არის სიტუაციები, როცა ცხოვრება დაგაფიქრებს, უკან მიიხედავ და სინანულის გრძნობა გიჩნდება. საბედნიეროდ, ეს მომენტი ნუცა ჯანელიძეს არ აქვს და ამბობს, რომ წარსულზე თვალის გადავლებისას, არც სინანულის გრძნობა ეუფლება და არც არაფერს შეცვლიდა. მართალია, მამა ადრეულ ასაკში დაკარგა და ეს მისი პირველი დარტყმა იყო ცხოვრებისგან, მაგრამ დედამ ყველაფერი გააკეთა, რომ მას და მის ძმას არაფერი მოჰკლებოდათ. როგორც თავად ამბობს, არც იმას ნანობს, ოჯახი რომ არ შექმნა, არც იმას, საკუთარი შვილი რომ არ გააჩინა, არც პროფესიის არჩევას, თუმცა არის ოცნება, რომელიც გულით უნდოდა და სამწუხაროდ, ვერ აიხდინა.
– გქონდათ ისეთი ოცნება, რაც ვერ აიხდინეთ?
– მართალი თუ გინდათ, გითხრათ, ჩემი ყველაზე დიდი ოცნება ამიხდა და საკუთარი ბინა მაქვს. ორი წლის წინ, ჩემი ვარსკვლავი რომ გახსნეს, მაშინ ამიხდა მთელი ჩემი ცხოვრების ოცნება, საკუთარ სახლში მეცხოვრა და ყოველთვიურად ნაქირავებში არ მეხადა თანხა. მე და ჩემი ოჯახი სულ ნაქირავებში ვიყავით და ძალიან დიდი ხნის მეგობარმა, რომელმაც ეს გაიგო, ბინა მაჩუქა. მანამდე სუფრაზე მოვხვდით, ხელფასებზე ჩამოვარდა საუბარი და ზოგმა თქვა, ხელფასს რომ ავიღებ, მე ამას ვიზამ, მე – იმასო და მე კი ვთქვი: არაფერსაც არ ვიზამ, ხელფასს რომ ავიღებ, დოლარზე გადავახურდავებ და ბინის ქირას გადავიხდი-მეთქი. გაგიჟდა ის ჩემი მეგობარი, როგორ თუ ქირის თანხას იხდი, მაგ საქმეს მოევლებაო და ამით დასრულდა საუბარი.
ფილარმონიის წინ ვარსკვლავი რომ გამიხსენეს და კონცერტი ჩატარდა, კი დამკიდეს ბინის გასაღები გულზე და ეს ოცნება ჩემმა მეგობარმა ამიხდინა. მართლა არ მოველოდი და იმ მომენტში ჩემი გაოგნებული სახე ახლაც ბევრს ახსოვს. ასე დასრულდა ჩემი 40-წლიანი მომთაბარული სიარული აღმა-დაღმა. ამ ორმოცი წლის განმავლობაში, ალბათ, 7-8 ბინა გამოვიცვალე და ახლა, როცა საკუთარი ჭერი მაქვს, მავიწყდება ხოლმე და ის რიცხვი რომ მოდის, როცა ქირას ვიხდიდი, წამიერად გამიელვებს ხოლმე: ვაიმე, ხომ მაქვს ქირის ფული-მეთქი. მეორე წამში მახსენდება და ვამბობ: ნუცა, გაიღვიძე, ეს ბინა შენია, საკუთარი!
– ნუცა, გეშინიათ წლების მატების?
– წლების მატების მეშინოდა და ერთხელ ვთქვი კიდეც: როგორ არ მიყვარს ჩემი დაბადების დღე, წლები რომ მემატება-მეთქი. და, გია ჯოხაძემ მითხარა: წელი ხომ მაინც გემატება, ვერაფერს შეცვლი და მხიარული მაინც შეხვდი ამ ამბავსო.
სწორი ნათქვამია და ვითვალისწინებ. წლების მატების კი არ მეშინია, უბრალოდ, რაღაც-რაღაცებს მეტად ვითვალისწინებ, მაგალითად, იმას, რომ ადამიანს ასაკში ზედმეტი ტინგიცობა არ უხდება, თუმცა არის სიტუაციები, სადაც ვტინგიცობ. წლებს განვიცდი იმიტომ, რომ ყველა სტილის კაბას ვერ ჩავიცვამ, გარკვეულ სიტუაციებში მეტად თავდაჭერა მმართებს. სიბერის კი მეშინია, მაგრამ დაილოცოს მედიცინა – თუ ეკონომიური მდგომარეობა გაქვს, არც ესაა პრობლემა და არც ვმალავ, როცა ფული მაქვს, ბოტოქსს ვიკეთებ.
– გასაგებია, რომ წლების მატება არ გაშინებთ, მაგრამ ასაკს რატომ მალავთ?
– დიახ, ასაკს ვმალავ, ეს კომპლექსი ვერ მოვიშორე. სხვათა შორის, ეს კომპლექსი სკოლის ასაკიდან მომყვება. ტანით პატარა ვიყავი და სულ მეუბნებოდნენ, ჯანელიძე, რა დაბალი ხარო. ეს კომპლექსი, დღემდე მაქვს, მგონია, ესაა ჩემი ნაკლი. ჩემმა ძმამ მითხრა: დაო, მაგაზე არ ინერვიულო. აბა, დაფიქრდი ნაპოლეონიც, ლენინიც და სტალინიც დაბლები იყვნენ, მაგრამ ვერ ატრიალებდნენ და აწრიალებდნენ მსოფლიოსო?
– ახლა რომ უკან იყურებით, რას ნანობთ ცხოვრებაში, რასაც ვეღარ გამოასწორებ?
– არ ვიცი, რას ვნანობ... თუმცა არ ვნანობ, რომ არ გავთხოვდი და ოჯახი არ შევქმენი. სხვათა შორის, არაერთხელ უკითხავთ, რომ არ გათხოვდი, ოჯახი არ შექმენი და შვილი არ გააჩინე, არ ნანობო. კიდევ ერთხელ ვამბობ ხმამაღლა, ნამდვილად არ ვნანობ. ჩემმა ძმამ რომ ცოლი შეირთო, მიყოლებით შეეძინათ ორი შვილი და მთელი ჩემი დედური სიყვარული ძმისშვილებში ჩავდე. პროფესიის არჩევასაც არ ვნანობ და ცხოვრება რომ თავიდან დავიწყო, არაფერს შევცვლიდი, გარდა ერთისა – ახალგაზრდულ პერიოდში, გარკვეულ სიტუაციებში მოვთოკავდი ენას და არ შევეპასუხებოდი. უნდა მესწავლა ლავირება და ვყოფილიყავი უფრო მეტად დიპლომატიური.
სრულად ნახავთ ჟურნალ "თბილისელებში"