საქართველო 2026 წლის „ოსკარზე" - ია სუხიტაშვილი, დათა ჩიჩუა, მალხაზ აბულაძე... - რას გვიყვება ფილმი „პანოპტიკონი“ - Marao

საქართველო 2026 წლის „ოსკარზე" - ია სუხიტაშვილი, დათა ჩიჩუა, მალხაზ აბულაძე... - რას გვიყვება ფილმი „პანოპტიკონი“

2025-09-19 14:12:01+04:00

მოკლე აღწერაში ვკითხულობთ, რომ ეს არის რეჟისორი/სცენარისტი გიორგი სიხარულიძის სადებიუტო მხატვრული ფილმი, „პანოპტიკონი“, რომელიც წარმოადგენს ქართულ-ფრანგულ-რუმინულ-იტალიურ კოპროდუქციას და იკვლევს მოზარდთა სექსუალობასა და ქრისტიანულ ფუნდამენტალიზმს პოსტსაბჭოთა საქართველოში.

გიორგი სიხარულიძე დაიბადა და გაიზარდა თბილისში, საქართველოში. 18 წლის ასაკში ის შეერთებულ შტატებში გადავიდა საცხოვრებლად, რათა ნიუ-იორკში გაეგრძელებინა სწავლა. მის მოკლემეტრაჟიან ფილმებს შორისაა „თევზი, რომელიც დაიხრჩო“ -2014, „წითელი ვაშლები“ ​- 2016, „ახალი წელი“ - 2017, „მამული“ – 2018. 

panoptikoni

„პანოპტიკონი“

„პანოპტიკონი“ მიხდვით, საბჭოთა ათეიზმის დასრულების შემდეგ, საქართველო მზარდი მართლმადიდებლური ქრისტიანობის ქვეყანაა. ამ ფუნდამენტალიზმში ფესვგადგმულია ახალი ფაშისტური ორგანიზაციები, რომლებიც კონსერვატიულ ღირებულებებს ნაციონალიზმში, რელიგიასა და სექსუალობაში ამკვიდრებენ. ერთ-ერთი ასეთი ბრძოლაა მუსლიმი ემიგრანტების მიერ მართული სექს-კლუბებისა და ბორდელების წინააღმდეგ, რომლებიც გამოსავალს სთავაზობენ ქართველ ახალგაზრდებს ქვეყანაში, სადაც ქორწინებამდე სექსი გოგონებისთვის რელიგიური ტაბუა, ხოლო ბიჭებისთვის -კულტურული ვალდებულება. 

მოქმედება 2018 წლის საქართველოში ვითარდება. მთავარი პერსონაჟი,16 წლის სანდრო (დათა ჩაჩუა), საკუთარი იდენტობისა და ფასეულობების ძიების პროცესშია. ის განსხვავებული და ზოგჯერ რადიკალური იდეოლოგიური თუ კულტურული ნორმის გავლენას გამოცდის.

„პანოპტიკონში მოთხრობილი ისტორია მნიშვნელოვანია ქართული საზოგადოებისთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ სხვა ბევრი საზოგადოებისთვისაც. ბევრგან ნაციონალიზმი, ნაციზმი, ფაშიზმი, რელიგიური შეუწყნარებლობა ხელახლა იჩენს თავს და ეს ყველაზე დიდ გავლენას ახდენს მოზარდებზე, რადგან სწორედ ამ ასაკში ყალიბდება პიროვნება. ფილმი მნიშვნელოვან გზავნილს შეიცავს ახალგაზრდებისთვის, რომლებმაც შეიძლება დაინახონ პარალელები და იფიქრონ ზოგიერთ რთულ საკითხზე“, - თქვა ფილმის პროდიუსერმა, ვლადიმერ კაჭარავამ.

ვლადიმერ კაჭარავასთან ერთად, ფილმის თანაპროდიუსერები არიან ოლივიე შანტრიო (საფრანგეთი), ანამარია ანტოჩი (რუმინეთი) და ლუკა კაბრიოლუ (იტალია). 

მთავარ როლებს ასრულებენ დათა ჩიჩუა, ია სუხიტაშვილი, მალხაზ აბულაძე და ვახტანგ კედელაძე.

რას მოგვითხრობს ფილმი „პანოპტიკონი“                                                                                                

„საქართველოში სხვადასხვა სერიალებში აქტიურად 14 წლიდან ვთამაშობ. ახლა ვარ 21 წლის. სრულმეტრაჟიან ფილმში ეს ჩემი დებიუტია. 

თავდაპირველად, როცა მე და გიორგი სიხარულიძე, რეჟისორი შევხვდით ერთმანეთს და გავიარეთ ის საკითხი, თუ ზოგადად ვინ არის სანდრო და რას წარმოადგენს, ჩემთან ეს პერსონაჟი ახლოს აღმოჩნდა მამამისთან მისი ურთიერთობიდან გამომდინარე. იმიტომ, რომ მეც არ მქონია და არც მაქვს კარგი ურთიერთობა მამაჩემთან. და ეს ხაზი, მამის ხაზი მისთვის [ჩემი გმირისთვის] ძალიან სენსიტიურია...

chichua

თავდაპირველად სანდრო ძირითადად აკეთებს ყველაფერს, რაც მამამისს უნდა. თუნდაც ფეხბურთზე დადის იმიტომ, რომ მამამისს უნდა; ლოცულობს იმიტომ, რომ მამამისს უნდა. ეს იმიტომ, რომ მამასთან უნდა ყოფნა, აკლია ყველა - დედა გვერდით არ ჰყავს, მამა გვერდით არ ჰყავს. ფაქტობრივად, ამითაც ახლოსაა ჩემთან. მეც დედაჩემთან და ბებიაჩემთან ერთად გავიზარდე. ასე რომ, პარალელები არის ჩვენ შორის”, - ამბობდა დათა ჩიჩუა „რადიო თავისუფლებასთან“ კარლოვი ვარიში ფილმის ჩვენების შემდეგ. 

2026 წელს „ოსკარის“ 98-ე დაჯილდოებაზე საქართველო საკონკურსო ფილმის სტატუსით გიორგი სიხარულიძის ფილმს, „პანოპტიკონს“ წარადგენს - ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.

გამარჯვებული ფილმი 16 სექტემბერს სპეციალური კომისიის წევრების მიერ ფარული კენჭისყრის საფუძველზე გამოვლინდა - კომისიის წევრების ვინაობას კინოცენტრი არ ასაჯაროებს. ოსკარზე გასაგზავნი ფილმის შესარჩევ კონკურსში საპროდიუსერო კომპანიებმა სულ ორი ფილმი წარადგინეს:

  • „ტერცო მონდო” – რეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი;
  • „პანოპტიკონი” – რეჟისორი გიორგი სიხარულიძე.