გუჩი გაუგებარი და უფერული გახდა, ხოლო მისი ახალი დიზაინერი, დემნა, სწორედ იმ იმედით დაიქირავეს, რომ სიცოცხლე შემოიტანოს.
მილანის მოდის კვირეული დემნას გუჩით გაიხსნა. ბრენდმა ტრადიციულ პოდიუმს თავი დაანება და პრეზენტაციის ფორმატად არტისტული ფილმი აირჩია, რომელიც ონლაინ ერთი დღით ადრე გავრცელდა. ეს იყო ეფექტური სვლა, რომელიც მოულოდნელი ალბომის გამოშვებას ჰგავდა. ფილმი, რომელიც რეჟისორებმა სპაიკ ჯონზმა და Babygirl-ის ავტორმა ჰალინა რეინმა გადაიღეს, მოგვითხრობს გამოგონილ პერსონაჟზე - ბარბარა გუჩიზე, "გუჩის პრეზიდენტსა და კალიფორნიის შტატის მმართველზე", რომლის როლსაც დემი მური ასრულებს.
ფილმი, დემნას თქმით, ასახავს საზოგადოების დაუღალავ სწრაფვას იდეალურობისკენ და იმ რეალობას, თუ რამდენად მიუღწეველია ეს იდეალი. ფილმის საშუალებით წარმოდგენილი პერსონაჟები ნარცისი, წვეულების მოყვარული დივა, ერთდროულად ასახავენ ბრენდის შიგნით არსებულ დინამიკას, ირონიასაც და სიყვარულსაც.
საბატო დე სარნო წელს მოულოდნელად გამოეთხოვა გუჩის კრეატიული დირექტორის პოზიციას. მისი თავშეკავებული, მინიმალისტური ურბანული სტილი, რომელიც კრიტიკოსებმა მშვიდად მიიღეს, ფართო აუდიტორიისთვის მალევე უღიმღამოდ და არაფრით გამორჩეულად აღიქმებოდა.
მის ნაცვლად ბრენდმა გუჩის სათავეში დემნა მოიწვია. დიზაინერი, რომლის ხელწერაა მასიური, უსახური სილუეტები და სკანდალური შოუები. საკმარისია გავიხსენოთ ბალენსიაგას ჩვენებები ან კიმ კარდაშიანის ლუქები.
ეს თამამი გადაწყვეტილება სრულიად აცდენილია იმ კონსერვატიულ ესთეტიკას, რომელსაც გუჩი წლების განმავლობაში იყენებდა. ბრენდის, რომელიც ცნობილია ელეგანტური ჩანთებითა და კლასიკური ტყავის ლოფერებით. თუმცა, როგორც ჩანს, ა სწორედ ასეთი რისკიანი ნაბიჯი გახდა საჭირო, რათა გუჩი გაყიდვების ვარდნისგან გადაარჩინოს.
ფილმის პრემიერამდე, რომელიც მილანის საფონდო ბირჟაში დროებით მოწყობილ კინოდარბაზში გაიმართა, დემნა უალკოჰოლო შამპანურს სვამდა და გუჩის მომავალზე საუბრობდა. მისი თქმით, მიზანი იყო ბრენდის მომხიბვლელობის თავიდან განსაზღვრა. „თუ გუჩი ადამიანი იქნებოდა, ის იქნებოდა თამამი ხასიათის, სახალისო, მაგრამ ჭკვიანი, ძლიერი ხედვით და ცხოვრებისგან სიამოვნების მიღების სურვილით“, - აღნიშნა დიზაინერმა.
დემნას ხედვით, გუჩის ხატოვანი იდენტობა ერთნაირად ეყრდნობა როგორც რიდლი სკოტის 2021 წლის ბიოგრაფიულ ფილმს ბრენდზე, ასევე თავად ბრენდის ისტორიულ არქივს- აბრეშუმის შარფებს, ბამბუკის სახელურიან ჩანთებსა და კლასიკურ ნივთებს.
„გუჩი არატრადიციული ისტორიაა — როგორ გადაიქცა ერთი დისფუნქციური ოჯახი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ბრენდად“, - თქვა დემნამ, რომელიც პრემიერაზე დედასთან ერთად გამოცხადდა. „საკუთარ თავსაც დისფუნქციური ოჯახიდან გამოვდივარ და ეს თემა - როგორია ოჯახი, იდეალური თუ არასრულყოფილი — ერთ-ერთი ასპექტია იტალიური კულტურის, რომელიც განსაკუთრებით მიზიდავს" — დასძინა მან.
აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი გუჩის კოლექციის წარმდგენი მატილდა გვარლიანიც იყო.
ახალი 37 ლუქი, რომელიც დაუყოვნებლივ გაიყიდება გუჩის 10 მაღაზიაში, მათ შორის ლონდონის ბონდ სტრიტზე, კვლავ ცხადად ასახავს გუჩის იდენტობას. ბამბუკის სახელურიანი ჩანთები და აბრეშუმის ბლუზები კვლავ დომინირებს, ხოლო ბალენსიაგას პერიოდის მძიმე, აგრესიული ენერგია პარიზში დატოვა. თუმცა, დემნამ მაინც იპოვა საინტერესო ენერგია ახალ მოდის სახლში. თავსაფრები, რომლებიც შეიძლება იყოს როგორც გუჩის სტილი, ასევე დემნას, როგორც აღმოსავლეთ ევროპის ქუჩის მოდის ელემენტი, და მძლავრად გამოჩენილი ლოგოები - რომლებიც გუჩიში შეიძლება ბურჟუაზიულად მოგვეჩვენოს, მაგრამ ბალენსიაგაში პროვოკაციული სტილი იყო.
მოდის სამყაროში დემნას პირველი ნაბიჯები გუჩის სათავეში აღიქვეს, როგორც „ახალი ეპოქის დასაწყისი“. ექსპერტების თქმით, კოლექცია წარმოადგენს კომბინაციას გუჩის კლასიკური ელემენტებისა და დემნას გამორჩეული, თითქმის არტისტული ხედვისა. მათ შორის აღინიშნა ბამბუკის სახელურიანი ჩანთების, აბრეშუმის ბლუზების და თავსაფრების დახვეწილი სინთეზი, რომლებიც ერთდროულად ასახავენ ბრენდის ტრადიციას და დემნას ურბანულ, ხშირად პროვოკაციულ ესთეტიკას.
WWD-ის მიმოხილვის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ დემნას გუჩი „ჭკვიან იუმორს და თვითშეგნებას ატარებს“, და მიუხედავად თამამი ექსპერიმენტებისა, კოლექცია მაინც ცოცხლდება გუჩის იმ ფუნდამენტურ ცნებებზე, რაც ბრენდს აქამდე გააჩნია.