ჩვენი სამყარო დიდი 3D თეატრია, სადაც ადამიანები წინასწარ დაწერილ როლებს თამაშობენ. კაფკა გვაფრთხილებს: „გამოდით სცენარიდან!“ ის არ გვაჩვენებს ბილიკებს და გაკვალულ გზას, არამედ გვიხატავს სურათს იმისა, თუ რა ხდება მაშინ, როცა გზები ქრება და ადამიანი მარტო რჩება აბსურდის პირისპირ.
მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი და მნიშვნელოვანი მწერლის, ფრანც კაფკას ცხოვრება ისეთივე სევდიანი და საინტერესო იყო, როგორიც მისი ნამუშევრებია. ის გარეგნულად მორიდებული, ჩაკეტილი და ხშირად მელანქოლიით სავსე ადამიანი იყო, მაგრამ შინაგანად უსაზღვრო ფანტაზიისა და მკაცრი თვითკრიტიკის მახვილი თვალით ხედავდა სამყაროს აბსურდს და ადამიანურ სისუსტეებს. კაფკა მუდმივ შინაგან წინააღმდეგობებთან ერთად ცხოვრობდა: ერთის მხრივ, განმარტოება და თავისუფლება სურდა, მეორეს მხრივ, ადამიანები უყვარდა და სითბოს ეძებდა. თავის მთავარ ნაშრომებს ღამ-ღამობით, უმეტესად ავადმყოფობის პერიოდში წერდა. სიკვდილამდე კი თავის მეგობარს, მაქს ბროდს სთხოვა, მისი ხელნაწერები დაეწვა, თუმცა, ბროდმა პირობა არ შეასრულა და კაფკას ტექსტები გამოაქვეყნა - სწორედ ასე მოაღწიეს ჩვენამდე ამ შედევრებმა.
კაფკას შემოქმედება ღრმად შეეხო ლიტერატურას, ხელოვნებასა და კულტურას, ხოლო მისი სახელი აბსურდისა და გაუცხოების სინონიმად იქცა.
კაფკას რომანის „პროცესი“ მთავარი გმირი, იოზეფ კ. სრულიად გაუგებარი ბრალდების მსხვერპლი ხდება. ის პირისპირ აღმოჩნდება სასამართლო სისტემასთან, რომელიც თითქოს სამართლიანობისთვის კი არა, საკუთარი ბიუროკრატიული მექანიზმების შენარჩუნებისთვის არსებობს. სასამართლო პროცესი დაუსრულებელია, გაუმჭვირვალე და სრულიად უცხო ლოგიკის მიხედვით მოქმედებს. იოზეფ კ. იძულებულია იბრძოლოს სიმართლისთვის სისტემაში, სადაც სიმართლე ბუნდოვანი და მიუწვდომელია.
ამ რომანის სიუჟეტი მხოლოდ კონკრეტული ეპოქის სასამართლოს არ ეხება. ის მეტაფორაა იმ აბსურდული გარემოსი, სადაც ადამიანი თავს უმწეოდ გრძნობს ინსტიტუტების, სისტემებისა და საკუთარი უმწეობის წინაშე. „პროცესი“ დღესაც ისეთივე აქტუალურია, როგორც კაფკას დროს იყო. თანამედროვე სამყაროში ადამიანებს ხშირად უწევთ გაუგებარ კანონებთან და მექანიზმებთან ბრძოლა. იქნება ეს ბიუროკრატია, უსამართლო გადაწყვეტილებები თუ პოლიტიკური ძალებით მართული ინსტიტუტები, რომლებიც ადამიანს კი არ ემსახურებიან, არამედ საკუთარ ინტერესებს.
თანამედროვე საზოგადოებაში მრავალი სიტუაცია შეგვიძლია კაფკასეულად დავინახოთ: როცა სიმართლე ბუნდოვანია, წესები გაუგებარი, სასამართლო პროცესი - დაუსრულებელი და კანონებიდან ამოვარდნილი. ეს ყველაფერი ქმნის აბსურდს და განცდებს, რომელთაც კაფკა შეუდარებლად გადმოსცემდა.
კაფკას რომანი გვაჩვენებს, რომ აბსურდული სიტუაციების მიღმა არსებობს ღრმა კითხვები სამართლიანობის, თავისუფლებისა და ადამიანის ღირსების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ „პროცესი“ თითქმის საუკუნის წინ დაიწერა, ის კვლავ გვაიძულებს დავფიქრდეთ იმაზე, თუ რამდენად სამართლიანია ჩვენი სამყარო და როგორია ადამიანის როლი სისტემის წინაშე.
სწორედ ეს აქცევს ფრანც კაფკას ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე კლასიკოსად, რომლის ტექსტები დღემდე გვახსენებს, რომ აბსურდის მიღმა რჩება ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა: - რა არის სიმართლე?
R