მიუხედავად იმისა, რომ პროფესიად არქიტექტორობა აირჩია, ფართო საზოგადოებამ ის მუსიკოსის ამპლუაში, თანაც ბრწყინვალე მუსიკოსის ამპლუაში გაიცნო. მაია ბარათაშვილი უკვე არაერთი წელია, გამორჩეული ქართველი ჯაზ-შემსრულებელია. გამოირჩევა განსაკუთრებული სტილით როგორც მუსიკაში, ისე ცხოვრებაში - 56 წლისაა და არაჩვეულებრივად გამოიყურება. ამაში, რა თქმა უნდა, გენეტიკა დიდ როლს თამაშობს, თუმცა მას თავისი პატარა საიდუმლოებიც აქვს.
მაია ბარათაშვილმა სილამაზის, სტილის შერჩევისა და ინდივიდუალიზმის შესახებ ჟურნალ "თბილისელებთან" ისაუბრა.
– საოცრად გამოიყურებით. ეს გენეტიკის დამსახურებაა თუ საკუთარი ჯანმრთელობის სწორად მართვის? გარეგნულად ვის ჰგავხართ?
– ზოგადად, მამის მხრიდან ხანგრძლივად ცხოვრების გენეტიკა მაქვს – დიდი ბებია ას წელს იყო გადაცილებული, რომ გარდაიცვალა, მამა – 93 წლის ასაკში, მამიდაც ასევე. მაგრამ დედა ადრე წავიდა ამ ქვეყნიდან. გარეგნობითა და ხასიათითაც ალბათ, უფრო მამას ვგავარ. თუმცა, დედაც მაღალი იყო. მინდა, გითხრათ, სიმაღლე კი მქონდა, მაგრამ არ ვიყავი ასეთი, მე ჩემს თავზე ძალიან ბევრი ვიმუშავე, რომ ჩემი სტილი მეპოვა.
ეს იყო ხანგრძლივი ძიების გზა, თავისი წონის კლებით, გემოვნების ცვლილებით, საკუთარი თავის სწორად დანახვით, ვარცხნილობის შერჩევით. მოკლედ, ეს ხანგრძლივი პროცესი იყო, დროში გაიწელა, ალბათ, 20 წლის განმავლობაში. ეს დრო დამჭირდა იმისთვის, რომ კვებითი ჩვევები შემეცვალა, დამეფასებინა ჯანმრთელობა, პრიორიტეტი ყოფილიყო სულიერი და ფიზიკური ჯანმრთელი ცხოვრება. ამას, ყველაფერს დიდი დრო დასჭირდა, ისტორიისა და ღმერთისთვის არა, მაგრამ ადამიანისთვის დიდი დროა.
– დღეს, სარკეში რომ იყურებით, როგორ ადამიანს ხედავთ?
– დღეს სარკეში რომ ვიყურები, ძალიან კმაყოფილი ვარ, თუმცა ადამიანი სრულიად კმაყოფილი არასოდეს ხარ და კიდევ რაღაცებს შევცვლიდი.
– როგორია თქვენი თავის მოვლის რუტინა?
– დროული დაძინება და აუცილებლად კარგი ძილი, მინიმუმ, 7 საათი; ფეხით სიარული 12-13 კილომეტრი დღეში, სწორი კვება, კომბინირებული სადილები – არა, ხორცი არა, ტკბილეული – არა, არავითარი ცომი. არ მიყვარს გარკვეული პროდუქტი და ჩემი რაციონი, ძირითადად, ბოსტნეული, ყველი და ხილია. მოკლედ, შედარებით მსუბუქი კვება, კვების რაციონის სწორი დაგეგმვა და ფიზიკური აქტივობა – ჩემს შემთხვევაში სიარულის სახით.
სხვათა შორის, სიარულის დროს გამოიყოფა სიამოვნების ჰორმონები – ენდორფინები, რომლებიც ადამიანს კარგ ხასიათზე აყენებს. ჩემთვის ფეხით სიარული ძალიან სასიამოვნო პროცესია, შემიძლია, 20 კილომეტრი ისე გავიარო, როგორც არაფერი. ამ სიამოვნებას ვერ მოვიკლებ და დღეში 12-13 კილომეტრი ფეხით დავდივარ. ეს ჩემთვის სასიამოვნო პროცესია და ასევე, ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლო.