"ეს ბიჭი 30 წლის გახდა და მე ის ძალიან მიყვარს. ბედნიერი იყავი, სიყვარულო, იმიტომ, რომ ყველაზე მეტად იმსახურებ", - წერს უმშვენიერესი მოდელი, თაკო ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში და მეუღლესთან, ოთო ხუროძესთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს.
ნაცვლიშვილი ერთ-ერთი პირველი ქართველი მოდელია, რომელმაც მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან ითანამშრომლა. მოდელობა 14 წლის ასაკში დაიწყო ქართულ სამოდელო სააგენტო „ლუქმოდელს მენეჯმენტში“. მისი ბრწყინვალე სამოდელო კარიერა ბევრი გოგონასთვის საოცნებო და იმედისმომცემია. როგორც თავად ამბობს, არასდროს არავის აზრს ყურადღება არ უნდა მიაქციო, რადგან თუ რამე გულით გინდა, აუცილებლად გამოგივა. თაკო პირველი ქართველი მოდელია, რომელმაც მაღალი მოდის პოდიუმზე გზა გაიკვალა და ითანამშრომლა ყველა იმ პრემიუმ ბრენდთან, რომლებიც მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში ერთგვარ „ამინდს ქმნიან“.
კარიერის დასაწყისში მისით ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო სამოდელო სააგენტო Next Models-ი დაინტერესდა, რომელთანაც მალევე გააფორმა კონტრაქტი. სწორედ ამ კონტრაქტის გაფორმებას მოჰყვა მისი თანამშრომლობა ისეთ დიდ ბრენდებთან, როგორებიცაა: "ვერსაჩე", "არმანი", "ელი სააბი", "რალფ & რუსო", "ზუჰაირ მურადი", "დიორი", "ჩალაიანი", "იამამოტო" და სხვ.
მიუხედავად მსოფლიო ბრენდებთან თანამშრომლობისა და არაერთი წარმატებისა, სირთულეებიც მისი პროფესიის ნაწილია. „მოდა რთული სფეროა, წინააღმდეგობებით სავსე. თუ ყველგან ჩანხარ, აქტუალურობას არ კარგავ, ყველას ახსოვხარ. საკმარისია, წარმატებამ მოგადუნოს, რომ მეორე დღეს აღარავის ემახსოვრები. პოდიუმზე ტრიუმფი და ფიასკო ერთნაირი დოზითაა მოსალოდნელი. ამიტომ მოდა დაუნდობელი ინდუსტრიაა. ბევრი მოდელი ვიცი, ვინც "ჩაქრა". საკმაოდ დიდი სტრესია მოდელისთვის, რომელიც მაღალი მოდის კვირეულებზე გამოდიოდა, მასზე მოთხოვნა იყო და უცებ მისით არავინ ინტერესდება. ამ ფაქტორს ყოველთვის ვითვალისწინებ“ - ამბობს მოდელი ერთ-ერთ ინტერვიუში.
თაკოს სილამაზის საიდუმლო მისი აღნაგობა, გარეგნობა და, რა თქმა უნდა, ბუნებრივი სილამაზეა, რომლითაც ყველაზე გულგრილ ადამიანსაც კი მოხიბლავს. იტალიაში, საფრანგეთსა და საქართველოში პოპულარულ დიზაინერებთან თანამშრომლობს. მისი წარმატების ფორმულა მიზანდასახულობაა. როგორც თავად ჰყვება, ვარჯიშს დროს კვირაში რამდენჯერმე უთმობს და სწორად იკვებება.
თაკო ნაცვლიშვილს დიდი ოჯახი აქვს - ჰყავს მშობლები და 3 და-ძმა. მისი დედა ყველასთვის კარგად ნაცნობი მოდელი ნინა ცქიტიშვილია, მამა კი - ყოფილი კალათბურთელი ვატო ნაცვლიშვილი. თაკოს ძმამ, გუგამ, სწორედ მამის გზა აირჩია და საკალათბურთო კარიერას აშშ-ში ქმნის. თაკოს და, ანა ასევე დაინტერესებულია სამოდელო სფეროთი და უფრო მეტად ფოტოგადაღებებში მონაწილეობს. მათ კიდევ ერთი ძმა, ანდრია ჰყავთ, რომელიც ჯერ სკოლის მოსწავლეა.
თაკო ნაცვლიშვილმა 2023 წლის 27 მაისს იქორწინა რჩეულზე, ოთო ხუროძეზე. წყვილს რამდენიმეწლიანი სიყვარული აკავშირებდა, რომელიც იტალიაში, ქალაქ რომში დაგვირგვინდა. ჯვრისწერა San Salvatore ai Monti-ში, ქართულ ეკლესიაში შედგა.
წვეულება და ხელის მოწერა კი ლაციოში, Castello Orsini-Odescalchi-ში გაიმართა. ცერემონიას ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ. თაკოს ამერიკელი დიზაინერის, Vera Wang-ის უმშვენიერესი კაბა ეცვა.