ფრანგი ფეხბურთელი უსმან დემბელე 1997 წლის 15 მაისს დაიბადა. მისი გზა ბავშვობიდან ჩემპიონთა ლიგისა და ოქროს ბურთის ტრიუმფამდე არა მხოლოდ სპორტული ამბავია, არამედ მოთმინების, შრომის და თავდადების მაგალითიც.
დემბელე ნორმანდიაში, ვერნონში გაიზარდა. მისი ოჯახი აფრიკული ფესვებით გამოირჩევა – დედა სენეგალო-მავრიტანული წარმოშობისაა. ფეხბურთისადმი სიყვარული ადრეული ასაკიდანვე გამოამჟღავნა და საფეხბურთო აკადემიაში მალე გახდა გამორჩეული ტალანტი.
მისი პროფესიული კარიერა საფრანგეთის კლუბ „რენში“ დაიწყო, სადაც სისწრაფითა და ტექნიკით მიიპყრო ყურადღება. მალევე გადავიდა გერმანულ „ბორუსია დორტმუნდში“, სადაც ახალგაზრდა ფრანგმა თავი განსაკუთრებით წარმოაჩინა.
დორტმუნდში წარმატებული სეზონის შემდეგ, დემბელე ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერის შედეგად გადავიდა „ბარსელონაში“. თუმცა კატალონიურ კლუბში მის კარიერას ხშირად აფერხებდა ტრავმები, რამაც მის პროგრესს ხელი შეუშალა.
2023 წელს დემბელე „პარი სენ-ჟერმენში“ გადავიდა. პარიზულმა კლუბმა მასში აღმოაჩინა მთავარი შეტევითი იარაღი, რომელიც სწრაფად იქცა გუნდის ერთ-ერთ ლიდერად. მან კლუბთან ერთად 2024-2025 წლის სეზონზე მოიგო ლიგა 1, გახდა საფრანგეთის თასის მფლობელი, მოიგო უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა, გახდა ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი ჩემპიონი და უეფა-ს სუპერთასის მფლობელი.
2025 წლის 22 სექტემბერს, დემბელე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს და გადასცეს ოქროს ბურთი (Ballon d’Or). ეს იყო უდიდესი აღიარება მისი კარიერისთვის. ტიტული, რომელიც მან მოიპოვა „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად მოპოვებული ტრიუმფების წყალობით. გასული სეზონი დემბელესთვის განსაკუთრებული იყო. PSG-მ ისტორიაში პირველად მოიგო ჩემპიონთა ლიგა, დომინანტურად დაისაკუთრა საფრანგეთის ჩემპიონატი და მოიგო სხვა ტიტულებიც. დემბელე გუნდის გმირი გახდა თავისი გოლებით, ასისტებითა და ლიდერული თვისებებით.
"მათ თქვეს, რომ მე დავამთავრე. დაცემისას იცინოდნენ, მეძახდნენ მყიფე, ტრავმისკენ მიდრეკილს, გაფლანგულ ნიჭს. რაც მათ არ უნახავთ, ეს იყო ღამეები, როდესაც სიჩუმეში ვტიროდი, ტკივილი, რომელსაც ვატარებდი, მომენტები, როდესაც თითქმის დავნებდი. მათ არასდროს უნახავთ რეაბილიტაციის საათები, მარტოობა, ეჭვები, რომლებიც ცდილობდნენ ჩემს გატეხას. ეს ბურთი არ არის მხოლოდ თასი - ეს გადარჩენის სიმბოლოა. ყოველმა ნაიარევმა, ყოველმა წარუმატებელმა, ყოველმა უძილო ღამემ აქ მომიყვანა ეს ოქროს ბურთი კაშკაშებს, მაგრამ ჩემი მოგზაურობა სიბნელეში აშენდა. ვისაც გჯეროდათ ჩემი - ეს თქვენთვისაა. და ვისაც ეჭვი ეპარებოდა... მადლობა, თქვენ მე გამაძლიერეთ" - წერდა დემბელე ოქროს ბურთის მოგების შემდეგ.
უსმან დემბელე მუსლიმია და რწმენას მნიშვნელოვან ადგილს უთმობს. 2021 წლის დეკემბერში დაქორწინდა რიმა ედბუშზე, რომელიც ცნობილია, როგორც მუსლიმი ინფლუენსერი. მას instagram-ზე 190 ათასამდე გამომწერი ჰყავს. წყვილს 2022 წლის სექტემბერში ქალიშვილი შეეძინა. დემბელე ხშირად აღნიშნავს, რომ ოჯახი მისთვის ყველაზე დიდი მოტივაციაა.