უიშვიათესი ფაქტი: ვინ არის 26 წლის ქართველი გოგო, რომელმაც ბარიატრიული ოპერაცია 3-ჯერ გაიკეთა - Marao

უიშვიათესი ფაქტი: ვინ არის 26 წლის ქართველი გოგო, რომელმაც ბარიატრიული ოპერაცია 3-ჯერ გაიკეთა

2025-09-17 11:12:50+04:00

ახალგაზრდა ქალი, ქრისტინე მექერიშვილი, ალბათ, იმ იშვიათ ადამიანებს მიეკუთვნება, ვინც ბარიატრიული ოპერაცია 3-ჯერ გაიკეთა. ქრისტინე 26 წლისაა, მას ჭარბი წონა ბავშვობიდან აწუხებდა. პირველი ოპერაცია საქართველოში გაიკეთა, თუმცა ამბობს, რომ ამან ჯანმრთელობის სხვა პრობლემა შეუქმნა, წონა კი ისევ მოიმატა. მეორე ოპერაცია ასევე წარუმატებელი აღმოჩნდა - საწყის წონას თითქმის ორ წელში დაუბრუნდა. როგორ გრძნობს თავს და როგორია მისი ცხოვრება მესამე ოპერაციის შემდეგ, ამის შესახებ დეტალურად პალიტრავიდეოსთან ისაუბრა.

bariatria

პირველი ოპერაცია

მე ვარ ქრისტინე მექერიშვილი 26 წლის. ბარიატრიული ოპერაცია გავიკეთე სამჯერ. პირველი ოპერაცია გავიკეთე 17 წლის ასაკში ქობულეთში. იყო ერთ-ერთი ექიმი, რომელიც მირჩიეს და რადგან ბავშვობიდან ჭარბწონიანი ვიყავი, გადავწყვიტე, გამეკეთებინა. მაშინ 120 კილოგრამს ვიწონიდი. დავიკელი 10 კილოგრამი იმის ხარჯზე, რომ ოპერაციიდან ერთ თვეში მქონდა გულის წასვლის მომენტები, მტკიოდა კუჭი, გამეხსნა ჭრილობები და ა.შ. 

შემდეგ წავედი იტალიაში. იქ ხშირად ვხდებოდი ცუდად და ერთ დილას რომ გავიღვიძე, სამჯერ წამივიდა გული. აღმოჩნდა, რომ ოპერაციის დროს, სავარაუდოდ, დიდი რაოდენობის სისხლი დავკარგე და ამისთვის მკურნალობა ექიმს არ დაუნიშნავს. როცა იტალიაში ექიმთან მიმიყვანეს, მითხრა, რომ მქონდა ბოლო სტადიის ანემია და შეიძლებოდა, ლეიკემია დამმართოდა. 

მეორე ოპერაცია

მეორე ოპერაცია რომ გავიკეთე, ვიყავი 154 კილოგრამი და დავიკელი 50 კილოგრამი. ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს, მაგრამ ორ წელში ისევ მოვიმატე და ავედი 135 კილოგრამამდე. გადაწყდა, რომ ისევ გამეკეთებინა ბარიატრიული ოპერაცია. ისე მალე მოხდა ყველაფერი, გააზრებაც ვერ მოვასწარი, ფსიქოლოგიურად მზად არ ვიყავი. ოპერაციამდე რამდენიმე ანალიზი გავიკეთე და სხვადასხვა ექიმს ვესაუბრე, მათ შორის, ფსიქოლოგს. მას რაღაცები მოვატყუე, სიმართლე დავუმალე, რადგან ძალიან მინდოდა ამ ოპერაციის გაკეთება. ყველაფერმა კარგად ჩაიარა და 50 კილოგრამი მოვიკელი. 

მესამე ოპერაცია

მეორე ოპერაციიდან ორ წელიწადში თითქმის იგივე წონა დავიბრუნე. უკვე კატასტროფულად ვიყავი, სამსახური მქონდა, მაგრამ ვეღარ ვმუშაობდი, ღამე სულ ვტიროდი... ამან გადამაწყვეტინა, რომ ეს უნდა დასრულდეს. მოვიძიე საუკეთესო კლინიკა და დავგეგმე მესამე ოპერაცია. მაშინ ვიწონიდი 126 კილოგრამს. ოპერაციის შემდეგ, ამ ერთი წლის მანძილზე, 60 კილოგრამი დავიკელი. 

ახლა ვარ გადასარევად, ვიკვებები სწორად, ჯანსაღად, არის მომენტები, როცა ვარღვევ სწორ კვებას, მაგრამ ვცდილობ, რომ ყველა საჭირო ნივთიერება მივიღო", - ამბობს ქრისტინე მექერიშვილი პალიტრავიდეოსთან საუბრისას. 

bariatria