ნინი კვერნაძე საზოგადოებამ სულ ცოტა ხნის წინ გაიცნო, როცა მისმა მეუღლემ, ბუდუ ზივზივაძემ საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე გასვლა შეძლო. ეს ემოციებითა და დიდი სიხარულით სავსე დღეები კიდევ უფრო გაალამაზა იმ ისტორიებმა, რაც ქართველი ფეხბურთელების ოჯახის წევრებისგან მოვისმინეთ - თითოეული მათგანი გამორჩეულად კარგი შვილი, მამა და მეუღლეა.
ამ დიდი ზეიმის დროს ტელეგადაცემებში ხშირად იწვევდნენ ახალგაზრდა ვარსკვლავების მშობლებსა და მეუღლეებს. სწორედ ასე გავიცანით ნინიც - გამორჩეულად თავმდაბალი, საინტერესო და მომხიბვლელი გოგო.
ნინი კვერნაძე გამორჩეული სტილითა და იმიჯით მალევე მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში - კორეული ელემენტები ჩაცმულობაში და ღია ფერის თმა მას განსაკუთრებულ ინდივიდუალიზმს მატებდა და კომპლიმენტებსაც ხშირად იღებდა. ამის პარალელურად, ზოგიერთი ადამიანი თავს უფლებას აძლევდა, მის გარეგნობაზე კრიტიკული კომენტარი გაკეთებინა და ნინის თმის ფერის შეცვლას ურჩევდა.
ნინი კვერნაძემ რამდენჯერმე განმარტა, რომ ეს მასზე უარყოფითად არ მოქმედებს და არც ნეგატიურ გავლენას ახდენს. იმიჯს კი საკუთარი სურვილის მიხედვით შეიცვლიდა. ახლა სწორედ ეს დროა - ნინიმ ახალი კადრები გააზიარა - "ჩვენ დავბრუნდით", - წერს ის.
ბუდუ ზივზივაძე 1994 წლის 10 მარტს, ქუთაისში დაიბადა. იგი კახა ზივზივაძისა და რუსუდან გეგეშიძის შვილია. ჰყავს უფროსი და. მას სახელი ბაბუის პატივსაცემად დაარქვეს, რომელიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალა. ბავშვობაში ბუდუ ჭადრაკისა და ცეკვის გაკვეთილებს ესწრებოდა, შემდეგ კი მისი მთავარი გატაცება ფეხბურთი გახდა.
ბუდუ პროფესიონალური კარიერა თბილისის დინამოში დაიწყო, ძირითადად თამაშობდა მათ სათადარიგო გუნდში. ქუთაისის ტორპედოს შეუერთდა 2015 წელს, ჩაატარა 8 მატჩი, მოგვიანებით კი სამტრედიაში გადავიდა, სადაც 44 მატჩში 29 გოლი გაიტანა და 2016 წელს უმაღლეს ლიგის ტიტულის მოპოვებაში დაეხმარა.
ბუდუმ 2017 წლის იანვარში გააფორმა კონტრაქტი დანიურ კლუბ Esbjerg fB-თან. 2025 წლის იანვარში ხელი მოაწერა ოთხწლიან კონტრაქტს ბუნდესლიგის ჰაიდენჰაიმთან.
ბუდუსთან ერთად, მთელმა საქართველომ გაიცნო და შეიყვარა მისი ოჯახიც. სოციალურ ქსელში ბუდუს მშობლების არაერთი ინტერვიუ გამოქვეყნდა. გადაცემებში იწვდენდნენ მის მეუღლეს, უმშვენიერეს ნინი კვერნაძესაც, რომელიც ამბობდა, რომ თავად ყურადღების ცენტრში ყოფნა არ უყვარს, თუმცა მეუღლის წარმატების გამო მზადაა, ეს კომფორტი დათმოს.
განსაკუთრებული სიყვარული დაიმსახურა ბუდუსა და ნინის ქალიშვილმა. ხალისიანი, მოსიყვარულე და პოზიტიური შაი ყოველთვის იმსახურებს უცნობი ადამიანების დიდ სიყვარულსა და დადებით კომენტარებს.
"სენსიტიური თემაა ჩემთვის ჩემი შვილი. შაის უყვარს საქართველოში ყოფნა, მამა ენატრება ხოლმე, მაგრამ ბავშვებთან ერთად ერთობა. როცა ვარჯიშიდან ვბრუნდები და სახლში არავინ მხვდება, ცუდად მოქმედებს. შაი როცა სახლშია, გამორბის, მეხუტება, მომენატრეო, რა მომიტანეო, მეუბნება. ძალიან დიდ ენერგიას მაძლევს, მაგრამ მერე მართმევს კიდეც, არ იღლება, სულ თამაში და გართობა უნდა.
ვარჯიშის მერე სულ ერთად ვართ. ის რომ ბაღიდან მოდის, მე ვარჯიშიდან ვბრუნდები, ერთად ვისვენებთ და ვიძინებთ. ისე არ დაწვება, თუ არ მივუწექი. ერთად გვძინავს, ერთად ვთამაშობთ, პარკშიც და გასართობ ცენტრშიც დამყავს. ბატუტზე ხტომა უყვარს ძალიან.
შაის დაბადებამ ბევრი რამ შეცვალა. პირველ რიგში ის, რომ მარტო ჩემს თავს აღარ ვეკუთვნი, მყავს ცოლი და შვილი. როცა გადაწყვეტილებას ვიღებ, მარტო ჩემი თავისთვის არ ვიღებ. თუნდაც გუნდის გამოცვლაზე, ყოველთვის ოჯახს ვეკითხები, როგორ იქნება უკეთესი, ბავშვისთვის როგორ აჯობებს. მარტო როცა ვიყავი, მარტივად ვამბობდი კის. ცხოვრებასაც სხვა თვალით შევხედე, უფრო სერიოზული გავხდი, მეტი პასუხისმგებლობა მაქვს როგორც მამას, როგორც მეუღლეს", - ამბობდა ბუდუ ზივზივაძე ქალიშვილის, შაი ზივზივაძის შესახებ.
ნინი კვერნაძემ არაერთ ინტერვიუში ისაუბრა საკუთარი ცხოვრების შესახებ და აღნიშნა, რომ ახლა საკუთარი საქმე არ აქვს, რადგან ბუდუს პროფესიის გამო ხშირად უწვეთ საცხოვრებლის შეცვლა, რაც კარიერის შექმნას ართულებს. გარდა ამისა, წყვილს მცირეწლოვანი ქალიშვილი, ყველასთვის უკვე კარგად ნაცნობი და საყვარელი შაი ჰყავს. ნინი ამბობდა, რომ ცხოვრების ამ ეტაპზე მთლიანად შაის აღზრდითაა დაკავებული.