ინოლა გურგულიას ქალიშვილი, მსახიობი ია შუღლიაშვილი მარჯანიშვილს თეატრის მსახიობია. წარმატებული თეატრშიც და კინოშიც, მსახიობი ყოველთვის გამოირჩევა დასამახსოვრებელი როლების სიმრავლით. დედის სიმღერებსაც მღერის და მის ანდერძს ასრულებს - იმღერეთ ჩემი სიმღერები, რომ მე ცოცხალი ვიყოო.
იამ ნიჭიერთა მუსიკალური ათწლედი დაამთავრა. კონსერვატორიაში აბარებდა, როცა შეიტყო, რომ თურმე დედას უნდოდა, ია მსახიობი გამოსულიყო, ამიტომ თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარა. მარჯანიშვილის თეატრში ინსტიტუტის დამთავრებიდან დღემდე უამრავ სპექტაკლში ითამაშა.
ია შუღლიაშვილის კარიერა დედის დამსახურებაა - სწორედ დედას უნდოდა, რომ შვილი მსახიობი გამოსულიყო. ამიტომ, იამ სკოლის დამთავრების შემდეგ კარიერაზე ფიქრი დაიწყო. მაშინ ინოლა გურგულია უკვე გარდაცვლილი ყო, იამ კი დედას სურვილი შეუსრულა.
"მსახიობობა რომ გადავწყვიტე, უკვე სკოლას ვამთავრებდი. ბევრ ინტერვიუში მითქვამს, რომ ეს დედას სურვილი იყო: სწორედ დედაჩემს - ინოლა გურგულიას სურდა, რომ მსახიობი გავმხდარიყავი. მართალია, მაშინ ინოლა უკვე გარდაცვლილი იყო, მაგრამ მის სურვილს გვერდი ვერ ავუარე. საკმაოდ ჩაკეტილი ბავშვი ვიყავი, ეს პროფესია გახსნის და უფრო ხალისიანს გახდისო, ამბობდა დედა. ეს სიტყვები გულში ჩამრჩა და როგორც ანდერძი, ისე შევასრულე. " - ამბობდა ია.

მის ძალიან საინტერესო ინტერვიუს ჟურნალი "თბილისელები" გვთავაზობს:
– როგორია თქვენთვის საოცნებო ცხოვრება?
– ასაკთან ერთად, სიმშვიდეს ვანიჭებ უპირატესობას. მინდა, მშვიდად ვიყო, რომ ჩემი საქმე კარგად ვაკეთო. კომფორტში ვიყო საკუთარ თავთან და გარშემო მყოფებთან. მოგეხსენებათ, ცოტა არეულ დროში ვცხოვრობთ და ეს აუცილებელია.
– რას გააკეთებდით, ახლა ლატარიაში რომ ბევრი მილიონი მოიგოთ?
– არ მინდა ლატარიაში მოგება. რეალურად რომ მქონდეს დიდი თანხა, მერე დავგეგმავდი როგორ დამეხარჯა, ასეთ თემებზე არ ვოცნებობ. რაც გამაჩნია, იმით ვკმაყოფილდები. რა თქმა უნდა, მაქვს მეტის სურვილი, მაგრამ არა ძალიან გადაჭარბებული.
თუ იქნება ასეთი რამ, პირველ რიგში, ძალიან ბევრ ადამიანს დავეხმარები. ზოგადად, ამ ტიპის ოცნებები არ მახასიათებს, თორემ კონკრეტული გეგმები – როგორ არა.
– გიოცნებიათ, რომ მსოფლიოს მასშტაბით ყოფილიყავით ძალიან ცნობილი ადამიანი?
– საერთოდ, ცნობადობა ჩემი მიზანი არ არის, უბრალოდ, საქმე, რომელსაც მე ვაკეთებ, პროცესში თავისთავად გხდის ცნობადს. მსოფლიოს მასშტაბის ცნობადობა, ალბათ, სასიამოვნოა, იმიტომ, რომ ყველასთვის მისაღები ხარ, თუმცა, არა იმიტომ, რომ პრივილეგიები გქონდეს. მეორეს მხრივ, მგონია, რომ ეს ტვირთიცაა. მსოფლიო ცნობადობას მირჩევნია, მსოფლიო მოვიარო.
– წარსულიდან რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე მცდარ ნაბიჯად?
– არის რაღაც, რასაც ნაწილობრივ ვნანობ, მაგრამ ალბათ, ეს ჩემი ხასიათია და სხვანაირად ვერც იქნებოდა. საქმე ისაა, რომ ზედმეტად მორიდებულობა არ არის კარგი. არც ზღვარგადასულობაა საჭირო და კარგი, მაგრამ ზედმეტი მორიდება, რაც ხელს გიშლის თამამი ნაბიჯების გადადგმაში, დამაბრკოლებელია. შეიძლება, ეს შემეცვალა ჩემს თავში, თუმცა, ალბათ, ვერ შევცვლიდი და ისეთივე დავრჩებოდი, როგორიც ვარ.
– რა გსმენიათ საკუთარ თავზე კარგიც და ცუდიც, რაც განსაკუთრებულად დაგამახსოვრდათ?
– ცუდი, ალბათ, მეგობრისგან დაუმსახურებელი ქმედება, რომ ვერ იგებ რამეს და ღამესაც გაგათენებინებს ფიქრში უსამართლობის განცდა. იმიტომ, რომ ყველაზე ახლობელს ეხება საქმე, თორემ უცხოსგან ასე არ გეწყინება.
რაც შეეხება კარგს, ეს უკავშირდება საქმეს, რაც გამიკეთებია. მიმიღია კარგი შეფასებები, ძალიან სადად და მარტივად, მაგრამ ზუსტად რომ ხვდები, როგორი გულით არის ნათქვამი. ვინმე რომ იტყვის, რა კარგია ია შუღლიაშვილი ამ ფილმში ამა და ამ ეპიზოდშიო, ხომ ძალიან მარტივად ჟღერს, მაგრამ ჩემთვის ბევრ რამეს მოიცავს.
– ყოველდღიური საქმეებიდან რისი კეთება გიყვართ?
– საერთოდ, ყველაზე მეტად სითბო, მზე და სიმღერა მიყვარს. სითბოში მზეც იგულისხმება და საყვარელი ადამიანების გარემოცვაც. სიმღერით კიდევ სულ ვღიღინებ – ხან მხიარულად, ხან სევდიანად, გააჩნია ჩემს იმჟამინდელ მდგომარეობას. რაც შეეხება ყოველდღიურ საქმეებს, ყველაფერს სიამოვნებით ვაკეთებ, რადგან ეს ჩემს საყვარელ ადამიანებს სჭირდებათ. საერთოდ, მიყვარს, როცა სახლი მოწესრიგებულია, ამიტომ, ამაზე მთელი გულით ზრუნვა ჩემთვის ჩვეულებრივი ამბავია. მაგალითად, მე არასდროს მერევა ტანსაცმლის კარადა. სპეციალურად არ ვაკეთებ, უბრალოდ, ასე გამოდის. ისე მაქვს დალაგებული და ისე ვიღებ ნივთებს, რომ არ აირიოს, როგორც არ უნდა მეჩქარებოდეს. ყველაფერი თავის ადგილას უნდა მედოს, რომ სიჩქარის დროს ძებნა არ დამჭირდეს.
– რით ამაყობთ ყველაზე მეტად?
– ცხოვრებით, ჩემი არა, ზოგადად. მგონია, რომ ასეთი სიკეთე ადამიანმა უნდა გამოიყენოს და მისი მადლიერიც უნდა იყოს.