დუტა სხირტლაძის მეუღლე, დიზაინერ-იუველირი მარინა ნაცვლიშვილი საზოგადოებისთვის ნაცნობი და საყვარელი სახეა. მისი ნამუშევრები ხშირად შეგხვდებათ სოციალურ ქსელში და, მიუხედავად გემოვნებისა, აუცილებლად გაგაოცებთ.
დიდ სიყვარულსა და პატივისცემას იმსახურებს დუტასა და მარინას ოჯახი, რომლის შესახებაც მარინა ნაცვლიშვილმა ჟურნალ სარკესთან ისაუბრა:
მარინა ნაცვლიშვილისა და დუტა სხირტლაძის ოჯახი
- დუტა ძალიან მშვიდია. გარეთ ძალიან დიდ ენერგიას ხარჯავს, ამიტომ სახლში რომ მოდის, უხმოდ ზის და ისვენებს. ხანდახან ვეტყვი ხოლმე, დაგველაპარაკე-მეთქი. ძალიან ბევრს შრომობს. მეც ვცდილობ, სიმშვიდე ჰქონდეს და მაქსიმალურად დაისვენოს.
- როგორია ორი ხელოვანის ერთ ოჯახში ცხოვრება?
- სირთულე თავიდან არის, მერე ერთმანეთს ეჩვევით და მარტივი ხდება. თუ ერთმანეთი გიყვართ, ერთმანეთს დაუთმობთ კიდეც და წინსვლასაც ხელს შეუწყობთ, რთული არ არის, უფრო საინტერესო და მრავალფეროვანია, უფრო გვესმის ერთმანეთის და უფრო დაახლოებულები ვართ, გვაქვს საერთო ინტერესები.

- რამდენ წელს ითვლის თქვენი ოჯახი?
- 27 წელია, ერთად ვართ. როცა შევუღლდით და ხელი მოვაწერეთ, ქორწილი არ გადაგვიხდია. ჩვენი ქორწინებიდან 25 წლისთავზე ვერცხლის ქორწილი გადავიხადეთ, ასევე მცხეთაში, ჩვენს აგარაკზე.
- როგორ ფიქრობთ, თქვენი ოჯახის ფუნდამენტის სიმყარე რისი დამსახურებაა?
- ოჯახი კამათის გარეშე არ არსებობს, მაგრამ როცა სიყვარული, ურთიერთპატივისცემაა, ყველაფრის მოგვარება შეიძლება. ორივე მხარე ვთმობდით და ალბათ, ასეთი მიდგომა ამყარებს ურთიერთობას და ერთმანეთის შენარჩუნებაში უწყობს ხელს.

- როგორი ქმარი და მამაა დუტა სხირტლაძე?
- ძალიან მაგარი მამაა, არანორმალური, შვილებზე თან გადაყოლილი. ყველაფერს აკეთებს შვილებისთვის. როგორც მეუღლეც, კარგია, შრომა უყვარს. ყველაფერი გამოსდის ხელიდან, ყველაფერი იცის – დურგლობა, ხელობა, ელექტრობა. ახლა საქორწილოდ ტერასა თავად გააკეთა, თავისი გემოვნებით. დუტა უნივერსალურია, ყველაფერი იცის…