"გადავწყვიტე, ყველაფერი ამეხსნა, რა გავაკეთე და როგორ დავატრიალე ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ" - ალექსანდრე ზაზარაშვილის საოცარი ტრანსფორმაციის ამბავი - Marao

"გადავწყვიტე, ყველაფერი ამეხსნა, რა გავაკეთე და როგორ დავატრიალე ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ" - ალექსანდრე ზაზარაშვილის საოცარი ტრანსფორმაციის ამბავი

2025-09-25 11:49:17+04:00

"ყველა მეკითხება... ყველა ყოველთვის მეკითხება... აი, ჩემი პასუხი:

გადავწყვიტე სიტყვასიტყვით, ნაბიჯ-ნაბიჯ ამეხსნა, რა გავაკეთე ჩემი ცხოვრების შესაცვლელად და, არა, მე არა მხოლოდ გავიზარდე, არამედ ბევრი ვიშრომე. და თუ მე ეს შევძელი, ვიცი, რომ შენც შეძლებ!

გადავწყვიტე, ყველაფერი ამეხსნა ვიდეოში ზუსტად რა გავაკეთე და როგორ დავატრიალე ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ, ეს არ არის უბრალოდ გაზრდა, დიდი შრომა ჩავდე ჩემს ტრანსფორმაციაში და ახლა მინდა გაგიზიაროთ!" - წერს სოციალურ ქსელში ყველასთვის საყვარელი ახალგაზრდა მუსიკოსი, ალექსანდრე ზაზარაშვილი, რომლის ბოლოდროინდელი ტრანსფორმაცია მართლაც შთამბეჭდავია. 

  • "მთელი ოჯახისთვის დიდი შოკი იყო ჩემი ცვლილება, დედა ხელს მიჭერდა, ნუთუ მართლა ალექსანდრეაო" - ალექსანდრე ზაზარაშვილის გავლილი გზა

ალექსანდრე ზაზარაშვილი მეგობრებს უზიარებს ვიდეოს, სადაც საკუთარი გამოცდილების შესახებ საუბრობს: 

"დღეს ჩვენ ვისაუბრებთ, როგორ უნდა ვაკონტროლოთ ჩვენი ცხოვრება მაშინ, როცა გვგონია, რომ ყველაფერი ინგრევა. არ აქვს მნიშვნელობა, ეხება ეს თქვენ ჯანმრთელობას, თქვენ თავდაჯერებულობასა თუ კარიერას, ეს ვიდეო არის იმაზე, თუ როგორ უნდა ავაშენოთ საკუთარი ცხოვრება ნულიდან. 

ადამიანები ფიქრობენ, რომ ცვლილებებისთვის საჭიროა დაველოდოთ კონკრეტულ მომენტს ან მოტივაციას. ფიქრობენ, რომ იდეალური კვების რაციონის, იდეალური ბიზნეს გეგმის ან იდეალური სავარჯიშო რუტინის გარეშე არაფერი გამოვა. 

როცა თავს დაკარგულად გრძნობ, მხოლოდ პატარა ნაბიჯის გადადგმაა საჭირო", - ამბობს ალექსანდრე ვიდეოში, რომლის სრულად ნახვა მის გვერდზე შეგიძლიათ. 

zazarashvili

ალექსანდრე ზაზარაშვილის ბიოგრაფია 

ალექსანდრე ზაზარაშვილი ფართო საზოგადოებამ პროექტით "ნიჭიერი" გაიცნო. პატარა ბიჭის საოცარი ხმა მალევე შეიყვარა მსმენელმა და მის გულშემატკივრად იქცა. ალექსანდრე ხშირად მონაწილეობდა სხვადასხვა დიდ თუ მცირე კონკურსა და პროექტში, მოგვიანებით კი ბედი საზღვარგარეთ, უკრაინაში სცადა. იქ მოპოვებულმა გამარჯვების სიხარულმა კი მთელი საქართველო მოიცვა. 

  • "ბევრჯერ გამითიშავს ტელეფონი და მიტირია... ოთხი წელი არ ვიყავი საქართველოში ნამყოფი, ბოლო წუთამდე არ მეგონა, რომ მართლა მოვდიოდი" - ალექსანდრე ზაზარაშვილი ამერიკული ცხოვრებისა და სამშობლოში დაბრუნების შესახებ

მოგვიანებით, 2020 წელს ალექსანდრე აშშ-ში წავიდა, სადაც არაერთ ცხოვრებისეულ თუ კარიერულ პრობლემასთან მოუწია გამკლავება. ამას თან დაერთო გარდატეხის ასაკი და ხმის ცვლილება. მაშინ ალექსანდრეს ცხოვრებაში გამოჩნდა ძალიან ცნობილი პროდიუსერი დეივ შონვეტერი, რომელიც ახალგაზრდა მომღერალს სირთულეების დაძლევასა და წინსვლაში დაეხმარა. 

ახლა ალექსანდრე ზაზარაშვილი საქართველოში იმყოფება, მშობლიურ მხარეში, გორში სოლო კონცერტისთვის ემზადება და წინ კიდევ დიდი გეგმები აქვს. 

"სამი წლის ვიყავი, როცა სიმღერა დავიწყე. ჩემი და დადიოდა ჩვენი სოფლის გუნდში, დედამ წამიყვანა უბრალოდ დასასწრებად. დედას კალთაში ვეჯექი, როცა მეც ავყევი და დავიწყე სიმღერა, მასწავლებელმა მაშინვე შეამჩნია და მეც ამიყვანეს გუნდში. 

9 წლის ვიყავი, როცა  "ნიჭიერში" გამოვედი, ნახევარფინალში გადავედი. ეს იყო ჩემი პირველი მასშტაბური გამოჩენა. შემდეგ "რანინაშიც" მივიღე მონაწილეობა, აქაც ნახევარფინალამდე მივედი. მანამდე ბულგარეთშიც ვიყავი კონკურსზე, იქ შემამჩნია პროდიუსერმა და ამიტომ წავედი შემდეგ უკრაინაში. კონკურსების დიდი ტრავმა მაქვს გამოვლილი, სხვა თემაა რა დამიტოვა ამ კონკურსებმა. 

  • "რადგან ალექსანდრეს უბრალო მშობლები ჰყავს, საქართველოში არ აფასებდნენ" - რას ჰყვება ზაზარაშვილის დედა, რომელიც ალექსანდრეს გარდა 4 ნაშვილებ ბავშვს ზრდის

როცა ამერიკაში ვარ, ყველაზე ძალიან ოჯახის წევრები მენატრება. როცა ამერიკაში ჩემი ქართველი ნაცნობობები ამბობდნენ, ბოლოს მაინც საქართველოში წავალთო, არ მესმოდა, მაგრამ ხუთი წლის შემდეგ პირველად რომ დავბრუნდი, მეც მივხვდი და ვიგრძენი, რასაც გულისხმობდნენ. 

მომწონს ამერიკის ტემპი, ერთ წამში გადის ერთი საათი. თუ ორი წუთით გავჩერდი, მგონია, რომ ცხოვრება გადის და მე ერთ ადგილას ვარ. საქართველოშიც დავგეგმე კონცერტი, აქაც ვცდილობ რაღაცების გაკეთებას, მაგრამ დრო აქ ძალიან ნელა გადის. საქართველოში რომ ჩამოვდივარ, აქ თავს სტუმრად ვგრძნობ. ძალიან მიყვარს აქაურობა, მგონია, რომ ყველა კუთხე რაღაც საიდუმლოს ინახავს, ემოციებით ვივსები", - ამბობდა ალექსანდრე ზაზარაშვილი თათია სულუაშვილის გადაცემაში "თათიას გმირები".