სტუმრობა საქართველოში, ორი შვილის სიკვდილი და ბოჰემური ცხოვრება: რობერტ რედფორდის დიდი მოგზაურობა - Marao

სტუმრობა საქართველოში, ორი შვილის სიკვდილი და ბოჰემური ცხოვრება: რობერტ რედფორდის დიდი მოგზაურობა

2025-09-17 15:15:55+04:00

რობერტ რედფორდი ერთ-ერთი იმ იშვიათი ადამიანთაგანია, ვისზეც შეიძლება თამამად ითქვას – „ლეგენდა“. 

ბავშვობა და ახალგაზრდობა

ის 1936 წლის 18 აგვისტოს დაიბადა კალიფორნიაში, ლოს-ანჯელესში. მისი სრული სახელი Charles Robert Redford Jr. არის. ოჯახი საშუალო კლასის იყო – მამა, მელვინი, მუშაობდა რძის პროდუქტების კომპანიის ბუღალტრად, დედა, მარსარეტი კი დიასახლისი იყო. რედფორდი ბავშვობიდანვე მხატვრობაზე გიჟდებოდა, მაგრამ ამასთან საკმაოდ „ურჩი“ ბავშვიც იყო. სკოლაში ცოტა პრობლემები ჰქონდა, თუმცა სპორტშიც და ხელოვნებაშიც გამოირჩეოდა.

  • არაამქვეყნიური სიყვარული, რომელიც როკ ვარსკვლავის თავს ტრიალებდა - ფრედი მერკურის და მერი ოსტინის სიყვარულის ისტორია

მისი დიდი ოცნება იყო მხატვრობა – სტიპენდიაც კი მიიღო კოლორადოს უნივერსიტეტში, მაგრამ სწავლის ნაცვლად ბევრი დრო დალევასა და მოგზაურობაში გაატარა. საბოლოოდ, სტიპენდია დაკარგა და ევროპაში წავიდა – საფრანგეთში, იტალიასა და ესპანეთში ცხოვრობდა, ხელოვნებას სწავლობდა და „ბოჰემური“ ცხოვრება ჰქონდა.

robert-redford

კარიერის დასაწყისი

ამ მოგზაურობების შემდეგ დაბრუნდა ამერიკაში და სამსახიობო ხელოვნების  შესწავლა დაიწყო. სცენაზე პირველად ბროდვეიზე გამოჩნდა და მალევე კინოსკენაც აიღო გეზი. მისი პირველი დიდი წარმატება იყო ფილმი „Barefoot in the Park“ (1967), სადაც ჯეინ ფონდასთან ერთად ითამაშა.

მაგრამ ნამდვილი „აფეთქება“ იყო 1969 წელს: „Butch Cassidy and the Sundance Kid“ – პოლ ნიუმანთან ერთად. ეს ფილმი იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ რედფორდი პირდაპირ ჰოლივუდის ელიტაში აღმოჩნდა.

70-იანებში უკვე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მსახიობი იყო. მისი ყველაზე ცნობილი ფილმებია:

  • The Sting (1973) – ისევ პოლ ნიუმანთან ერთად, ოსკაროსანი ფილმი.
  • All the President’s Men (1976) – ვუდვორდის როლი „ვაშინგტონ პოსტიდან“.
  • The Great Gatsby (1974).Out of Africa (1985), მერილ სტრიპთან ერთად.

რეჟისორობა და „სანდენსი“

რედფორდი მხოლოდ მსახიობი არ არის. მან 1980 წელს გადაიღო თავისი პირველი ფილმი – „Ordinary People“, რომელიც პირდაპირ ოსკარით დაჯილდოვდა „საუკეთესო რეჟისორისთვის“. ის ასევე გახდა დამოუკიდებელი კინოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერი. სწორედ მან დააარსა „Sundance Film Festival“ – დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კინოფესტივალი.

ოჯახი და შვილები

  •  პირველი ქორწინება – ლოლა ვან ვეიგენენი

რობერტ რედფორდი 1958 წელს დაქორწინდა ლოლა ვან ვეიგენენზე, ახალგაზრდა სტუდენტ გოგოზე, რომელსაც კოლორადოში შეხვდა. მათ სიყვარული ძალიან ნაადრევად დაიწყეს – ის 22 წლის იყო, ლოლა კი 19-ის. ლოლა არ იყო საჯარო ადამიანი, მაგრამ მთელი 27 წელი მის გვერდით გაატარა და ოთხი შვილი გაუჩინა.

robert-redford

შვილები

  • სკოტ ენტონი რედფორდი – პირველი შვილი. დაიბადა 1959 წელს, მაგრამ სამწუხაროდ, სულ რამდენიმე თვის ბავშვმა დაავადებას ვერ გაუძლო და გარდაიცვალა. ეს ტრაგედია წყვილის ცხოვრებაში ძალიან დიდი დარტყმა იყო.
  • შონა რედფორდი (Shawna Redford, 1960) – მხატვარია. ხელოვანის კარიერა აირჩია, განსაკუთრებით ტილოზე მუშაობს. ის დაქორწინებულია ჟურნალისტ ჯონ კაროლინზე, „The New York Times“-ის ჟურნალისტზე.
  • დევიდ ჯეიმს რედფორდი (James Redford, 1962–2020) – დოკუმენტალისტი და სცენარისტი იყო. ბავშვობიდანვე ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა (ჰეპატიტი, თირკმლის დაავადება), რამაც მოგვიანებით ფილმების თემატიკაზეც იმოქმედა – მისი ნამუშევრების დიდი ნაწილი სოციალურ პრობლემებს ეხებოდა. 2020 წელს ღვიძლის კიბოთი გარდაიცვალა. რედფორდისთვის ეს კიდევ ერთი დიდი პირადი დანაკარგი იყო.
  • ემი რედფორდი (Amy Redford, 1970) – მსახიობი და რეჟისორი. კინოს სფეროში წავიდა, როგორც მამამისი, და Sundance-სთანაც აქტიურად თანამშრომლობდა.

განქორწინება

1979 წელს რედფორდმა და ლოლამ ოფიციალურად დაასრულეს ქორწინება. მიზეზებზე საჯაროდ ბევრი არ უსაუბრიათ – თუმცა ცნობილია, რომ მათი ცხოვრების სტილი ძალიან განსხვავდებოდა: რედფორდი მუდმივად მოგზაურობდა და ფილმებზე მუშაობდა, ლოლა კი უფრო ჩუმ, ოჯახურ ცხოვრებას ეტანებოდა.

მეორე ქორწინება – სიბილ ზაგერსი

რედფორდი ხანგრძლივად მარტოხელა იყო. მხოლოდ 2009–2010 წლებში გამოჩნდა მისი ახალი პარტნიორი – გერმანელი მხატვარი სიბილ ზაგერსი (Sibylle Szaggars). ისინი 2010 წელს ავსტრიაში დაქორწინდნენ. სიბილი თვითონაც საკმაოდ საინტერესო პიროვნებაა: ექსპერიმენტულ ხელოვნებაში მუშაობს, ქმნის ინსტალაციებს.

  • ალენ დელონი: ანგელოზი თუ ეშმაკი? - მხარე, რომელსაც საკულტო მსახიობი საგულდაგულოდ მალავდა

რობერტ რედფორდი ცნობილია, როგორც საკმაოდ ჩუმი და პრინციპული ადამიანი. არასოდეს უყვარდა ზედმეტი ჰოლივუდური ბრწყინვალება, უფრო ბუნებას, ხელოვნებასა და პოლიტიკურ აქტივიზმს ეტანებოდა. გარემოს დაცვა და ლიბერალური იდეები მისი მთავარი ინტერესები იყო.

კარიერის მანძილზე რედფორდმა არაერთი ჯილდო მიიღო: ოსკარი, „ოქროს გლობუსი“, ამერიკის პრეზიდენტისგან „Medal of Freedom“-იც კი. 2018 წელს განაცხადა, რომ მსახიობობას წყვეტდა. მისი ბოლო ფილმებიდან აღსანიშნავია „The Old Man & the Gun“ (2018).

რობერტ რედფორდი არის ადამიანი, რომელმაც ჰოლივუდში არა მარტო სიმპათიური გარეგნობით, არამედ თავისი ინტელექტით, პოლიტიკითა და კინოსადმი სიყვარულით დაიმკვიდრა თავისი ადგილი. ის დღემდე რჩება „სანდენსის ბიჭად“ და იმ მსახიობად, რომელმაც ჰოლივუდი ოდნავ უფრო აზრიანი გახადა.

რობერტ რედფორდი შენგელაიების ოჯახში - 1988 წელი 

SHENGELAIA

ამ ფოტოზე 1988 წელია, რობერტ რედფორდი, ოჯახის წევრებთან ერთად, სტუმრად შენგელაიების ოჯახშია.

  • ელდარ შენგელაიას მოგონებიდან

„რობერტ რედფორდი ოჯახთან ერთად მოსკოვიდან ჩამოფრინდა. გზაში მეუბნებოდა, სასტუმროში წავალთ, ძალიან დავიღალეთო. თქვენთვის სპეციალურად კონცერტია დაგეგმილი-მეთქი. „სუხიშვილების“ კონცერტი იყო, მაშინ ოჯახი დავტოვოთ და მე წამოვალო. ოჯახი სასტუმრო „თბილისში“ დავტოვეთ. დაიწყო კონცერტი და პირველივე ცეკვის შემდეგ თარჯიმანს მიუბრუნდა, სასწრაფოდ ჩემები მოიყვანეთ სასტუმროდანო. უყურა, უყურა ქართულ ცეკვებს, ძალიან მოეწონა, ხალხიც ძალიან თბილად შეხვდა, კონცერტის ბოლოს ავარდა სცენაზე და ნინო რამიშვილს ხელები დაუკოცნა. თითქმის მთელი ანსამბლი დაკოცნა.…დილაობით ალექსანდრეს ბაღში დარბოდა ხოლმე.

ერთხელ გავუარე და წავედით პურის სახლში. რომ დაინახა, როგორ აკრავდნენ თონეში ლავაშს, აიჩემა, მეც მინდა პურის ჩაკვრაო. დაიწყო და კინაღამ თონეში ჩავარდა. ფეხებში მოვკიდე ხელი და ამოვათრიე. მერე წავედით ჯვარზე. მცენარეები უყვარს და იღებდა, კინაღამ იქიდანაც გადავარდა. მანამდე დეზერტირების ბაზარში გავიარეთ, სუნელების დახლს რომ მიადგა, ყველაფერი უნდა ვიყიდოო, მითხრა. მართლაც ერთი მოზრდილი პარკი გაავსო. ფულის გადახდის დრო რომ დადგა, სუნელების გამყიდველმა მითხრა: ამ კაცს უთხარი, რომ სუნელს ვჩუქნი, კინოში ვნახე, მაგისგან ფულს როგორ ავიღებო?! რედფორდი გადაირია, ამერიკაში ასეთი რამ არ ხდებაო…

როცა 9 აპრილის ტრაგედია მოხდა­, წერილი გამომიგზავნა: ქართველები არაჩვეულებრივი ხალხია და ასეთი სასჯელის ღირსი არ არიანო! ამდენი ნაცნობი ხელოვანი მყავს და მხოლოდ რედფორდმა გამომიგზავნა მაშინ წერილი“.