში სპექტაკლი დადგა. "თეთრი იასამანი" ერთი ოჯახის ისტორიაა.

- "თეთრი იასამანი" რატომ ჰქვია?

- მაშინ გამოდიოდა სუნამო, რომელსაც "თეთრი იასამანი" ერქვა. ამ სუნამოს ბებია (ვანდა) იყენებდა, დედაჩემს კი ადრეული ბავშვობიდან მის სურნელზე არანორმალური რეაქცია ჰქონდა, დედის სუნს უკავშირებდა. სუნამოს შესაძენად ფულის შეგროვება დაუწყია, მერე შინ მიუტანია და დაუმალავს. ანას უპოვია და უკითხავს, ჯერ პატარა ხარ, სუნამო რად გინდაო? დედას უთქვამს, რატომ ჰქონდა ამ სუნამოსადმი ასეთი დამოკიდებულება. ამიტომ მიიღო სპექტაკლმაც ეს სახელწოდება.

- სპექტაკლში თქვენი ბებიის როლს ასრულებთ, ამ როლზე მუშაობას ალბათ კიდევ სხვა შეგრძნებები ახლდა, არა?

- ძალიან რთული იყო, ვიფიქრე, გარდასახვით მის სხეულში, ტვინში შევძვრებოდი, მაგრამ ამ მიდგომამ ჩემში უარყოფითი ემოციები გამოიწვია, ბებიაჩემის თამაში რომ დავიწყე, ძალიან გამიჭირდა, არ მესიამოვნა, არ მომეწონა. მერე გადავწყვიტე, მიდგომა შემეცვალა, პერსონაჟს მივუდექი როგორც უცხო ქალს, რომელსაც ეს ამბავი შეემთხვა, ამ მიდგომამ გაამართლა.

5 წლის ვიყავი, თელავიდან რომ დავბრუნდი, ორივე ბებია ცოცხალი იყო, მათ გამზარდეს. მე, დედა, ანა და ვანდა ერთად ვცხოვრობდით, ცოტათი უცნაური ამბავია, ასე რომ მოხდა.

წარმოიდგინეთ, ქალმა გაზარდა ბავშვი, შემდეგ ცხოვრება ისე აეწყო, ეს გაზრდილი­ შვილი გულიდან მოიგლიჯა და დაუთმო ქალს, რომელმაც ბავშვი გააჩინა. ამის გაკეთება მხოლოდ მაღალი ზნეობის ადამიანებს­ შეუძლიათ. ანამ პირველ ადგილზე დააყენა ბავშვი, მისი ბედნიერება, ემოციები, მისი სიხარული და არა საკუთარი თავი. მოსაყოლად ვითომ ადვილია, მაგრამ გასააზ­რებლად რთულია. წარმოიდგინეთ, რას განიცდიდა, როდესაც თავის გაზრდილ გოგონას ჩემოდანს ულაგებდა და მიჰყავდა, უმძიმესი დრამაა. 

წაიკითხეთ სრულად