ხათუნა სამნიძე მოულოდნენლად პოლიტიკიდან გაქრა. ამის მიზეზი კი ვერაგი დაავადება სიმსივნე გახდა. მას რამდენიმე წლის წინ დიაგნოზი დაუსვეს. ხათუნა გერმანიში მკურნალობს და ცოტა ხნის წინ საკუთარ გვერდზე ემოციური პოსტი გააზიარა.
"დავბრუნდი სახლში. ის სუპერ ოპერაცია ვერ გამიკეთეს. ამიტომ პალატიდან ვერ მოგწერეთ, როგორც შეგპირდით. მაპატიეთ.
ხუთი ოპერაცია დამჭირდა გართულებების გამო. აზროვნება მიჭირდა და სიცოცხლის მეშინოდა. ასეთი გრძნობა არასდროს მქონია. დეტალების დაწერის მართლა მეშინია, ვერ გიზიარებთ, სრულად გაქრა მაშინ ჩემი ოპტიმიზმი. თითქოს გამტეხა იმ ტანჯვამ და დაუსრულებელმა საოპერაციო სივრცემ და პალატამ. მთელი თვე მხოლოდ ცას ვუყურებდი საწოლიდან და გამოსამშვიდობებელ ტექსტებზე ვფიქრობდი ასე იყო მთელი ივლისი. მერე ხანგრძლივი რეაბილიტაცია. მაგრამ…
ეს ჩვენს ხელში არაა! ჩაგხედავს თვალებში შვილი, ძალაგამოცლილ ხელს ჩაიხუტებს პატარა ძმის შვილი, გაგიბრაზდება ძმა, მოგეფერება მისი ცოლი, ხელებდაკაპიწებული ჩამოფრინდება და ნიუ-იორკიდან დასახმარებლად, სიურპრიზად თავზე დაგადგებიან საუკეთესო დაქალები, უამრავი ადამიანი მოგიკითხავს და სიყვარულს გამოგიგზავნის და…რა მოხდება? ბედნიერებისგან აცრემლებული თვალები და სადღაც მიჩქმალული იმედი ისევ ამოანათებს. და მუხლების კანკალით, მაგრამ მაინც გადადგამ პირველ ნაბიჯებს. თავიდან ისწავლი სიარულს. გეტკინება და მაინც გაიღიმებ ან კარგად შეიგინებ და განაგრძობ ბრძოლას!
გადავრჩი, დავბრუნდი და ვაგრძელებ ქიმიოთერაპიას. თქვენი ყველას გულშემატკივრობით, გამოგზავნილი ენერგიით და სიყვარულით გაძლიერებული ვუბრუნდები ბრძოლას, ამ ომს, რომელიც გახანგრძლივდა, მაგრამ აუცილებლად დასრულდება ჩვენი გამარჯვებით! არ ვარ მემარტო და ამიტომ ვიმარჯვებ" - წერს ხათუნა სამნიძე.
ხათუნა სამნიძე ქართველი პოლიტიკოსი, „საქართველოს რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრია. დაიბადა 1978 წლის 28 ნოემბერს. 1985-1995 წლებში სწავლობდა ბათუმის №1 საშუალო სკოლაში, 1996-1999 წლებში კი - ბათუმის ტექნიკური უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე. 1997-1999 წლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ადამიანის უფლებათა და საკონსტიტუციო საკითხთა მუდმივი კომისიის თანამშრომელი. 2004-2008 წლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი. 2010-2013 წლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდ სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს პროგრამირების კოორდინატორი; სამუშაო თემები - „ქალების გაძლიერება, უმცირესობების უფლებები, კონფლიქტები“. 2013 წელს "საქართველოს რესპუბლიკური პარტიის" მდივანი. 2013 წლიდან "საქართველოს რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე. 2014-2017 წლებში თბილისის საკრებულოს წევრი.
2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.