"არ ვნანობ, რომ ოჯახი არ შევქმენი და შვილები არ მყავს..." - მაია ბარათაშვილი ცხოვრების წესისა და განვლილი გზის შესახებ - Marao

"არ ვნანობ, რომ ოჯახი არ შევქმენი და შვილები არ მყავს..." - მაია ბარათაშვილი ცხოვრების წესისა და განვლილი გზის შესახებ

2025-09-17 16:18:42+04:00

მაია ბარათაშვილის ბედნიერი ბავშვობა მაშინ დასრულდა, როცა გამზრდელი ბებია გარდაეცვალა, ამას მალევე მოჰყვა დედის გარდაცვალება და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა.

მაია ბარათაშვილი ოჯახზე, ბავშვობასა და განვლილ გზაზე 

- ჩემი ბავშვობა იყო ძალიან ბედნიერი და იმავდროულად, ძალიან ორგანიზებული. დედა და მამა მუშაობდნენ და მე, ძირითადად, ბებიასთან ვიზრდებოდი. ბებიას გიმნაზია ჰქონდა დამთავრებული, რუსულ და ფრანგულ ენაზე მოლაპარაკე იყო და ჩემი მასთან გატარებული წლები შეიძლება, ჩაითვალოს საფუძვლად, რომელმაც შემდეგ ჩემს შემდგომ წლებზე მოახდინა გავლენა. ფაქტობრივად, ის ჩემი მესაიდუმლე იყო. არ დამავიწყდება ჩაის სმის რიტუალი, როცა მაგიდასთან ვსხდებოდით, დიდი სამოვრიდან ვასხამდით ჩაის დიდ ჭიქებში, ვამატებდით შაქრის ნატეხს და ბევრს ვსაუბრობდით. ასე რომ, ჩემს განვითარებაში, მერი ბებიას დიდი წვლილი მიუძღვის.

maia_baratashvili

– საკმაოდ ბედნიერი ბავშვობის წლები გქონდათ, მაგრამ ცხოვრებამ დარტყმა და ტკივილი ადრეულ ასაკში მოგაყენათ, როცა 15 წლის ასაკში დედა გარდაგეცვალათ. ეს, ალბათ, ყველაზე რთული პერიოდი იყო თქვენს ცხოვრებაში, როცა პირველად შეეჯახეთ საშინელ განცდას.

– გარდაცვალებასთან პირველი შეხება იყო 11 წლის ასაკში, როცა ბებია გარდაიცვალა. გადმოდგა აივანზე, დამიძახა, შევიდა, დაჯდა სკამზე, ინფარქტი განვითარდა და გარდაიცვალა. მოქვითინე დედა რომ დავინახე, მივხვდი, ბებია გარდაიცვალა და მას თან გაჰყვა ჩემი ბედნიერი ბავშვობა და ის ბედნიერი წლები, რომელიც პავლოვის 47 ნომერში გავატარე, სადაც, ფაქტობრივად, ჩემი ბავშვობის მეგობრები შევიძინე. ეს ის მერი ბებია იყო. ჩემი ბავშვობა მას გაჰყვა და 11 წლის ასაკში, იმის გააზრება, რომ ბებია გარდაიცვალა, იყო და აღარაა, ძალიან რთული აღმოჩნდა. 4 წლის შემდეგ, როცა 15 წლის ვიყავი, დედა დაიღუპა. სიმართლე გითხრათ, არ მქონდა დარდის ფუფუნება, ჩემი ცხოვრება უნდა ამეწყო. მართალია, მამა ცნობილი იურისტი გახლდათ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავდა, რომ მე უზრუნველი ვიქნებოდი. პირიქით, ეს იყო დიდი გამოცდა, დიდი ტურბულენციის ზონა, სადაც მომიწია სამყაროსთან გამკლავება, სასვენი ნიშნების დასმა და ბრძოლა გადარჩენისთვის. დედის გარდაცვალების მერე, იყო ის პერიოდი, როცა მე, ფაქტობრივად, ადამიანობას ვსწავლობდი. დედის გარდაცვალების მერე, მე აგურ-აგურ ვაწყობდი ჩემს ცხოვრებას, ვიკვლევდი გზას და ამასობაში ცხვირიც დავარტყი, გვერდიც დამეჟეჟა, ფეხიც წამოვკარი, მაგრამ არ დავნებდი და საბოლოოდ, გავედი ფონს. მუშაობა 17-18 წლის ასაკიდან დავიწყე. მყავდა მოსწავლეები ინგლისურ ენაში და ამაში ვიღებდი გასამრჯელოს. დღევანდელი ლექსიკით, ამას ჰქვია საკუთარი ცოდნის კაპიტალის მონეტიზაცია და მე ახალგაზრდა ასაკში მომიწია ჩემი ცოდნის მონეტიზაცია. შემდეგ ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩავაბარე, არქიტექტურის ფაკულტეტზე და ეს იყო არაჩვეულებრივი და შესანიშნავი პერიოდი 17-დან 22 წლამდე – ჩემი ცხოვრების სტუდენტური პერიოდი, როცა შევიძინე არაჩვეულებრივი მეგობრები, სტუდენტურ დღეებზე პირველად მქონდა მცდელობა, გამომევლინა ჩემი მუსიკალური შესაძლებლობები – ვუკრავდი და ვმღეროდი. შემდეგ კი სულ სხვა მიმართულებით წავედი, კერძოდ, კავკასიის ბირჟაზე ერთ-ერთ კომპანიაში ვმუშაობდი, უძრავი ქონების აგენტიც ვიყავი, ასისტენტიც, მოკლედ, ბევრი რამ ვისწავლე. შემდეგ, ცოტა ხანი, ტექნიკური თარგმანის ინსტიტუტში წავედი და მერე – სოფლის მეურნეობის სამინისტროში, სადაც უცხოური პროექტების ერთ-ერთი მონაწილე ვიყავი. მაშინ იყო უცხოელი ექსპერტებისა და ტექნიკური დახმარების პირველი ნაკადი, რომელიც საქართველომ მიიღო. ეს ის პერიოდია, როცა საქართველო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი უნდა გამხდარიყო. უცხოურ დეპარტამენტში ძალიან საინტერესო სამი წელი გავატარე და დიდი გამოცდილება მივიღე. შემდეგ მუშაობა დავიწყე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან კომპანიაში – მულტიდარგობრივ კომპანიაში, რომელსაც საქართველოში გაყინული ფრინველის ხორცი და ხილი შემოჰქონდა. მას ძალიან ცნობილი ადამიანი ხელმძღვანელობდა და ამ კომპანიაში მუშაობამ ისეთი გამოცდილება მომცა და იმდენი რამ მასწავლა, რომ ჩემს სფეროში დღესაც ამ გამოცდილებით ვარ – მოლაპარაკებების წარმოება, კონკურენტებთან მოლაპარაკება, ადამიანებთან ტოლერანტული დამოკიდებულება, მიუხედავად კონკურენციისა, რთული მომენტების სწორად პოზიციონირება და ასე შემდეგ. პარალელურად, ჩემი მუსიკალური საქმიანობაც ძალიან უცნაურად განვითარდა. 1996 წელს სასტუმრო „აჭარის“ პირველ სართულზე გაიხსნა დათოს ჯაზკლუბი და ეს იყო ერთადერთი და უნიკალური ჯაზკლუბი, სადაც მთელი თბილისი იკრიბებოდა. მიყვარდა ჯაზი, მაგრამ იქ მივხვდი, როგორ უნდა მოვპყრობოდი მიკროფონს. იმ გარემოში ყოფნამ დიდი საფუძველი მომცა. დიდი მადლობა ჩემს ორ მეგობარს, გია მანჯგალაძესა და დათო ლოლაძეს, რომელიც, სამწუხაროდ, გარდაცვლილია, იმისთვის, რომ ეს საშუალება მომცეს. წარმოიდგინეთ, შვიდი წლის განმავლობაში ამ კლუბში ყოფნა ჩემთვის მთელი ცხოვრება იყო და ცხოვრების დიდი ნაწილი, გარკვეულწილად ეპოქა, რომელმაც ჩემი გემოვნების, მისწრაფებების ერთგვარი ფორმირება მოახდინა და ჩამოაყალიბა ურთიერთობები ადამიანებთან, რომელიც დღემდე მომყვებიან.

  • „სულაც არ არის საამაყო, როცა ქალი ამბობს, კრემსაც არ ვისვამ, პირი დავიბანე და ისე გამოვედი სახლიდანო..." - კირა ანდრონიკაშვილის ცხოვრებისეული კრედო

– იმედია, გამოჩნდება ადამიანი, რომელიც თქვენთვის ენერგეტიკულადაც მისაღები იქნება და მენტალურადაც, არც უკან ჩამოგრჩებათ და თქვენ გვერდით ივლის. მთავარია, იმედი არ დაგიკარგავთ.

– ალა პუგაჩოვა ქმარზე 40 წლით უფროსია და ერთმა გოგონამ რომ ჰკითხა, სად ვიპოვო ჩემი საბედოო, ალამ კითხვა შეუბრუნა: რამდენი წლის ხარო? იმან უპასუხა, 30 წლისო. ჰოდა, ჯერ არ დაბადებულა შენი საბედოო. ასე რომ, მგონი, ჯერ არ დაბადებულა ჩემი საბედო და მერე ვნახოთ. ყველაფერი ამიხდა, რაც ჩავიფიქრე, ღმერთმა საჩუქრად მომართვა ბევრი რამე. ერთადერთი, რასაც ვნანობ არის ის, რომ არ გავხდი ოპერის მომღერალი. 

  • "სიტყვა „მეძავი“, ალბათ, ყველაზე რბილი იყო მათ შორის, რასაც დედაჩემს ეძახდნენ" - როგორ იპოვა სოფი ლორენმა თავდაჯერება: ლეგენდარული მსახიობის ინტერვიუ

ის, რომ ოჯახი არ შევქმენი და შვილები არ მყავს, ამაზე არც ვფიქრობ და არც ვნანობ. მიუხედავად იმ ტკივილებისა და განცდებისა, რაც გამოვიარე, ამ ჩემს განმარტოებაში და თავისუფლებაში უბედნიერესი ვარ. გადასარევად ვგრძნობ თავს, ყოველგვარი დანამატის გარეშე. სიმარტოვის განცდა არასოდეს მქონია, მარტოობასაც თავისი პლუსები აქვს. შენ თუ გინდა, ბედნიერი იყო, მოძებნე შენი ბედნიერების გზა. მე ჩემი ბედნიერების გზა მოძებნილი მაქვს და ეს გზა ერთადერთია – გზა, რომელიც ქრისტემდე მიდის. სხვა ბედნიერების გზა არ არსებობს.

სრულად წაიკითხავთ ჟურნალ "თბილისელებში"