რობერტ რედფორდი ერთ-ერთი იმ იშვიათი ადამიანთაგანია, ვისზეც შეიძლება თამამად ითქვას – „ლეგენდა“.
ის 1936 წლის 18 აგვისტოს დაიბადა კალიფორნიაში, ლოს-ანჯელესში. მისი სრული სახელი Charles Robert Redford Jr. არის. ოჯახი საშუალო კლასის იყო – მამა, მელვინი, მუშაობდა რძის პროდუქტების კომპანიის ბუღალტრად, დედა, მარსარეტი კი დიასახლისი იყო. რედფორდი ბავშვობიდანვე მხატვრობაზე გიჟდებოდა, მაგრამ ამასთან საკმაოდ „ურჩი“ ბავშვიც იყო. სკოლაში ცოტა პრობლემები ჰქონდა, თუმცა სპორტშიც და ხელოვნებაშიც გამოირჩეოდა.
მისი დიდი ოცნება იყო მხატვრობა – სტიპენდიაც კი მიიღო კოლორადოს უნივერსიტეტში, მაგრამ სწავლის ნაცვლად ბევრი დრო დალევასა და მოგზაურობაში გაატარა. საბოლოოდ, სტიპენდია დაკარგა და ევროპაში წავიდა – საფრანგეთში, იტალიასა და ესპანეთში ცხოვრობდა, ხელოვნებას სწავლობდა და „ბოჰემური“ ცხოვრება ჰქონდა.
ამ მოგზაურობების შემდეგ დაბრუნდა ამერიკაში და სამსახიობო ხელოვნების შესწავლა დაიწყო. სცენაზე პირველად ბროდვეიზე გამოჩნდა და მალევე კინოსკენაც აიღო გეზი. მისი პირველი დიდი წარმატება იყო ფილმი „Barefoot in the Park“ (1967), სადაც ჯეინ ფონდასთან ერთად ითამაშა.
მაგრამ ნამდვილი „აფეთქება“ იყო 1969 წელს: „Butch Cassidy and the Sundance Kid“ – პოლ ნიუმანთან ერთად. ეს ფილმი იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ რედფორდი პირდაპირ ჰოლივუდის ელიტაში აღმოჩნდა.
70-იანებში უკვე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მსახიობი იყო. მისი ყველაზე ცნობილი ფილმებია:
რედფორდი მხოლოდ მსახიობი არ არის. მან 1980 წელს გადაიღო თავისი პირველი ფილმი – „Ordinary People“, რომელიც პირდაპირ ოსკარით დაჯილდოვდა „საუკეთესო რეჟისორისთვის“. ის ასევე გახდა დამოუკიდებელი კინოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერი. სწორედ მან დააარსა „Sundance Film Festival“ – დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კინოფესტივალი.
რობერტ რედფორდი 1958 წელს დაქორწინდა ლოლა ვან ვეიგენენზე, ახალგაზრდა სტუდენტ გოგოზე, რომელსაც კოლორადოში შეხვდა. მათ სიყვარული ძალიან ნაადრევად დაიწყეს – ის 22 წლის იყო, ლოლა კი 19-ის. ლოლა არ იყო საჯარო ადამიანი, მაგრამ მთელი 27 წელი მის გვერდით გაატარა და ოთხი შვილი გაუჩინა.
1979 წელს რედფორდმა და ლოლამ ოფიციალურად დაასრულეს ქორწინება. მიზეზებზე საჯაროდ ბევრი არ უსაუბრიათ – თუმცა ცნობილია, რომ მათი ცხოვრების სტილი ძალიან განსხვავდებოდა: რედფორდი მუდმივად მოგზაურობდა და ფილმებზე მუშაობდა, ლოლა კი უფრო ჩუმ, ოჯახურ ცხოვრებას ეტანებოდა.
რედფორდი ხანგრძლივად მარტოხელა იყო. მხოლოდ 2009–2010 წლებში გამოჩნდა მისი ახალი პარტნიორი – გერმანელი მხატვარი სიბილ ზაგერსი (Sibylle Szaggars). ისინი 2010 წელს ავსტრიაში დაქორწინდნენ. სიბილი თვითონაც საკმაოდ საინტერესო პიროვნებაა: ექსპერიმენტულ ხელოვნებაში მუშაობს, ქმნის ინსტალაციებს.
რობერტ რედფორდი ცნობილია, როგორც საკმაოდ ჩუმი და პრინციპული ადამიანი. არასოდეს უყვარდა ზედმეტი ჰოლივუდური ბრწყინვალება, უფრო ბუნებას, ხელოვნებასა და პოლიტიკურ აქტივიზმს ეტანებოდა. გარემოს დაცვა და ლიბერალური იდეები მისი მთავარი ინტერესები იყო.
კარიერის მანძილზე რედფორდმა არაერთი ჯილდო მიიღო: ოსკარი, „ოქროს გლობუსი“, ამერიკის პრეზიდენტისგან „Medal of Freedom“-იც კი. 2018 წელს განაცხადა, რომ მსახიობობას წყვეტდა. მისი ბოლო ფილმებიდან აღსანიშნავია „The Old Man & the Gun“ (2018).
რობერტ რედფორდი არის ადამიანი, რომელმაც ჰოლივუდში არა მარტო სიმპათიური გარეგნობით, არამედ თავისი ინტელექტით, პოლიტიკითა და კინოსადმი სიყვარულით დაიმკვიდრა თავისი ადგილი. ის დღემდე რჩება „სანდენსის ბიჭად“ და იმ მსახიობად, რომელმაც ჰოლივუდი ოდნავ უფრო აზრიანი გახადა.
ამ ფოტოზე 1988 წელია, რობერტ რედფორდი, ოჯახის წევრებთან ერთად, სტუმრად შენგელაიების ოჯახშია.
„რობერტ რედფორდი ოჯახთან ერთად მოსკოვიდან ჩამოფრინდა. გზაში მეუბნებოდა, სასტუმროში წავალთ, ძალიან დავიღალეთო. თქვენთვის სპეციალურად კონცერტია დაგეგმილი-მეთქი. „სუხიშვილების“ კონცერტი იყო, მაშინ ოჯახი დავტოვოთ და მე წამოვალო. ოჯახი სასტუმრო „თბილისში“ დავტოვეთ. დაიწყო კონცერტი და პირველივე ცეკვის შემდეგ თარჯიმანს მიუბრუნდა, სასწრაფოდ ჩემები მოიყვანეთ სასტუმროდანო. უყურა, უყურა ქართულ ცეკვებს, ძალიან მოეწონა, ხალხიც ძალიან თბილად შეხვდა, კონცერტის ბოლოს ავარდა სცენაზე და ნინო რამიშვილს ხელები დაუკოცნა. თითქმის მთელი ანსამბლი დაკოცნა.…დილაობით ალექსანდრეს ბაღში დარბოდა ხოლმე.
ერთხელ გავუარე და წავედით პურის სახლში. რომ დაინახა, როგორ აკრავდნენ თონეში ლავაშს, აიჩემა, მეც მინდა პურის ჩაკვრაო. დაიწყო და კინაღამ თონეში ჩავარდა. ფეხებში მოვკიდე ხელი და ამოვათრიე. მერე წავედით ჯვარზე. მცენარეები უყვარს და იღებდა, კინაღამ იქიდანაც გადავარდა. მანამდე დეზერტირების ბაზარში გავიარეთ, სუნელების დახლს რომ მიადგა, ყველაფერი უნდა ვიყიდოო, მითხრა. მართლაც ერთი მოზრდილი პარკი გაავსო. ფულის გადახდის დრო რომ დადგა, სუნელების გამყიდველმა მითხრა: ამ კაცს უთხარი, რომ სუნელს ვჩუქნი, კინოში ვნახე, მაგისგან ფულს როგორ ავიღებო?! რედფორდი გადაირია, ამერიკაში ასეთი რამ არ ხდებაო…
როცა 9 აპრილის ტრაგედია მოხდა, წერილი გამომიგზავნა: ქართველები არაჩვეულებრივი ხალხია და ასეთი სასჯელის ღირსი არ არიანო! ამდენი ნაცნობი ხელოვანი მყავს და მხოლოდ რედფორდმა გამომიგზავნა მაშინ წერილი“.